დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი - გაცილებით მეტი იურისტია ბაზარზე, ვიდრე მოთხოვნაა, ასე გაგრძელება არ შეიძლება - ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება ექიმები, ექთნები, მშენებლები, შემდუღებლები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის განცხადებით, შრომის ბაზარზე დასაქმების მსურველი მოქალაქეების ნაწილი ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაზეც ვაკანსიებია.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ბაზარზე დიდი მოთხოვნაა ექიმებზე, ექთნებზე, მშენებლებზე, შემდუღებლებზე, ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალზე.

„აუცილებლად გვჭირდება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები. ამ კვალიფიკაციის უკან კიდევ ძალიან ბევრი რამ დგას, -განათლება, გამოცდილება და ასე შემდეგ. განათლება უნდა იყოს ზუსტად იმ გამოწვევის საპასუხოდ, რაც ბაზარს სჭირდება. კვლევაში იყო მაგალითად იურისტებთან დაკავშირებით, რომ გაცილებით მეტი იურისტია, ვიდრე მოთხოვნა არის. ეს ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება ექიმები, ექთნები, მშენებლები, შემდუღებლები. ინჟინერ-ტექნიკური პერსონალიც გჭირდება, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. ენერგეტიკოსებიც გვჭირდება და ასე შემდეგ“, - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

მისი განმარტებით, შრომის ბაზარზე გამოწვევებია, რაც უკავშირდება დისბალანსს მოთხოვნა-მიწოდებას შორის. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დღეისთვის ზოგიერთი პროფესია აღარ არის საჭირო, რაც ჩვეულებრივი ამბავია.

„შეიძლება ადამიანს ეგონოს, შვილს განათლება მივეცი რომელიღაც უმაღლეს სასწავლებელში და დიპლომი ხომ აქვსო, მაგრამ ეს დიპლომი საკმარისი არ არის“, -განაცხადა მელაძემ. როგორც მან აღნიშნა, სასწავლებლებში მხოლოდ თეორიული სწავლება საკმარისი არ არის და საწარმოო პრაქტიკა არის არსებითი.

„სასწავლო დაწესებულებაში მიღებული ცოდნა აუცილებლად უნდა იყოს პრაქტიკაში ადაპტირებული, სადაც მაღალტექნოლოგიური ხაზებია, ინოვაციებია და ასე შემდეგ“, - განაცხადა მელაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!