გია ვოლსკი „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირებაზე - ეს პირდაპირი შეტევაა თავისუფალ მედიაზე და საზოგადოებრივ ინტერესზე, ჰქონდეს არა ანგაჟირებული, არამედ სწორი ინფორმაცია

დასანქცირების საკითხზე არგუმენტი იმდენად სუსტია და უსამართლობა იმდენად თვალსაჩინოა, რომ პოლიტიკურ მიზანსა და ამოცანაზე უნდა ვიფიქროთ - ეს პირდაპირი შეტევაა თავისუფალ მედიაზე და საზოგადოებრივ ინტერესზე, ჰქონდეს არა ანგაჟირებული, არამედ სწორი ინფორმაცია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „იმედისა“ და POSTV-ის სანქცირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, სანქციების ბერკეტი გამოიყენოს თავდაცვის ნაკლები რესურსების მქონე ქვეყნების მიმართ, რათა დათრგუნონ საზოგადოების ნება, რომელიც განაპირობებს იმ ხელისუფლებას ქვეყნის სათავეში, რომელიც ეროვნულ პოზიციაზე დგას და ქვეყნის დესტაბილიზაციად არ დაუშვებს. “

„პოლიტიკური მიზანი და ამოცანა არის ერთადერთი: დაითრგუნოს იმ ხალხის პოლიტიკური ნება, რომელიც მხარს უჭერს სტაბილურობას და შეზღუდული იყოს ინფორმაცია, რომელიც მათ სწორი დასკვნების გამოსატანად მიეწოდება. ეს პირდაპირი შეტევაა თავისუფალ მედიაზე და საზოგადოებრივ ინტერესზე, ჰქონდეს არა ანგაჟირებული, არამედ სწორი ინფორმაცია. ხშირ შემთხვევაში ქართული ობიექტური მედიის შეფასებები თავისი სიხისტით ჩამორჩება კიდეც იმ მკაცრ და ხისტ შეფასებებს, რომელიც არაერთი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის ან აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ისმის. ამ ვითარებაში რაიმე პრეტენზიაც კი არ გამოითქმება რაიმე რუსული თუ ბელარუსული, კონკრეტული ქვეყნის, პოლიტიკის გამტარებელი მედიის მიმართ. გადაწყვიტეს, სანქციების ბერკეტი გამოიყენონ თავდაცვის ნაკლები რესურსების მქონე ქვეყნების მიმართ, რათა დათრგუნონ საზოგადოების ნება, რომელიც განაპირობებს იმ ხელისუფლებას ქვეყნის სათავეში, რომელიც ეროვნულ პოზიციაზე დგას და რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციას არ დაუშვებს. ეს არის პოლიტიკური მიზანი და რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. თუ ჩვენი რომელიმე მედია უკრაინაში კორუფციაზე საუბრობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სარედაქციო კოლეგიაში მოგონილია. ეს ის რეალობაა, რომელიც ხელთ გვაქვს. წყარო აბსოლუტურად ნეიტრალური და მიუკერძოებელია”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!