ლევან მახაშვილი ყულევთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის განცხადებაზე - თავი დაანებოს ჭორაობას და იმას მიხედოს, რისთვისაც არის მოვლენილი

ეს ადამიანი [პეტერ ფიშერი] ჭორიკანად გადაიქცა - თავი დაანებოს ჭორაობას და იმას მიხედოს, რისთვისაც არის მოვლენილი და რის გამოც არაერთხელ მიიღო შენიშვნა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ყულევთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ყულევის თაობაზე კონკრეტული მტკიცებულება წარადგინა და ამაზე გადაწყვეტილებაც მკაფიოა.

„ამ განცხადებას გავეცანი. ის უნგრეთსა და სლოვაკეთზე რაღაც აგდებული ტონით საუბრობს. არ ვიცი, რომელ ქვეყანაზე ნაკლები წარმოუდგენია ან ერთი ან მეორე ქვეყანა?! ყულევის თაობაზეც საუბრობს, რომ რაღაც მტკიცებულებები ჰქონდათ და ა.შ. ამის თქმა მიჭირს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ადამიანი, უბრალოდ, ჭორაობს - ჭორიკანად გადაიქცა, მით უმეტეს, ასეთ თემებთან დაკავშირებით. ეს დისკუსიები წესითა და რიგით, არის დახურული მოლაპარაკებები, სადაც ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხდება, შემდეგ კი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ, მან ჭორაობას თავი დაანებოს და იმას მიხედოს, რისთვისაც არის მოვლენილი და რის გამოც არაერთხელ მიიღო შენიშვნა. როგორც ჩანს, თავის საქმეს აგრძელებს. მეც და ჩემი კოლეგებიც ამ ადამიანთან რაიმე კონფრონტაციაში შესვლას მაქსიმალურად ვერიდებით, ზაფხულამდე რაღაცნაირად გავძლებთ მასთან ერთად და არ გვინდა, რომ ისე დავაზიანოთ, რომ ახალი ელჩის პირობებში შეუძლებელი იყოს ურთიერთობის აღდგენა. კი ბატონო, თუ უნდა, ჭორაობა გააგრძელოს, სხვა ყვითელ პრესასთან იჭორაოს ამ თემებთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ. ჩვენ ყულევის თაობაზე კონკრეტული მტკიცებულება წარვადგინეთ, თუ რა და როგორ შემოდის, რით შემოდის და სად გადის. ამაზე გადაწყვეტილებაც მკაფიოა," - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი. როგორც ელჩმა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე განმარტა, დასანქცირების საკანონმდებლო წინადადებასთან ერთად წარმოდგენილი იყო მტკიცებულებათა პაკეტიც. პეტერ ფიშერის განმარტებით, გუშინ ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტი უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოს გამო ვერ მიიღეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!