უკრაინაში მიმდინარე ომის ოთხი წლის შედეგებზე უკრაინისა და რუსეთისთვის, ასევე აშშ-ს მიერ ომის დაწყების „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
- ბატონო ავთანდილ, ოთხი წლის წინ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო. მართალია, რუსეთში ამ ომს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ეძახიან, მაგრამ ფაქტია, რომ მეოთხე წელია რუსეთი ებრძვის უკრაინას.
ამ ოთხი წლის თავზე გარკვეულ შედეგებზე შეიძლება საუბარი როგორც რუსეთისთვის ისე უკრაინისთვის...
- ამ ოთხი წლის განმავლობაში მხარეებმა ძალიან დიდი რესურსები დახარჯეს, ორივე ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა, ასევე დემოგრაფიული სიტუაცია ძალიან ცუდი როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში.
უკრაინა-რუსეთის ომს გეოპოლიტიკური განზომილება აქვს. რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე აშკარად კარგავს პოზიციებს. დასავლეთის მიმართულებაზე შვედეთი და ფინეთი შევიდნენ ნატოში, სამხრეთ კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანში დაკარგა პოზიციები, აშშ-მ ახალ ეკონომიკურ პროექტებზე გააფორმა შეთანხმებები ერევანთან და ბაქოსთან, აშშ ასევე აქტიურად თანამშრომლობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ცენტრალური აზიის ქვეყნებში აქტიურობს ჩინეთი. თუ ადრე ამ რეგიონში ერთმანეთის კონკურენტები ჩინეთი და რუსეთი იყვნენ, ამ კონკურენციაშიც რუსეთი აშკარად აგებს და ახლა ამავე რეგიონში მას კონკურენციას აშშ უწევს.
უკრაინა-რუსეთის ომს გეოპოლიტიკური განზომილება აქვს. რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე აშკარად კარგავს პოზიციებს
რუსეთმა ამერიკის კონტინენტზე დაკარგა გავლენა ვენესუელაზე, თუ ასე გაგრძელდა, არაა გამორიცხული ხელისუფლების ცვლილება კუბაშიც მოხდეს. ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთისთვის ყველაზე მტკივნეული იყო ევროპის დაკარგვა. უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთის ბიუჯეტი გაზისა და ნავთობის გაყიდვით ივსებოდა. ევროპის ბაზრიდან რუსეთს რაღაც დარჩა, მაგრამ, ახლა რაც არის არ და ვერ შეედრება იმას, რაც ომამდე იყო.
თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ აშშ და ინდოეთი შეთახმდა იმაზე რომ ინდოეთი ნავთობს რუსეთიდან აღარ შეიძენს და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შეიძენს, რუსეთის ენერგორესურსების მომხმარებლად რუსეთს მხოლოდ ჩინეთი რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ომის წარმოებისთვის რუსეთს ნაკლები შესაძლებლობა ექნება.
- მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო მონაწილოება და ის პოზიციებს გაიზიარა, რომელიც ევროპას უკრაინის ომთან რუსეთის მიმართ აქვს, ამ საკითხში პეკინის პოზიცია კრემლისთვის საკმაოზე მეტად არასასიამოვნო იქნებოდა...
- დავოსის ფორუმზე გაფორმდა განხეთქილება აშშ-სა და ევროპას შორის. ამის მიზეზი იყო გრელანდიის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია. გრელანდიის საკითხში ტრამპის პოზიციამ ერთმანეთს დაახლოვა ევროპა და ჩინეთი, ასევე კანადა, ავსტრალია და კიდევ რიგი ქვეყნები.
ახლა ჩინეთი ცდილობს დაუახლოვდეს ევროპას და დაასუსტოს თავისი მთავარი კონკურენტი აშშ. გვახსოვს პრეზიდენტ მაკრონის ვიზიტი პეკინში და იმაზე საუბარი, რომ ევროპასა და ჩინეთს შორის უნდა იყოს ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური კავშირები.
