მოკლული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას ოჯახის ადვოკატი - არსებობს დასაბუთებული ვარაუდი კაჭარავას მკვლელობის დაგეგმვისა და გამოძიების პროცესში შს სამინისტროს შესაძლო ჩართულობის შესახებ

მოკლული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას, იგივე „ტილიკას“ ოჯახის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ლევან კაჭარავას მკვლელობის დაგეგმვისა და გამოძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლო ჩართულობის შესახებ.

როგორც ბასილაიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მათი მოთხოვნაა, დაიწყოს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ ლევან კაჭარავას შესაძლო ჯგუფურ მკვლელობაში დახმარების, დამნაშავეთა მიმალვაში ხელშეწყობის და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ხელშეშლის ფაქტებზე.

ასევე, დაცვის მხარე შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს, რომელმაც ბექა ბასილაიას განმარტებით, უნდა გასცეს კითხვას პასუხი - ლევან კაჭარავას მკვლელობასთან არიან თუ არა კავშირში ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მსჯავრდადებული და ბრალდებული პირები.

„2022 წლის 24 ივნისს წყნეთის გზატკეცილზე ორი პირის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ლევან კაჭარავა მოკლეს, საქმე დღემდე გაუხსნელია. მიგვაჩნია, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ლევან კაჭარავას მკვლელობის დაგეგმვის, დანაშაულის ჩასადენად მკვლელების ოპერატიული უზრუნველყოფის, დანაშაულის ჩადენის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მათი მიმალვის, ცხელ კვალზე მათი დევნისა და გამოძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობის შესახებ.

აღნიშნულ ვარაუდს წარმოშობს შემდეგი გარემოებები (და არამხოლოდ):

მკვლელებმა ზუსტად იცოდნენ ლევან კაჭარავას გადაადგილების მარშრუტი და გრაფიკი, მიუხედავად იმისა, რომ ის არ მოძრაობდა მისი კუთვნილი ავტომობილით;

ამ დრომდე საგამოძიებო ორგანოს არ დაუიდენტიფიცირებია ლევან კაჭარავას გადაადგილების თვალთვალი რა მეთოდით ხდებოდა; ამ დრომდე საგამოძიებო ორგანოს არ დაუიდენტიფიცირებია, რა მეთოდით გადასცემდნენ დანაშაულის ამსრულებლებს ინფორმაციას ლევან კაჭარავას გადაადგილების თაობაზე;

მიუხედავად იმისა, რომ მკვლელებს შემთხვევის ადგილიდან მისამალად დასჭირდათ რთული რელიეფის გადალახვა, მათი დევნის ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უწარმოებია;

მკვლელთა გადაადგილების მარშრუტზე შესაბამისად გაწვრთნილი ძაღლის მეშვეობით კვალის ძებნა არ იქნა წარმოებული. ძაღლი გამოიყენეს დაგვიანებით და შეზღუდულ არეალში;

გამოძიებამ მყისიერად არ დაკითხა პირები, ვინც გაიგონა გასროლის ხმები, ვინც დაინახა მკვლელთა გადაადგილება, ვინც ლამის უშუალოდ შეეჩეხნენ მკვლელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სტრუქტურების გამოძიების დანაშაულებრივი ჩავარდნის აღიარებაა, თბილისის პროკურატურის მიერ საქმის საგამოძიებოდ დაქვემდებარება, რა დროსაც მოპოვებულ იქნა იმგვარი მტკიცებულებები, რისი დროულად მოპოვების შემთხვევაში დამნაშავეთა პოვნის შანსი იზრდებოდა.

ბუნებრივია, არ გვაქვს ილუზია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის ხარვეზების ან გაუფრთხილებლობითი უმოქმედობის შედეგია.

ნათელია, რომ ამ დანაშაულის ორგანიზატორს ჰქონდა დანაშაულებრივი გავლენა სამართალდამცავ უწყებებზე, რომლის წარმომადგენლებიც განზრახ იყვნენ ჩართული კრიმინალურ ქმედებებში.

მიგვაჩნია, რომ იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, მისი კურატორი მოადგილის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების ინფორმირებისა და ჩართულობის გარეშე ზემოხსენებულ ,,ჩავარდნებს“ ადგილი შეუძლებელია ჰქონოდა, არ გამოვრიცხავთ სამართალდამცავი სისტემის სხვა წარმომადგენლების ჩართულობასაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ, დაიწყოთ გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ ლევან კაჭარავას ჯგუფურ მკვლელობაში დახმარების, დამნაშავეთა მიმალვაში ხელშეწყობის და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ხელშეშლის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის, 333-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 364-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

ასევე ვითხოვთ, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, რომელმაც სხვა გარემოებებთან ერთად პასუხი უნდა გაგვცეს მასმედიაში გავრცელებულ კითხვაზე - ლევან კაჭარავას მკვლელობასთან არიან თუ არა კავშირში ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში მსჯავრდადებული და ბრალდებული პირები გელა უძილაური, გიორგი ჯოხაძე, დავით და გიორგი მიქაძეები, ოთარ ფარცხალაძე“, - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 ივნისს ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება)დაიწყო.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!