საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდნენ

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ MEDEF International-ის დელეგაციას საქართველოში არსებული მიმდინარე ბიზნესგარემო და საინვესტიციო კლიმატი დეტალურად გააცნო, საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის დინამიკას, კერძო სექტორის როლსა და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს, ასევე, BAG ინდექსის მონაცემებზე დაყრდნობით კერძო სექტორის მოლოდინებს. ინფორმაციას „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა „აწარმოე საქართველოს“ საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით თავლალაშვილი, რომელმაც წარადგინა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, პრიორიტეტული სექტორები და სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები.

„შეხვედრა გაგრძელდა ინტერაქტიური დისკუსიის ფორმატში, სადაც ფრანგული დელეგაციისა და BAG-ის წევრების წარმომადგენლებს შორის კითხვა-პასუხის სესია გაიმართა და კონკრეტული თანამშრომლობისა და ქართულ-ფრანგულ ბიზნესწრეებს შორის პარტნიორული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ფრანგული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ 20 სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები საფინანსო, ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კონსალტინგისა და სოფლის მეურნეობის სექტორებიდან.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია MEDEF International-ის დელეგაციასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები, რადგან აღნიშნული ქმნის რეალურ პლატფორმას ქართულ და ფრანგულ ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. BAG ინდექსის შედეგების გაზიარება გვაძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ ობიექტური სურათი ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებსა და კერძო სექტორის მოლოდინებზე. დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელი დიალოგი გადაიზრდება კონკრეტულ პარტნიორობებსა და საინვესტიციო პროექტებში, რაც ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ისე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას“ განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ცნობით, MEDEF International წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციას და მის წევრ დაახლოებით 800 000 კომპანიას. ორგანიზაცია აქტიურად უწყობს ხელს ფრანგული კომპანიების საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას, ინვესტიციების განხორციელებას და საგარეო ვაჭრობის განვითარებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს