კახა კალაძე - ბევრჯერ მოვისმინეთ: უკრაინა ომობს და საქართველო უნდა შეგვეხიდოს, გაიხსნას „მეორე ფრონტი“ - გარე ძალებს სხვადასხვა ინტერესი აქვთ, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ინტერესი

გარე ძალებს, გარე აქტორებს აქვთ სხვადასხვა ინტერესი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ინტერესი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძის შეფასებით, ის, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ხელისუფლებაშია, ქართველი ხალხის არჩევანია და მმართველ პარტიას კი, პასუხისმგებლობა და ვალდებულება გააჩნია.

„ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ თუნდაც პირდაპირი განცხადებები იმასთან დაკავშირებით: უკრაინა ომობს და საქართველო უნდა შეგვეხიდოს, გაიხსნას „მეორე ფრონტი“ ქვეყანაში. მესმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, ყველა გამოდის თავისი ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საკუთარი სამშობლო, ქვეყანა, ხალხი. დღეს რომ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, ძალიან დიდი ვალდებულება - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პოლიტიკით, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები და რა თქმა უნდა, გარე ძალებს, გარე აქტორებს აქვთ სხვადასხვა ინტერესი ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ინტერესი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ უპასუხა გაერთიანებული სამეფოს ელჩის, გარეტ უორდის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი, „ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით და იმის უზრუნველყოფით, რომ რუსეთს არ ექნება წვდომა საბრძოლო მასალაზე და არ ექნება შემოსავალი მისი ნავთობიდან და გაზიდან“.

კალაძის თქმით, ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს პოლიტიკას, რითაც დაცული იქნება ხალხის და ქვეყნის ინტერესი.

„ამასთან დაკავშირებით იცით ჩვენი პოზიცია, დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. რატომ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც დააზიანებს პირობითად, ქართულ ეკონომიკას, მშრომელ ადამიანს, [დაზარალდებიან] ადამიანები, ვინც 24 - საათიან რეჟიმში ქმნიან რაღაცას, აკეთებენ რაღაცას, პროდუქციას, რატომ უნდა დავაზიანოთ ეს ადამიანები. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, სადაც პირველ რიგში დაცული იქნება ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!