- ვხედავთ, რომ ტრამპმა პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზეც კი ვერ დაითანხმა. პუტინი უკრაინაში ომს კი აგრძლებს, მაგრამ დონბასზეც ვერ დაამყარა სრულად კონტროლი.
პუტინი უკრაინაში წარმატებას ვერ აღწევს, მაგრამ უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაშიც შეიძლება მეტი პრობლემები შეექმნას. ამ ომში გადამწყვეტი როლის შესრულება შეეძლო ტრამპს, მაგრამ, ვხედავთ, რომ ტრამპი კიევისაგან რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
რუსეთის მიმართ ტრამპის პოლიტიკა ზოგჯერ გასაგებია, ზოგჯერ გაუგებარი. თქვენი დაკვირვებით, უკრაინა-რუსეთის ომთან მიმართებაში რა მიზნები აქვს აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს?
- ტრამპი ხშირად იმეორებს რომ მსოფლიო პოლიტიკაში ახლა მთავარია ენერგეტიკა და ხელოვნური ინტელექტი. ამისათვისაა საჭირო ნავთობზე დაბალი ფასები და ტექნოლოგიების განვითარება. ეკონომიკურ განვითარებას ასევე სჭირდება იშვიათი ლითონები. ამ თვალსაზრისით ტრამპის პოლიტიკა ლოგიკურია. რუსეთი საერთაშორისო ნავთობის ბაზარზე პოზიციებს კარგავს.
ამავე დროს ტრამპი ამშვიდებს პუტინს იმის გამო, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის დიდი მარაგი აქვს. ტრამპი ცდილობს დაამშვიდოს პუტინი რომ ამ უკანასკნელმა მას ხელი არ შეუშალოს გლობალური მიზნების მიღწევაში. ტრამპის მთავარი მიზანია აშშ-ს მსოფლიოში ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს. აშშ-თვის გეოპოლიტიკური პრიორიტეტია ამერიკის კონტინენტი და ახლო აღმოსავლეთი.
ტრამპი ცდილობს დაამშვოდოს პუტინი რომ ამ უკანასკნელმა მას ხელი არ შეუშალოს გლობალური მიზნების მიღწევაში. ტრამპის მთავარი მიზანია აშშ-ს მსოფლიოში ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს. აშშ-თვის გეოპოლიტიკური პრიორიტეტია ამერიკის კონტინენტი და ახლო აღმოსავლეთი
ის, რაც ახლა ირანთან დაკავშირებით ხდება, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვის. ამიტომ აშშ-თვის უკრაინის თემა მეორადი საკითხია.
- ირანში ომის სავარაუდოდ, დაწყების თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით. ტრამპი უკრაინისგან რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
ზელენსკი ევროპელებთან აქტიურად თანამშრომლობს და ცდილობს არ დაძაბოს ურთიერთობა ტრამპთან. ამის ფონზე ზელენსკი ამბობს - „ჩვენ დონბასიდან არსად წასვლას არ ვაპირებთ, ვიდგებით იქ, სადაც ვდგავართ“.
ახლა ისეთი პირი უჩანს, რომ დრო უკრაინელებზე მუშაობს, დრო უკრაინის მოკავშირეა იმ თვალსაზრისით რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, შეიარაღების თვალსაზრისით უპირატესობა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება.
როცა ასეთი ვითარებაა, ბრძოლის ველზე მოვლენათა განვითარების რა სცენარები შეიძლება არსებობდეს?
- ტრამპს რუსებისა და უკრაინელების დასუსტება აწყობს. ტრამპი ამ საკითხებს როგორც ბიზნესმენი უყურებს. მხედველობაში მაქვს ის რომ თუ მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ, ორივეს დასჭირდება ომით დანგრეული ეკონომიკების აღდგენა და ამ პროცესში მონაწილეობა მიიღონ ამერიკულმა კომპანიებმა.
