ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ გიორგი ჯოხაძის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განმარტებით, ჯოხაძის მეუღლე, რომელიც დღეს სასამართლოში უნდა დაკითხულიყო, თუმცა, დაუცველობის შიშის გამო არ გამოცხადდა, ხვალ დაიკითხება.
როგორც ლიკა ბითაძე განმარტავს, ბოლო პერიოდში, სასამართლოსთან განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სადაც მიქაძეებისა და ჯანგველაძის მხარე ერთმანეთს არაერთხელ დაუპირისპირდა, მოწმეს უსაფრთხოების დაცვის განცდა არ ჰქონდა.
„დღეს უნდა დაკითხულიყო გიორგი ჯოხაძის მეუღლე, ელენე ძაძუა, მან გამოძიების ეტაპზე მზაობა გამოთქვა ჩვენების მიცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებდა ჩვენება მიეცა. ის ასევე მზად იყო დღეს დაკითხულიყო, თუმცა, ბოლო სამი პროცესის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მან ჩათვალა, რომ მისი უსაფრთხოება დაცული არ იქნებოდა. მოსამართლის განმარტება იყო, რომ უსაფრთხოება დაცულია და მომავალშიც დაცული იქნება. ბრალდების მხარემაც მოგვცა პირობა, რომ მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, ხვალ სასამართლოში გამოცხადდება",- ლიკა ბითაძემ.
ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.