შოთა ბერეკაშვილი სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელს - დისტრიბუციის ნაწილში, თითქმის ყველგან არის გადახდის გაუარესება ბოლო 3 წლის მონაცემებით, თქვენივე აუდიტის ანგარიშებიდან - ეს ნიშნავს, რომ თქვენს ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით

დისტრიბუციის ნაწილში, თითქმის ყველგან, რასაც ვხედავ, არის გადახდის გაუარესება. ბოლო სამი წლის მონაცემებით, მე რაც ვნახე, თქვენივე აუდიტის ანგარიშებიდან, თუ იყო დაწყებული 60 დღიდან, შემდეგ გადავიდა 75 დღეზე, 90 დღეზე და ეს ნიშნავს, რომ თქვენს ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით, - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, სადისტრიბუციო კომპანია "ბიდი კომპანის" წარმომადგენელს, დიმიტრი მესხიშვილს, განუცხადა.

როგორც ბერეკაშვილმა განმარტა, გადახდის პირობების გაუარესება ნიშნავს ქსელისთვის ახალი, თავისუფალი სახსრების გაჩენას, რომლის საშუალებითაც, მას აქვს ექსპანსიის, ახალი მაღაზიის გახსნის და სხვა აქტივობების განხორციელების შესაძლებლობა.

„ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება. როდესაც ქსელს ბრუნვა აქვს თვეში 100 მილიონი და გადახდის ვადას გადასწევს ერთი დღით, ეს იმას ნიშნავს, რომ 3 მილიონი ლარის თავისუფალ საბრუნავ კაპიტალს ათავისუფლებს და თუ გადასწევს 10 დღით, ეს არის 30 მილიონი.

გადახდის პირობების გაუარესება ნიშნავს ქსელისთვის ახალი, თავისუფალი სახსრების გაჩენას, რომლის საშუალებითაც, ისინი ალბათ ახორციელებენ ექსპანსიას, ახალი მაღაზიის გახსნას და ა.შ., მოვა დრო და ამაზეც ვისაუბრებთ", - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

კომისიის თავმჯდომარის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა იმას, რომ გადახდის პირობები ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა, სადისტრიბუციო კომპანია "ბიდი კომპანის" წარმომადგენელმა, დიმიტრი მესხიშვილმა განაცხადა: "რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით, გადახდის პირობები წლიდან წლამდე უარესდებოდა."

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!