სამშვიდობო პროცესში ჩართულია საინვესტიციო კომპანია BlackRock, ძალიან გავლენიანი კომპანიაა, რომლის თავმჯდომარე ლორენს დუგლას ფუნკი იყო დავოსის ფორუმის წამყვანი.
- თუ ისევ უკრაინა-რუსეთს ომს დავუბრუნდებით, ბევრი იმას პროგნოზირებს რომ რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინასთან ომის დიდხანს გაგრძელებას...
- ტრამპს ბევრჯერ აქვს ნათქვამი - „რუსეთი დიდია, მაგრამ ძალიან პატარა ეკონომიკა აქვსო“. რაც უფრო მეტად დასუსტდება ომში რუსეთი და უკრაინა, ტრამპს აწყობს. ასეა იმის გამო, რომ დასუსტებული რუსეთისგან და უკრაინისგან ამერიკული კომპანიები უფრო იაფად შეიძენენ რესურსებს და უფრო მომგებიანი კონტრაქტები ექნებათ.
ამიტომ, ტრამპს აწყობს რა უფრო მეტად დააზარალებენ მიმდინარე ომში ერთმანეთს უკრაინა და რუსეთი. ასე რომ ტრამპს ამ ორ ქვეყანას შორის ომის გაჭიანურება აწყობს.
- რადგან ამ თემას შეეხეთ, უნდა გკითხოთ - რუსული პროპაგანდა კარგა ხანია ამტკიცებს, რომ პუტინი ტრამპს რუსეთის 12 ტრილიონის რესურსებს სთავაზობს.
რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მტკიცებები?
- აბსოლუტურად უსაფუძვლო ფანტასტიკური პროექტებია ტრამპის სტილში. ამ თემაზე ბევრი თვლის რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს რომ მოატყუოს ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს რომ ამ უკანასკნელმა ყურადღება აშშ-თან ერთად ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე გადაიტანოს.
ტრამპს ჰყავს მაღალი კვალიფიკაციის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესეტი, რომელმაც კარგდ იცის რომ ასეთ პროექტებზე საუბრები არარეალისტურია.
ეს რომ ასეა, ამის კარგი მაგალითია ვენესუელა, მადურო კი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც ტრამპმა თეთრ სახლში მოიწვია ნავთობკომპანიების თავმჯდომარეები და შესთავაზა ბიზნესის დაწყება ვენესუელაში.
ტრამპი ათამაშებს პუტინს რომ ამ უკანასკნელმა ყურადღება აშშ-თან ერთად ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე გადაიტანოს
„შევრონის“ გარდა, ყველამ უარი უთხრა, მაგრამ, საქმე ისაა, რომ კომპანია „შევრონი“ მადუროს დაკავებამდეც მუშაობდა ვენესუელაში. სხვა კომპანიებმა უარი იმის გამო თქვეს, რომ ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში მათი დაცვის გარანტიები რეალურად არ არსებობს.
იგივე ვითარება იქნება რუსეთში, რადგან რა ერთობლივ ეკონიმიკურ პროექტებზე არ უნდა შეთანხმდნენ, არ არის გარანტია, რომ ინვესტიციები დაცული იქნება.
- დამკვირვებელთა უმრავლესობა ამბობს რომ რუსეთი ურთულეს ეკონომიკურ კრიზისშია. ასეთ ვითარებაში, სავარაუდოდ, კიდევ რამდენ ხანს შეძლებს რუსეთი უკრაინაში ომის გაგრძელებას?
- 2025 წელს რუსეთს ბიუჯეტში 8 ტრილიონი რუბლის დეფიციტი ჰქონდა, რაც დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება იმიტომ რომ რუსეთი ნავთობისა და გაზის ბაზრებს კარგავს, შესაბამისად ენერგომატარებლების გაყიდვიდან შემოსავლები მცირდება და დეფიციტი კიდევ გაიზრდება. რუსეთს ამ დეფიციტის დაფარვის შესაძლებლობა არ აქვს. ამიტომ, რუსეთმა უნდა იჩქაროს ომის უკრაინაში დასრულება. ახლა ყველაზე რეალისტურია თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა ჯერ კიდევ არარეალურია.
