“ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ: ერთხელ მაინც კაცურად მოიქცნენ და ევროკავშირიდან საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი გამოიწვიონ! – პირდაპირ თქვან, რომ უნდათ ევროკავშირიდან საქართველოს კანდიდატობა გამოიწვიონ და ამას ქართველმა ხალხმა უპასუხოს! – თუ ევროკავშირი ასე გეზიზღება, მას დამპალ ბიუროკრატიას ეძახი, ამბობ, რომ ევროკავშირი ჩამოიქცა, დაინგრა და აღარ არსებობს, ჩადი ბრიუსელში და ევროკავშირიდან საქართველოს კანდიდატურა გამოიტანე! - ეს განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა გააკეთა.
როგორც დათუნაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, “ქართული ოცნების“ მხრიდან პარტნიორებთან ურთიერთობაში ყველა ზღვარი გადალახულია. მისი თქმით, საქართველო უკვე არის ქვეყანა, რომელშიც დაკანონებულია ავტოკრატიული, ადამიანის ღირსების შემლახავი კანონები მოქმედებს და არაფერია ახალი იმაში, რაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში განსახილველად წარდგენილ ანგარიშში წერია.
დათუნაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული კომპანიის “იმედისა“ და “პოსტვ“-ის დასანქცირებაც შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ბრიტანულ სანქციებს ყველაზე დიდი ფასი აქვს. მან აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა თავიდან ბოლომდე ბრიტანეთზეა მიბმული.
“ერთის მხრივ, დიდი კატასტროფაა, როცა დიდი ბრიტანეთის სანქციებში ქართული ტელეკომპანიები ჰყვებიან, რადგან ჩათვალეს რომ რუსული პროპაგანდის არხები არიან. ჰიბრიდულ ომში რუსეთის მხარეს ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ამ ომის მხარეს ხარ ანუ ტელეკომპანია “იმედი“ და “პოსტვ“ როგორც კლასიკური რუსული პროპაგანდის ორგანოები, ჰიბრიდული გზით საომარ მოქმედებებში რუსეთის სასარგებლოდ არიან ჩართული. უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების ნაწილი არიან ანუ არიან ცივილიზებული სამყაროს მტრები. ამ არხების ყველა თანამშრომელს ვეტყვი: - თქვენ ხართ არა მხოლოდ სამშობლოს მოღალატეები, არამედ ხართ ცივილიზებული სამყაროს მტრები და რუსეთის სასარგებლოდ სისხლში გასვრილი ხალხი!
საქართველოში ბრიტანულ სანქციებს ყველაზე დიდი ფასი აქვს. საქართველოს სამი მსხვილი ბანკი - “თიბისი“, “საქართველო ბანკი“ და “ლიბერთი ბანკი“ ოპერირებს. სამივე ბანკი პირდაპირ მიბმულია ბრიტანეთზე. აქედან ორი გატანილია ბირჟაზე, ხოლო “ლიბერთი ბანკის“ დამფუძნებლები ბრიტანული წარმომავლობის კომპანიები არიან, შესაბამისად, საქართველოს საფინანსო სისტემა თავიდან ბოლომდე მიბმულია ბრიტანეთზე. შესაბამისად, ეს სანქციები ყველაზე მძიმედ მოქმედებს. არ არსებობს სხვა სანქცია, რომელიც ისე მძიმედ მოქმედებს, როგორც ბრიტანული სანქცია.
ილუზია იმისა, რომ ეს ორი ტელევიზია ოპერირებას შეწყვეტს, არა მაქვს, რადგან ამ ტელევიზიებში ძალიან ბევრი ქეში ტრიალებს. ეს არის ქოლ-ცენტრების ბინძური საქმეების ქეში, ქოლ-ცენტრებიდან წამოსული შავი ფული. ამ ტელევიზიებში ხელფასებს ასე იღებენ. ამიტომ ილუზია იმისა, რომ მათ არსებობას პრობლემა შეექმნება არა მაქვს, რადგან მმართველობის რუსულ მოდელზე უკვე გადაწყობილი არიან. “პოსტვ“ იმ რაღაც რუსულ სერიალებს იყიდის და ეს საღორე ისევ გაგრძელდება, მაგრამ “იმედი“, რომელსაც დასავლური ლიცენზირებული გადაცემები აქვს, ამ გადაცემებს ვეღარ გაუშვებს, “იმედი“ კარგ სერიალებს, რომლითაც ის რეიტინგს იკავებს, ვეღარ იყიდის, თანხებს ოფიციალურად ვეღარ გადარიცხავს და “იმედის“ ყველა თანამშრომელს ძალიან დიდი დისკომფორტი ექნება - ანგარიში “ქართუშიც“ რომ გადაიტანონ, Visa და MasterCard მათ არ მოემსახურებათ. შესაბამისად, იქნება ერთი დიდი ქეშის ტრიალი. გარდა ამისა, გადახდის კუთხით პრობლები შეექმნებათ ისეთ კომპანიებთან, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სატელევიზიო სფეროში სერვისის მომწოდებელია“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ სანქციების პასუხად დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, მათ შორის მაგალითად, ბრიტანეთის ელჩის გაძევება მოხდეს, დათუნაშვილმა განაცხადა, რომ “ამ მასხარებისგან ყველაფერია მოსალოდნელი“.
