„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ახალი მუხლი: „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტიკოსებს

ახალი მუხლი - „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, რომელიც “სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება, პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და საერთოდ ნებისმიერ ადამიანს, რომლის მოსაზრებებიც შეიძლება ხელისუფლებაში მყოფთ არ მოეწონოთ, - აღნიშნულ შეფასებას პარლამენტში ინიცირებულ და მეორე მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო პაკეტზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აკეთებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ფართო და ბუნდოვანი ფორმულირებები კრიტიკული აზრის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის და შერჩევითი გამოყენების რისკს ზრდის.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, ახალი დანაშაულის შემადგენლობა გზას უხსნის სახელმწიფოს გაუმართლებელ ჩარევას გამოხატვის თავისუფლებაში.

“2025 წლის 18 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ახალი უკიდურესად რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც დანაშაულად აცხადებს და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით სჯის ივანიშვილის ხელისუფლების თანხმობის გარეშე უცხოეთიდან მიღებულ ნებისმიერი სახის სახსრებს, თუნდაც ისინი ჩვეულებრივი კანონით დაშვებული მომსახურების გაწევის ანაზღაურების მიზნით იქნეს გაცემული და მიღებული, თუ ეს სახსრები „ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს“: -

. საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

როგორც ამ საკანონმდებლო პაკეტის ინიციირების დროს დეტალურად იქნა ახსნილი ჩვენი ორგანიზაციის მიერ, ეს პაკეტი ახდენს ხელისუფლების მიმართ გამოხატული ნებისმიერი კრიტიკული აზრის კრიმინალიზაციას და აქედან გამომდინარე, არსებითად სპობს გამოხატვის თავისუფლებას.

თუმცა როგორც ახლა ირკვევა, ივანიშვილის რეჟიმმა მხოლოდ ინიცირებული რეპრესიული ნორმები არ იკმარა. კანონპროექტების პაკეტის მეორე მოსმენის რეჟიმში, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ინიცირების წესის გვერდის ავლით, “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ახალი რეპრესიული სისხლისსამართლებრივი ნორმები დაემატა, რომლებიც კიდევ უფრო აფართოვებს კრიტიკული აზრის გამოთქმისთვის მოსალოდნელ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

დანაშაულად ცხადდება ე.წ. „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

ახალი ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 316/1 მუხლი, სახელწოდებით „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ,“ რომელიც ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით:

“საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული მოქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს,- ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.

ზემოთ ციტირებული ნორმის თანახმად, დანაშაულია:

1) დანაშაულის სუბიექტი: საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ [ჩადენილი]:

2) აკრძალული მოქმედება:

ა) სისტემატურად საჯარო მოწოდება - კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ ან საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ;

ბ) საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა; ან

გ) სხვა სისტემატური მოქმედება;

3) თუ რომელიმე აღნიშნული მოქმედება:

მიზანი: მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ; და შედეგი: აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.

სახალი დანაშაულის შემადგენლობა გზას უხსნის სახელმწიფოს გაუმართლებელ ჩარევას გამოხატვის თავისუფლებაში. ის ასევე ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს ისევე, როგორც უკანასკნელ წლებში “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გადადგმული ბევრი სხვა ნაბიჯი, “სისხლის სამართლის კოდექსში“ “ექსტრემიზნის” მუხლის გაჩენაც რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით ხორციელდება.

სადავო არ არის, რომ ახალი დანაშაულის ზემოთ აღწერილი შემადგენლობა აწესებს ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გზას უხსნის სახელმწიფოს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებაში.

შესაბამისად, გამართლებულია თუ არა ასეთი ჩარევა, ეს საკითხი უნდა შეფასდეს იმის საფუძველზე, თუ რამდენად არის შეზღუდვა გათვალისწინებული კანონით რისთვისაც აუცილებელია, რომ შეზღუდვა არა მხოლოდ კანონში იქნეს გაწერილი, არამედ თავად ეს კანონი აკმაყოფილებდეს კანონის ხარისხობრივ მოთხოვნებს და იყოს საკმარისად განჭვრეტადი, რომ მის საფუძველზე პირს შეეძლოს თავისი ქცევის ხელმძღვანელობა.

შეესაბამება თუ არა ასეთი ჩარევა რომელიმე ლეგიტიმურ მიზანს; არის თუ არა ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, კერძოდ, არსებობს თუ არა მისი მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება; არის თუ არა იგი დეკლარირებული ლეგიტიმური მიზნის პროპორციული; წარმოადგინა თუ არა ხელისუფლებამ ჩარევის გასამართლებლად რელევანტური და საკმარისი მიზეზები.

ნორმის განუჭვრეტადობა და მისი გამოყენების პოტენციური შერჩევითობა - უპირველეს ყოვლისა, ახალი დანაშაულის შემადგენლობა მეტისმეტად ბუნდოვანია და პოტენციურად სისხლის სამართლის წესით დასჯადად აცხადებს ნებისმიერ გამოხატვას, რომელიც ხელისუფლების კრიტიკას შეიცავს.

ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა სიტყვები, „სხვა სისტემატური მოქმედება“, რომელიც ფართო და თვითნებური ინტერპრეტაციისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. ასევე, ფართო და თვითნებური ინტერპრეტაციის საშუალებას იძლება „სხვა სისტემატური მოქმედების“ მიზანი („მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ“) და შედეგიც („აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს“).

ცალკე საკითხია, თუ რას ნიშნავს ტერმინი “აღქმა” და როგორ შეიძლება განხორციელდეს მისი ობიექტურად გაზომვა. რადგან კანონპროექტი რაიმე განმარტებას ამ კუთხით არ შეიცავს, ადვილი შესაძლებელია, რომ “აღქმის” საკითხში სასამართლო მხოლოდ ვარაუდს დაეყრდნოს, რაც წინააღმდეგაშია სისხლის

სამართლის საპროცესო კოდექსის ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომელთა თანახმად, არ შეიძლება პირს მსჯავრი დაედოს ვარაუდის საფუძველზე, ხოლო, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

ნორმით დეკლარირებულ მიზანსა და შედეგს შორის არსებობს შინაგანი წინააღმდეგობაც. დემოკრატიული კონსტიტუციონალიზმი დაფუძნებულია იდეაზე, რომ სახელმწიფოს ინტერესი განსხვავდება კონკრეტული ხელისუფლების ინტერესისგან, ხოლო, ხელისუფლება საბოლოო ჯამში ეკუთვნის ხალხს და სწორედ ხალხია ხელისუფლების წყარო („სახალხო სუვერენიტეტი“).

ამ პრინციპიდან გამომდინარე, გამოხატვა, რომელიც საზოგადოებაში „კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებას ემსახურება“, არ შეიძლება იწვევდეს საზიანო შედეგს სახელმწიფოსთვის ან, მითუმეტეს, ქმნიდეს ამგვარი ზიანის რეალურ საფრთხეს: თუ მსჯელობა ხელისუფლების არალეგიტიმურობის შესახებ ზედაპირული და უსამართლოა, იგი ვერც ხელისუფლებას და ვერც სახელმწიფოს ზიანს ვერ მოუტანს; ხოლო, თუ ასეთი მსჯელობა საფუძვლიანია, მაშინ ასეთი ვითარება შეიძლება საზიანო იყოს თავად ხელისუფლებისათვის, მაგრამ არა სახელმწიფოსათვის, რადგან „სახალხო სუვერენიტეტის“ იდეისგან გამომდინარე, თუ ხელისუფლება არალეგიტიმურია, ეს ნიშნავს, რომ მას ხელისუფლება ხალხისგან მიტაცებული ჰქონია. ამის შესახებ აზრის გამოხატვა კი შეგნებული მოქალაქის არა მხოლოდ უფლება, არამედ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მორალური ვალდებულებაცაა.

კანონის უხარისხობისა და ნორმის ბუნდოვანების/განუჭვრეტადობის შესახებ ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, ახალი დანაშაულის შემადგენლობა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლით დადგენილ კანონიერების პრინციპსაც (nullum crimen, nulla poena sine lege).

აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურობის შესახებ აზრი საქართველოში უკვე ისედაც ფართოდ არის გავრცელებული, რასაც ხელისუფლებამ თავად შეუქმნა საფუძველი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებით, საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებით, სამოქალაქო საპროტესტო დემონსტრაციების უმოწყალო დარბევებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის სერიის მიღებით, პოლიტიკური ოპონენტების დევნით და ა.შ. მისი არალეგიტიმურობის შესახებ აზრი საერთაშორისო ასპარეზზეც არის გავრცელებული. აქედან გამომდინარე, მომავალში განხორციელებული რომელიმე მოქმედება ვერ „დაამკვიდრებს“ აღქმას იმის შესახებ, რაც ისედაც დიდი ხანია დამკვიდრებულია.

დაბოლოს, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, კანონის ასეთი ბუნდოვანება იმის საწინდარიცაა, რომ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი კრიტიკული აზრის დასასჯელად. რადგან პოტენციურ „დამნაშავეთა“ რიცხვი შეიძლება ძალიან დიდი იყოს, არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ ეს ანტიდემოკრატიული ნორმა შეიძლება შერჩევითად, მხოლოდ ცალკე აღებული და მიზნობრივად შერჩეული პირების მიმართ იქნეს გამოყენებული.

გარდა იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ დანაშაულად გამოცხადებული მოქმედება ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონს მოეთხოვება, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანიც, რომელსაც შეიძლება ემსახურებოდეს ეს შეზღუდვა. ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნები მოცემულ შემთხვევაში არ გამოდგება, რადგან ცალკე აღებული პირების მიერ ხელისუფლების არალეგიტიმურობის შესახებ გამოთქმული აზრები ვერ შეუქმნის საფრთხეს ვერც ეროვნულ უშიშროებას და ვერც საზოგადოებრივ წესრიგს.

წარმოდგენილი დანაშაულის შემადგენლობა ასევე არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, რადგან არ არსებობს არც მისი მიღების მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება, არც ხელისუფლებას წარმოუდგენია რელევანტური და საკმარისი მიზეზები მის მისაღებად და გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი სასჯელიც არაპროპორციულია თუნდაც თეორიული ლეგიტიმური მიზნისა, რომელსაც თითქოს უნდა ემსახურებოდეს ეს ზომა.

ზემოთ აღწერილი ცვლილების გარდა, ივანიშვილის პარლამენტს ცვლილება შეაქვს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის 53-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, ამ მუხლის ემატება ახალი 32 და 33 ნაწილები. ამ ნორმენის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს ახალ დამამძიმებელ გარემოებად იქნება მიჩნეული „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა.“ ასეთ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

ამ სიახლეების კანონიერება ეჭვქვეშ დგას იმავე მოსაზრებების გამო, რომლებიც ზემოთ განხილული „ექსტრემიზმის“ მუხლთან მიმართებით იქნა გამოთქმული.

“გრანტების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებში, კანონპროექტის მეორე მოსმენის რეჟიმში, დაემატა გამონაკლისი „სხვა ქვეყნის მთავრობაში ან მის წარმომადგენლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლების მიერ ამ დამსაქმებლისთვის გაწეული ტექნიკური დახმარების შემთხვევაზე“. კერძოდ, ასეთი პირები გათავისუფლებული იქნებიან „გრანტების კანონით“ დადგენილი ვალდებულებების შესრულებისა და, აქედან გამომდინარე, ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან“, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!