- შესაძლოა, პუტინისთვის ომის წარმოება პრობლემური იყოს, მაგრამ, თუ მშვიდობა დადგა, ამ შემთხვევაშიც საშინაო პოლიტიკაშიც ექნება პრობლემებიო. ყოველ შემთხვევაში, ახლა ამაზე ბევრი რუსი ექსპერტი საუბრობს.
ომის შეწყვეტის შემთხვევაში სავარაუდოდ, რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს პუტინის ხელისუფლებას?
- ახლა რუსეთში ისეთი რთული ეკონომიკური ვითარებაა, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას ხელისუფლებამ საშინაო პოლიტიკაში, ყველა შემთხვევაში ექნება პრობლემები.
თუ ომს გააგრძლებენ, ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება და კომპანიების გაკოტრება გაგრძელდება. რაც შეეხება იმას, რომ თუ ომი შეწყდა ფრონტიდან დაბრუნებულები ყაჩაღობას დაიწყებენ, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
მაგრამ, რუსეთს აქვთ საკმაოდ ძლიერი რეპრესიული აპარატი, ამიტომ ასეთი და ამ ტიპის პრობლემების მოგვარებას შეძლებენ. თუ ეკონომიკა ჩამოიშალა, მაშინ ქვეყანა უფრო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ამიტომ, პუტინს ახლა აქვს შესაძლებლობა შეწყვიტოს ცეცხლი და დაიწყოს ეკონომიკური პრობლემების ეტაპობრივად გადაწყვეტა და შედარებით უმტკივნეულოდ შეძლოს ფრონტიდან დაბრუნებული ვეტერანების ქუჩაში აქტიურობის დაძლევა.
ვიდრე რუსეთში რეპრესიული აპარატი ეფექტურია, ვეტერანებთან გამკლავება ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემა არ იქნება. თუ ეკონომიკა ჩამოიშალა, ფრონტიდან ვეტერანების დაბრუნებამ სავარაუდოა ქვეყანას პრობლემები შეუქმნას და დაიწყოს ისეთი პროცესები, როგორც 1917 წელს დაიწყო.
ვიდრე რუსეთში რეპრესიული აპარატი ეფექტურია, ვეტერანებთან გამკლავება ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემა არ იქნება. თუ ეკონომიკა ჩამოიშალა, ფრონტიდან ვეტერანების დაბრუნებამ ქვეყანას პრობლემები შეუქმნას და დაიწყოს ისეთი პროცესები, როგორც 1917 წელს დაიწყო. მაშინ რუსეთში რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარებაში ვეტერანებმა საკმაოდ დიდი როლი შეასრულეს
მაშინ რუსეთში რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარებაში ვეტერანებმა საკმაოდ დიდი როლი შეასრულეს.
- ახლა ბევრი იმაზე საუბრობს, რომ „პუტინი ჩიხშია“, მეტიც ზოგი ამბობს, რომ „პუტინი ორმაგ ჩიშია“. ერთი მხრივ ევროპასთან ურთიერთობაშია ჩიხში, მეორე მხრივ ჩინეთთან ურთიერთობაშია ჩიხში. გარდა ამისა, ვერა და ვერ ლაგდება ურთიერთობა აშშ-თან.
მიუხედავად ამისა, რუსეთის საშინაო პოლიტიკა არც დიდი და არ მცირე რყევები არ შეიმჩნევა. პუტინი ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას და მის ხელისუფლებას არაფერი ემუქრება. ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს?
- ამის მიზეზი ბევრია, გამკაცრებულია საზოგადოებაზე კონტროლი. ბლოკავენ მესინჯერებს, კონტროლი მეტად რეპრესიული ხდება.