“ქართულ ოცნებას“ მთელი გულით მოვუწოდებ დიდი ბრიტანეთის სანქციებზე საპასუხო სარკისებრი რეაქცია ჰქონდეს და ყველაფერი ბრიტანული აკრძალონ - მოვუწოდებ ბრიტანეთის წინააღმდეგ ძალიან მკაცრად იმოქმედონ და საპასუხოდ აუცილებლად დაარტყან!
საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნგრევის ნაწილია ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული კაცი ყოველ სამუშაო დილას გამოდის და სხვადასხვა ფორმით, ტყუილებით, ფანტასმაგორიული განცხადებებით დასავლელ პარტნიორებს ლანძღავს და მათ დისკრედიტაციას ახდენს. ლანძღავს მათ ქცევას, მათ წარსულს, მომავალს, ამახინჯებს რეალობას. ამ ხალხისგან ზღვარი გადალახულია - ისინი აბსოლუტურ დაპირისპირებაში შევიდნენ. როცა მტრის ჯარი ქვეყნის ტერიტორიაზე დგას, ამ მტერს კი არ ახსენებს, ჩვენი ქვეყნის მეგობრებს ლანძღავს“, - აღნიშნა მან.
დათუნაშვილმა 1921 წლის 25 თებერვალზე - მე-11 წითელი არმიის მიერ თბილისის დაკავებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “საქართველოს დღესაც შულავერის კომიტეტი მართავს“. დათუნაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების“ მიერ ისტორიის გადაწერა ხდება.
“25 თებერვალი საქართველოს ისტორიისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის უმძიმესი დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკა დაეცა, რაც ამ ქვეყნისთვის უდიდესი ტრაგედია იყო, რადგან ჩვენ 100 წლის წინ თანამედროვე ტიპის სახელმწიფო გვქონდა, მაშინ რუსული კოლონიალიზმისგან გავთავისუფლდით და პირველი სრულფასოვანი თანამედროვე ტიპის სახელმწიფო შევქმენით.
ამ სახელმწიფოს ჩამონგრევა თავიდან ბოლომდე რუსული ინტერვენციის, რუსული ტერორის, რუსული სისხლიანი წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგი იყო. ეს თავიდან ბოლომდე მოსკოვში დაწერილი გეგმა იყო, რომელშიც მნიშვნელოვანი როლის მატარებლები ის მოღალატეები იყვნენ, რომლებიც ბოლშევიკების რიგებში ირიცხებოდნენ - იყო ეს იოსებ ჯუღაშვილი, სერგო ორჯონიკიძე თუ სამშობლოს სხვა მოღალატეები, საქართველოს მოძულეები და ჩვენი ერის მტრები, რომლებმაც დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრეს.
ირაკლი კობახიძე, რომელიც იუნკერთა ხსოვნის მემორიალთან დგას, სერგო ორჯონიკიძის ანალოგია - ორჯონიკიძეების, ბორის ძნელაძეების და სტალინების ზუსტი ანალოგია. ასეთმა არაკაცებმა გაყიდეს სამშობლო და დააფუძნეს შულავერის კომიტეტი, რომელიც ვითომ და აქ ბოლშევიკურ რევოლუციას ახდენდა. სინამდვილეში, საქართველოს ინტერვენცია მოახდინა მე-11 არმიამ, ინტერვენცია საზღვრის ყველა მხრიდან მოხდა და საქართველო მოღალატე ორჯონიკიძის ხელით დაიპყრეს.
100 წლის თავზე საქართველოს ამ მოღალატეების ხელით ისევ რუსეთს აბარებენ“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.