ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორები - ე.წ. რეფორმა არის სრულიად დაუსაბუთებელი და გაუაზრებელი - გადაწყვეტილება წარმოადგენს უნივერსიტეტზე პოლიტიკური კონტროლის დამკვიდრების მცდელობას, მოვითხოვთ მის შეჩერებას

მიგვაჩნია, რომ ე.წ. რეფორმა არის სრულიად დაუსაბუთებელი, გაუაზრებელი, რაც შედეგად გამოიწვევს განათლების ხარისხის დაქვეითებას , - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

პროფესორ-მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება განპირობებულია პოლიტიკური მიზანშეწონილობით და მის შეჩერებას მოითხოვენ.

„უმაღლესი განათლების დაგეგმილი რეფორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცული აკადემიური თავისუფლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიის კონსტიტუციურ გარანტიას, არღვევს განათლების უფლებას, უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს, ანგრევს საუნივერსიტეტო სწავლების კონკრეტული დარგების, მათ შორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიღწეულ შედეგებს, სპობს ჯანსაღ კონკურენციას, გამოიწვევს სწავლების და კვლევის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუარესებას. ამის შესახებ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, ე.წ. რეფორმის კონცეფციის და პირველი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ, 11 დეკემბერს განაცხადა. აღნიშნული საჯარო განცხადება განსახილველად ასევე გაეგზავნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს. სამწუხაროდ, ჩვენს განცხადებას რეაგირება არ მოყვა. ასევე, არ მიგვიღია თანამშრომლობასა და პროცესში ჩართულობაზე შემოთავაზება. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის 12 თებერვლის დადგენილებით, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლას 2026-2027 სასწავლო წლიდან სტუდენტების მიღება აღარ შეეძლება. ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად, საკითხის სათანადო განხილვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობისა და სამართლის სკოლასთან კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული, რაც უნივერსიტეტის ავტონომიაში გაუმართლებელი, კონსტიტუციის მოთხოვნებთან შეუთავსებელი ჩარევის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ქვეყანაში ერთ-ერთ მოწინავე, კონკურენტუნარიანი და ხარისხობრივად მუდმივად მზარდია. ამ თვალსაზრისით, მხოლოდ რამდენიმე ასპექტზე გავამახვილებთ ყურადღებას: სამართლის სკოლის აკრედიტებული სამაგისტრო პროგრამები, თავისი შინაარსით, წარმოადგენს უნიკალურ პროგრამებს, რომელიც მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება, ხოლო სადოქტორო პროგრამამ 2025 წელს მიიღო აკრედიტაცია საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნის საფუძველზე. სამართლის სკოლაში სწავლობს დაახლოებით 3000 სტუდენტი, ხოლო კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. სკოლის წარმატებული სტუდენტები და სტუდენტური გუნდები საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ საერთაშორისო შეჯიბრებებში. ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში უკვე მეორედ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პრესტიჟული, ფილიპ ჯესაპის იმიტირებული პროცესი. სამართლის სკოლა გამოსცემს საერთაშორისოდ რეფერირებულ საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალს, რომელიც ხელს უწყობს საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვან საკითხებზე აკადემიურ დისკუსიას. ასევე, აღსანიშნავია ილიას უნივერსიტეტის კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლა, რომელიც 2008 წლიდან მოქმედებს, და რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული უცხოელი და ქართველი პროფესორების მონაწილეობით ხორციელდებოდა, ჰყავს ასობით კურსდამთავრებული, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან.

ნიშანდობლივია, რომ რეფორმის დაწყების შემდეგ, მიუხედავად დაანონსებული ცვლილებებისა, სკოლის პოპულარობიდან და პროგრამების მიმართ ინტერესიდან გამომდინარე, მხოლოდ ამ სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გარე მობილობით 77 სტუდენტი გადმოვიდა. გარდა ამისა, ის გარემოება, რომ სადოქტორო პროგრამამ 2025 წელს მიიღო აკრედიტაცია, ხოლო სულ რამდენიმე თვეში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სამართლის მიმართულებით ილიაუნიში მიღების გაუქმების შესახებ, მიუთითებს ამ გადაწყვეტილების არათანმიმდევრულობასა და პოლიტიკურ ხასიათზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ე.წ. რეფორმა არის სრულიად დაუსაბუთებელი და გაუაზრებელი, რაც გამოიწვევს განათლების ხარისხის დაქვეითებას. გადაწყვეტილება განპირობებულია პოლიტიკური მიზანშეწონილობით, წარმოადგენს უნივერსიტეტზე პოლიტიკური კონტროლის დამკვიდრების მცდელობას და ანტიკონსტიტუციურია, ამიტომ მოვითხოვთ მის შეჩერებას! ვთვლით, რომ დღეს აკადემიურ საზოგადოებას გვმართებს ერთიანობა უმაღლესი განათლების სფეროში ე.წ. რეფორმის თანმდევ უმძიმეს გამოწვევებთან დასაპირისპირებლად და განათლების კონსტიტუციური უფლების დასაცავად“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!