ახლა ბევრი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საშინაო პოლიტიკაში რეპრესიების გამკაცრება არის იმისთვის მზადება, რომ კრემლში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას და თუ საზოგადოებას ამაზე რეაქცია ექნა, რეპრესიული მანქანა სრულად ამოქმედდება.
- იმის ფონზე, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, ქართულ საჯარო სივრცეში აქტიურად განიხილება მოსაზრება, თითქოს ტრამპს უნდა ვაშინგტონთან, პეკინთან და მოსკოვთან გაყოს მსოფლიო გავლენის სფეროებად.
თითქოს, ტრამპს უნდა პუტინს დაუბრუნოს სსრკ-ს სივრცეში რუსეთის გავლენა. არადა, რუსეთის ეკონომიკა ისეთ რთულ ვითარებაშია, რუსეთს დღეს თავისი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები იმდენი აქვს, ამაზდე საუბარი წარმოუდგენელიც კია.
ბარემ აქვე დავამატებ - როცა უკრაინაში ომის წარმოების გამო ევროპასთან ურთიერთობაში პუტინის რუსეთს პრობლემები აქვს, პეკინში კი ჩადის, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება რომ ჩინეთის ხელისუფლებაც აღარ ენდობა ბოლომდე, ვაშინგტონში ვერ ჩადის და ასე შემდეგ, სავარუდოდ, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ პუტინს საქართველოში იმაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს?
- სავარაუდოდ, ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში რუსეთის მიმართ შიში არსებობს. ადამიანებს ახსოვთ 2008 წლის აგვისტოში რუსული ქმედებები, მანამდე ის, თუ რა როლი შეასრულა რუსეთმა აფხაზეთის კონფლიქტში. ამას ემატება ის ისტორიული მეხსიერება რომელიც ჩვენ საზოგადოებას რუსეთის მიმართ აქვს. საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ 200 წელზე მეტ ხანს იყო.
როცა მსოფლიოს გავლენის სფეროებად გაყოფაზე საუბრობენ, ბევრს ავიწყდება, რომ ასეთი გავლენები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ამა თუ იმ დიდ მოთამაშეს აქვს ძლიერი ეკონომიკა და ამის გამოა იგი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი, ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ცენტრი. ახლა რუსეთის ეკონომიკა ისეთ მდგომარეობაშია, გარკვეული სივრცის რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნაზე საუბარი ზედმეტიცაა და წარმოუდგენელიც.
გავლენის სფეროებზე ფიქრი დღეს შეუძლია აშშ-ს და ჩინეთს. რაც შეეხება რუსეთს, ვხედავთ, რომ რუსეთი კარგავს არა მარტო ნავთობისა და გაზის ბაზრებს, გავლენას იმ ქვეყნებშიც კი, რომლებთანაც მას ტრადიციულად კარგი ურთიერთობები ჰქონდა.
გავლენის სფეროებზე ფიქრი დღეს შეუძლია აშშ-ს და ჩინეთს. რაც შეეხება რუსეთს, ვხედავთ, რომ რუსეთი კარგავს არა მარტო ნავთობისა და გაზის ბაზრებს, გავლენას იმ ქვეყნებშიც კი, რომლებთანაც მას ტრადიციულად კარგი ურთიერთობები ჰქონდა
გარდა ამისა, რუსეთი კარგავს თავის კვალიფიციურ მოქალაქეებს, რომლებიც ტოვებენ ქვეყანას და სხვა ქვეყნების ეკონომიკების ზრდაში იღებენ მონაწილეობას. ამ თვალსაზრისით, რუსეთში ახლა გასული საუკუნის 90-წლები მეორდება. ვგულისხმობ კვალიფიციური მოქალაქეების მიერ ქვეყნის დატოვებას.
- როცა უკრაინაში რუსეთის მიერ წარუმატებელ სამხედრო ოპერაციაზე საუბრობენ, ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყეტის შემდეგ, რუსეთმა, შესაძლოა, სამხედრო კომპანია დაიწყოს ან ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ, ანაც სამხრეთ კავკასიაში.
