წინ სპეცრაზმი იყო, მობილურით ვიღებდი, რა დროსაც მარცხენა მხარში მომხვდა ტყვია, რაღაც მომენტში მესმოდა გასროლის ხმებიც, - ამის შესახებ 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულმა ვახტანგ ბერიკაშვილმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა.
ბერიკაშვილს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს, მას, ამასთანავე, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული დავა მოგებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
როგორც მოწმე აცხადებს, ის 2019 წლის 20 ივნისს აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც რაღაც პერიოდი დაჰყო, შემდეგ კი კაფეში წავიდა და ისევ უკან დაბრუნდა, რა დროსაც დაშავდა.
„საპროტესტო აქცია დაანონსდა, საღამოს საათებში მივედი... როცა დავბრუნდი, არეულობა იყო. პარლამენტთან მარჯვენა მხრიდან მივედი, წინ სპეცრაზმი იყო, მობილურით ვიღებდი, რა დროსაც მარცხენა მხარში მომხვდა ტყვია, რაღაც მომენტში მესმოდა გასროლის ხმებიც, როგორც მახსოვს, ურთიერთსროლა მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებისა და პოლიციელების მხრიდან. რაც მომხვდა, ეს იყო დიდი ზომის ტყვია.
[გაფრთხილებაზე] პირადად არ გამიგია, არც ვიცოდი, რომ იქ დაშლა მიმდინარეობდა. მოულოდნელი იყო, იქ დაპირისპირება რომ დაიწყო. მობილურის ამოღებიდან და გადაღების დაწყებიდან 2 წუთსა და 20 წამში მომხვდა ტყვია.... მობილურით გადაღება შევწყვიტე, 5-6 მეტრში სასწრაფოს დახმარების ეკიპაჟთან მივედი და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადამიყვანეს. ვიდრე საავადმყოფოში არ ჩამიტარეს ოპერაცია, არ ვიცოდი, რა იყო ჩემს სხეულში.
დიდი ზომის, სტაფილოსფერი შეფერილობის ტყვია იყო.
ვინ მესროლა არ დამინახავს, მგონია, რომ პარლამენტის წინ მდგომი რომელიმე სპეცრაზმელის ნასროლია.. იმ მომენტში ბევრი სპეცრაზმელი იდგა და უშუალოდ, რომელმა ისროლა არ ვიცი, ეს არც კადრში ჩანს“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.
დაცვის მხარის კითხვაზე, აქციის მონაწილეების მხრიდან ესმოდა თუ არა მოწოდება, შეჭრილიყვნენ პარლამენტში, მოწმემ უპასუხა, რომ ამ მოწოდების შესახებ მერე გაიგო.
„პირადად იმ მომენტში არ გამიგია, შემდეგ გავიგე, თან მე არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ მქონდა და არანაირ პოლიტიკურ მოწოდებას არ გავყვებოდი“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.
ადვოკატის კითხვაზე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, ეთანხმება თუ არა, მოწმემ უპასუხა, რომ „გადაწყვეტილებას ეთანხმება“. ამასთან, მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას დეტალურად არ იცნობს და ინფორმაცია მისი ადვოკატისგან აქვს.
ადვოკატის კითხვაზე, როგორც დაზარალებული, რამდენად კმაყოფილია გამოძიების შედეგით და რამდენად დაკმაყოფილდა მისი პრეტენზიები გამოძიების მიერ, მოწმემ უპასუხა, რომ პოზიციას ვერ დააფიქსირებს.
„გამოძიება როგორც ვიცი, არ დასრულებულა, გამოძიება უნდა დასრულდეს, პოზიციას ვერ დავაფიქსირებ“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.