არ მიკვირს, რომ ვიქტორ ორბანმა ამ პრორუსულ მთავრობას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენისას ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.
„ვწუხვარ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა სანქციები უფრო ადრე არ დააწესეს. ეს დიდი შეცდომა იყო. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებმა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებმა საბოლოოდ, შეიძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მმართველ ხელისუფლებას დაეკისრება“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
რასა იუკნევიჩიენემ გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსსა და ევროპარლამენტის წევრებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ასევე, უნდა გავიხსენოთ, რომ სახაროვის პრემიის ლაურეატი, მზია ამაღლობელი კვლავ ციხეშია. ჩვენ მისი და სხვების თავისუფლებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ. იმედი მაქვს, ბევრ შესწორებას წამოაყენებთ, რათა ეს ანგარიში კიდევ უფრო გაძლიერდეს დამატებითი მნიშვნელოვანი ელემენტებით“, - აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.