რამდენად საფუძვლიანია მტკიცებები რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში პუტინმა კიდევ ერთი ომი დაიწყოს?
- უსაფუძვლოა და ამ თემაზე საუბრები საინფორმაციო ომის ნაწილია. ბალტიის ქვეყნების, ანაც კავკასიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება გამორიცხული მგონია, უფრო რეალისტურად გამოიყურება საუბრები იმაზე, რომ არაა გამორიცხული რუსეთმა ბელორუსი შეიერთოს და ამით მოახდონის თავისი იდეების კომპენსირება. და ამ ნაბიჯით ერთგვარად დააშოშმინოს რუსეთის მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინაში ომის წარმოებას.
სხვათა შორის, მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარება, საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება.
- ახლა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა დაიწყებს თუ არა აშშ ომს ირანის წინააღმდეგ და რა შედეგი მოჰყვება ამას.
ცოტა ხნის წინ ნამდვილად არ მეგონა თუ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა, მაგრამ ახლა რასაც ვადევნებთ თვალს, მხედველობაში მაქვს ირანის ირგვლივ აშშ-ს სამხედრო ძალების გადასროლას, ისეთი პირი უჩანს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ საომარი მოქმედებების დაწყება გარდაუვალიც კია.
გასაგებია რომ ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის დაწყებაზე საუბარი არაა. აიათოლების რეჟიმი დასუსტებული კია, მაგრამ ირანი საკმაოდ დიდი ქვეყანაა და ძნელი იქნება იმ მიზნების მიღწევა, რაზეც ირანთან დაკავშირებით ახლა ხშირად ისმის..
სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ტრამპმა მიიღოს გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ დაიწყოს სამხედრო მოქმედებები?
- მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. აიათოლების რეჟიმს მიაჩნია რომ ტრამპი ვერ გაბედავს ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყებას. 12 დღიანმა ომმა გვიჩვენა, რომ ამერიკულ დარტყმებს ირანმა გაუძლო. ირანი თვლის რომ ამგვარ დარწყმებს ახლაც გაუძლებენ.
ვიცით რომ აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ამ მოლაპარაკებებს თეირანი დროის გაჭიანურების მიზნით იყენებს. ეს კი ტრამპს არ აწყობს. თეირანთან ბევრი მოლაპარაკება იყო, მაგრამ, ყველა უშედეგო იყო. როგორც ჩანს, აიათოლები თვლიან, რომ ტრამპი არ არის ისეთი ძლიერი, მისი ქცევაც მოჩვენებითია. აიათოლების რეჟიმისთვის მთავარია დარტყმებს გაუძლონ და არ დაკარგონ ხელისუფლება.
- ამ თემებზე მასალების გაცნობისას სადღაც წავიკითხე რომ ამერიკელები ირანის ჯარის ნაწილებს არ დაარტყამენ და მათი სამიზნე ისლამური გვარდიის კორპუსზე მიიტანენ იერიშს.
მაგრამ, ასეთი ქმედებები ირანში ხელისუფლების ცვლილებას გამოიწვევს?
- ჩემი დაკვირვებით, ამერიკელებს ასეთი გათვლა აქვთ - საჰაერო დარტყმების განხორციელების შემდეგ ირანელი ხალხი ქუჩაში გამოვა, მაშტაბური აქციები იქნება, ლიდერები ან დაღუპული იქნებიან, ან დაიმალებიან, ამით ხალხი ისარგებლებს და მოახდენს რევოლუციას. როგორც ჩანს, გათვლა ამგვარია.
ამერიკელებს ასეთი გათვლა აქვთ - საჰაერო დარტყმების განხორციელების შემდეგ ირანელი ხალხი ქუჩაში გამოვა, მაშტაბური აქციები იქნება, ლიდერები ან დაღუპული იქნებიან, ან დაიმალებიან, ამით ხალხი ისარგებლებს და მოახდენს რევოლუციას. როგორც ჩანს, გათვლა ამგვარია
მაგრამ, სახმელეთო ოპერაციის გარეშე ირანში ხელისუფლების ცვლილება ვერანაირად ვერ მოხდება. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნებიან ამ პროცესში ჩართული აშშ-ს და ისრაელის სპეცსამსახურები და შეძლებენ თუ არა ირანში რევოლუციის მოხდენას.
- აშშ-ირანთან ურთიერთობებში თავიდან თითქოს რუსეთი იყო ჩართული. თქვენი დაკვირვებით, ახლა, სავარაუდოდ, რა როლს შეიძლება ასრულებდეს ამ პროცესში პუტინი?
- შესაძლოა, რუსეთს ჰქონდა ტაქტიკური გათვლა იმაზე, რომ თუ ომი დაიწყება, ნავთობის ფასი დროებით გაიზრდება. რუსეთს აწყობს აშშ-სა და ირანს შორის და ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი ომი.
ასეთ შემთხვევაში ნავთობის ფასი გაიზრდება და ამით რუსეთის ეკონომიკას საშუალება მიეცემა გააგრძელოს ომი უკრაინაში. ტრამპს პირიქით, ირანში მოკლევადიანი და წარმატებული სამხედრო ოპერაცია სჭირდება.
- თუ ისევ უკრაინის თემას დავუბრუნდებით, უნდა ითქვას, რომ უკრაინა გააქტიურებულია ფრონტის ხაზზე, გარკვეული წარმატებებიც აქვს იქ, სადაც შესაძლებელია.
მანამდე იყო მოლოდინი რომ მაისამდე მოხერხდებოდა უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების ხელმოწერა. ახლა ვხედავთ, რომ თუ რამეზე შეიძლება იყოს საუბარი, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაა...
- დღევანდელი მონაცემებით, უკრაინა-რუსეთის ომი გაგრძელდება. მაგრამ, ახლა ყველა უცდის თუ რა მოხდება ირანში. იმაზე, თუ რა მოხდება ირანში დამოკიდებულია სავარაუდოდ, როგორ განვითრდება პროცესები სხვა კონფლიქტებში.
თუ ირანში რეჟიმის ცვლილება მოხდა, მაშინ პუტინი იძულებული იქნება დათახმდეს შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. ასეთ შემთხვევაში ჩინეთის სტრატეგიაც შეიცვლება.
თუ ირანში რეჟიმის ცვლილება მოხდა, მაშინ პუტინი იძულებული იქნება დათახმდეს შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. ასეთ შემთხვევაში ჩინეთის სტრატეგიაც შეიცვლება
მეორე სცენარი დაახლოებით ასე გამოიყურება - ახლო აღმოსავლეთში დაიწყება გრძელვადიანი კონფლიქტი, მასში ჩართული იქნებიან ტერორისტული ორგანიზაციები, ეს მსოფლიოში დიდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ნავთობის ფასი გაიზრდება. ამით ისარგებლებს ჩინეთი, რომელმაც არაა გამორიცხული დაიწყოს ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, რადგან აშშ ტაივანისთვის ვერ მოიცლის.
- ასეთ შემთხვევაში როგორ იმოქმედებს ევროპა - გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას?
- დიახ, გააგრძელებს, რადგან ევროპას სხვა გამოსავალი არ აქვს. უკრაინის არმია დღეს ფაქტიურად ევროპის არმიაა. დღეს ევროპას იცავს უკრაინა. უკრაინას წინააღმდეგობა რომ არ გაეწია რუსული ჯარის ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში შესვლა მოვლენათა განვითარების რეალისტური სცენარი იქნებოდა.
სანამ უკრაინა იბრძვის, ევროპა დაცულია. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - უკრაინას უნდოდა ნატოში თავის დასაცავად შესვლა, ახლა პირიქითაა - უკრაინა იცავს ევროპას რუსული აგრესიისგან. ამიტომაცაა, რომ ახლა ევროპა აფინანსებს უკრაინის არმიას, როგორც თავისას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი