[რომეო მიქაუტაძე „ნახიდურ-ჰესისთვის“ მიწების გადმოცემაში] ვერ იქნებოდა ჩართული, თუ არ დააკმაყოფილე კრიტერიუმები [მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის], - ამის შესახებ რომეო მიქაუტაძის ძმამ, გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის დაცვის მხარის მოწმეს წარმოადგენს.
როგორც გიორგი მიქაუტაძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, როდესაც ჰესის მშენებლობისთვის მემორანდუმი დგება, იქ მითითებულია კონკრეტული არეალი, სადაც ჰესი უნდა გაშენდეს. მისივე თქმით, ეს ეკონომიკის სამინისტროსთვის თავიდანვე ცნობილია, შესაბამისად, რომეო მიქაუტაძე მიწების გადაცემაში ვერ დაეხმარებოდა.
„როდესაც მემორანდუმი დგება, იქ მითითებულია კონკრეტული არეალი, რომ კონკრეტულ ადგილი საპროექტო ადგილია. ეს ეკონომიკის სამინისტრომ იცის, როცა მემორანდუმი ფორმდება. მიწებზე შენ პრობლემა არ შეგექმნება არასდროს. შესაბამისად, რანაირად უნდა დამხმარებოდა რომეო [მიწების მიღებაში], როცა მემორანდუმი დაწერილია და აღნიშნულია, რომ აქ უნდა განხორციელდეს პროექტი.
ეს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ის ეკითხება სამინისტროს - აქ რამე ხომ არაა დაგეგმილი? წინააღმდეგი ხართ, რომ გავასხვისოთ მიწა? არც ერთი სამინისტრო და მუნიციპალიტეტი ამ მიწას არ გაასხვისებს.
რანაირად უნდა ჩაერიოს? ფიზიკურად ვერ ჩაერევა. ეს მიწები გადმოდის ეტაპობრივად. როდესაც მემორანდუმში შენ უთითებ, რომ ამ არეალის შემოწმება მინდა, შენ უთითებ ბუფერს, დაახლოებით 30 მეტრი. შეიძლება მისი ჩანაცვლება მოხდეს.
როდესაც მეორე მემორანდუმზე ხარ, ესე იგი მთავრობას მოეწონა და აქედან იწყება მიწების გადმოცემა. მიწები ბოლომდე დღესაც არ გვაქვს გამოცემული.
მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში დავიწყეთ. მშენებლობის ნებართვას კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო გასცემს. სხვა შემთხვევაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. მშენებლობის ნებართვის პროცესი სამეტაპიანია. ყველა საბუთი შეგაქვს, რომ აიღო პირველი კატეგორიის ნებართვა, რომელსაც მემორანდუმი ერთვის თან. ეს ყველაფერი გაწერილია. სააგენტოში რომ მივედი, მითხრეს „ეს წაიღე“, „ეს შეასრულე“. კრიტერიუმებს რომ შეასრულებ, შემდეგ მეორე ეტაპზე გადადიხარ. ნებართვა აღებული გვაქვს და მშენებლობა მიმდინარეობს. უმეტესობა ნაწილი მიწების გადმოცემული გვაქვს.
[რომეო მიქაუტაძე მიწების გადმოცემაში] ვერ იქნებოდა ჩართული, თუ არ დააკმაყოფილე კრიტერიუმები. სამი დონე უნდა გაიარო. რანაირად შეიძლება ამაში რომეო მომეხმაროს?“,- განაცხადა მიქაუტაძემ.
ადვოკატის, ბექა ნემსიწვერაძის კითხვაზე, რაც რომეო მიქაუტაძემ თანამდებობა დატოვა, მიიღეს თუ არა მიწები ჰესისთვის მთავრობისგან, გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ „კი, უამრავი მიწა მივიღეთ“.
„სრულად კანონიერად გამომცა დღესაც არსებულმა მთავრობამ მიწები“,- განაცხადა მან.
ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გასული წლის 20 ივნისს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.
ასევე, წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით წარედგინა, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ისჯება ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით.