პოლიციის მიერ მოწყობილი დერეფნიდან ერთ-ერთმა ადამიანმა დამიმიზნა იარაღი, რომელსაც ფორმა ეცვა და ნიღაბი ეკეთა, ინსტინქტურად შემოვბრუნდი, მარცხენა ფეხის ბარძაყში მომხვდა ტყვია,- ამის შესახებ 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულმა ომარ სეხნიაშვილმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, სოფელში იმყოფებოდა, როცა ტელევიზორის საშუალებით შეიტყო აქციის შესახებ და ვინაიდან, მისი სოფელი და სახლი საოკუპაციო ხაზთან ახლოსაა, აქციის შინაარსი პირდაპირ მას ეხებოდა, რის გამოც, გადაწყვიტა მას შეერთებოდა.
„კადრებში ჩანდა, რომ კობახიძის სკამიდან მიმართვას ავრცელებდა გავრილოვი. მალევე დავტოვე სახლი, სამარშრუტო ტაქსის მეშვეობით ჩამოვედი და აქციას შევუერთდი. სიტუაცია დაძაბული იყო, პარლამენტის წინ სამართალდამცავები იყვნენ და ხალხს პარლამენტთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. მემორიალის წინ გავჩერდი რაღაც პერიოდი...
ქაშვეთის ეკლესიის მიმართულებით წავედი, თვალები მეწვოდა, ვცდილობდი წყალი შემესხა, შადრევანთან ახლოს დავბრუნდი, რომ ცოტა მოვსულიერებულიყავი. ზედა პლატფორმაზე, კიბეებთან ვნახე, რომ ადამიანი წაქცეული იყო და შველას საჭიროებდა, სხვებსაც ვანიშნე, რომ დავხმარებოდით. ვიდრე ამ პიროვნებასთან მივიდოდი, პოლიციის მიერ მოწყობილი დერეფნიდან ერთ-ერთმა ადამიანმა დამიმიზნა იარაღი, რომელსაც ფორმა ეცვა და ნიღაბი ეკეთა, ინსტინქტურად შემოვბრუნდი, მარცხენა ფეხის ბარძაყში მომხვდა ტყვია, ჩემს უკან მყოფებმა ამიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადით კლინიკაში გადამიყვანეს. გაფრთხილება არც ცრემლსადენი გაზის გამოყენებამდე და არც სროლამდე არ ყოფილა“, - განაცხადა სეხნიაშვილმა.
ადვოკატ ბერდია სიჭინავას კითხვაზე, აქციის მონაწილეების ან პოლიტიკოსების მხრიდან ესმოდა თუ არა მოწოდება, შეჭრილიყვნენ პარლამენტში, მოწმემ უპასუხა, რომ ამ მოწოდების შესახებ მას არ გაუგია, ვინაიდან ის აქციას იმ დროს შეუერთდა, როცა სიტუაცია უკვე დაძაბული იყო.
დაცვის მხარის კითხვაზე, ის ფაქტი, რომ დადგენილი არაა ის პირი, ვინც უშუალოდ მის მიმართ განახორციელა გასროლა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ სამართალი მაინც აღსდგა, მოწმემ უპასუხა, რომ "არა".
ცნობისთვის, გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.