როცა რუსეთი სუსტია, როცა შენი მტერი სუსტია, როცა შენს მტერს არ აქვს იმის უნარი, რომ რაღაცებზე გიპასუხოს, ეს მომენტი სტრატეგიულად უნდა გამოიყენო, გეოპოლიტიკური მოქმედების ანა - ბანაა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის ეს სისუსტე გამოიყენა იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყვნენ დამპყრობლისა და კოლონიზატორის ბოლო მარწუხებისგან, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა საფრანგეთის ელჩის საქართველოში, ოლივიე კურტოს, გერმანიის ელჩის საქართველოში პიტერ ფიშერისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩის გარეტ უორდის, რუსეთ-უკრაინის ომიდან მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
როგორც მან განაცხადა, დღეს აზერბაიჯანისა და სომხეთის უსაფრთხოების გარანტორი არის აშშ და არა რუსეთი.
„როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე საქართველოს სწორ პოზიციონირებაზე, როცა ელჩები ლაპარაკობენ საქართველოს სწორ პოზიციონირებაზე, ამაში, არცერთ ეტაპზე, არავის მხრიდან ნათქვამი არ ყოფილა ან რაიმე სანქციებზე მიერთება, ან სანგრების გახსნა და ფრონტის ხაზის გაკეთება. ეს არის თავიდან ბოლომდე მოსკოვში დაწერილი იდიოტიზმი, რომელსაც სალაფავად აჭმევენ ქართველ ხალხს და შიშებზე მოქმედებენ, შიშებზე, რომელიც ძალიან ბუნებრივია, იმიტომ, რომ საქართველოში სულ რაღაც 14 წლის წინ რუსული ინტერვენცია იყო. მაგრამ ამის მიღმა მინდა საქართველოს მოქალაქეებმა ერთი მაგალითი დაინახონ - როცა რუსეთი სუსტია, როცა შენი მტერი სუსტია, როცა შენს მტერს არ აქვს იმის უნარი, რომ რაღაცებზე გიპასუხოს, ეს მომენტი სტრატეგიულად უნდა გამოიყენო, გეოპოლიტიკური მოქმედების ანა - ბანაა. ამის მაგალითად იხილეთ სომხეთი და აზერბაიჯანი. რუსეთი დღეს ისეთი სუსტია, როგორი სუსტიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არცერთ ეტაპზე არ ყოფილა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის ეს სისუსტე გამოიყენა იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყო დამპყრობლის და კოლონიზატორის ბოლო მარწუხებისგან და დღეს აზერბაიჯანისა და სომხეთის უსაფრთხოების გარანტორი არის აშშ და არა რუსეთი. რუსეთი როგორი გარანტორია უსაფრთხოების, არ გინდათ უკრაინაში ნუ წახვალთ, ჩვენს რეგიონში, ჩვენს მეზობლად ნახეთ - რუსეთი რომელიც იყო უსაფრთხოების გარანტორი სომხებისთვის და თავისი ერთი მოკავშირისგან მეორე მოკავშირე ვერ დაიცვა, როცა საქმე ეხებოდა აგრესიას. რუსეთი ასეთია, მხდალია. ასეთი იყო ერეკლე მეორეს დროსაც და ასეთია დღესაც. და ეს მომენტი იმის მაგივრად, რომ გამოიყენო შენც, გათავისუფლდე საბოლოდ კოლონიური მარწუხებისგან, ამის საპირისპიროდ სამშობლოს გაყიდვას დაარქვეს პატრიოტიზმი „ქოცებმა“. სამშობლოს გაყიდვას და გაჩაჩანაკებას და მის მარგინალიზაციას უწოდეს მშვიდობა და დღეს საქართველო სამხედრო, ეკონომიკური თვალსაზრისით ისეა დამოკიდებული მის დამპყრობელზე და მტერზე, როცა ის არ ყოფილა დამოუკიდებლობის დღიდან არცერთ მომენტში. ეს არის რეალობა და სინამდვილე, რომლის დამახინჯებული ფორმითაც ცდილობს „ქართული ოცნება“ გაყიდოს საკუთარი ხელისუფლებაში ყოფნა“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ოლივიე კურტოს, გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩის გარეტ უორდის განცხადებით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვის გაგრძელებით, საერთაშორისო სანქციების დაცვისა და მათი გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებით.
როგორც ელჩები აღნიშნავენ, საქართველოს ასევე შეუძლია წვლილი შეიტანოს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტიდან იმპორტის თავიდან აცილების მცდელობების გაგრძელებით, რომელიც სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს და საზღვაო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება, ასევე ევროპაში სუვერენიტეტის პრინციპების დაცვა ხელს შეუწყობს საქართველოსთვის გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფას.