ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ძლიერ და სუვერენულ ევროპაში ძლიერი და სუვერენული უკრაინისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ანტონიო კოშტა, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„დღევანდელ დღეს, ოთხი წლის წინ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი და უკანონო აგრესიული ომი დაიწყო. ჩვენ პატივს მივაგებთ მამაც უკრაინელ ხალხს, რომელიც წინააღმდეგობის გაწევასა და საკუთარი ქვეყნის დაცვას აგრძელებს. რუსეთმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია. უკრაინელები თავიანთი გამბედაობითა და გამძლეობით კვლავ მტკიცედ დგანან“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ევროკავშირის მიზანი უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რომელიც მსგავსი მშვიდობის მიღწევისკენ არის მიმართული - მშვიდობის, რომელიც ღირსეულ და ხანგრძლივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამჟამად არსებულ რთულ საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ გარემოში, ხაზს ვუსვამთ უკრაინასთან ერთად ტრანსატლანტიკური და გლობალური სოლიდარობის შენარჩუნების მნიშვნელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტების ცნობით, ევროკავშირის ლიდერების მიერ უკრაინისთვის გადასაცემად დამტკიცებული 90 მილიარდი ევროდან პირველი ნაწილის გამოყოფა „რაც შეიძლება მალე განხორციელდება“.
„ჩვენ რუსეთზე ზეწოლის გაზრდა მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი. ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები მზად არიან უსაფრთხოების მტკიცე და საიმედო გარანტიების უზრუნველყოფაში თავიანთი წვლილი შეიტანონ, რათა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა ვეღარასდროს შეძლოს. უკრაინას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანებისა და ომისშემდგომი აღდგენის თვალსაზრისით ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, - აცხადებენ პრეზიდენტები.