საჯარო რეესტრს „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მოთხოვნით ოთხმა წევრმა მიმართა

25 თებერვალს, საჯარო რეესტრს ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მოთხოვნით ოთხმა წევრმა, მათ შორის ირაკლი რუხაძემ მიმართა.

საჯარო რეესტრის, სამეწარმეო რეესტრზე განთავსებული დოკუმენტების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება მოითხოვეს:

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კალანდარიშვილმა, ასევე, წევრებმა გიორგი ბახტაძემ და დავით შონიამ.

„გაცნობებთ, რომ კომპანიის მფლობელობის ცვლილებასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვო შპს „ტელეიმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის/წევრის პოზიცია.

გთხოვთ, უზრუნველყოთ აღნიშნული ფაქტის რეგისტრაცია კომპანიის შიდა დოკუმენტაციაში, ასევე საჯარო რეესტრსა და სხვა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)”, - წერია ირაკლი რუხაძის განცხადებაში.

საჯარო რეესტრში წარდგენილ დოკუმენტებში განაცხადების დაკმაყოფილებას დაჩქარებული წესით, მიმართვის დღესვე ითხოვენ, რისთვისაც თითო პირს 414-414 ლარი აქვთ გადახდილი.

განახლება: 20:20 საათის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტაციის თანახმად, განცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოება დასრულებულია. "საჯარო რეესტრის შესახებ' საქართველოს კანონის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს წესით", - აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც რუხაძე აღნიშნავდა, „პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“. მისივე თქმით, "პრაიმ მედია გლობალი“, რომელიც მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე, ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა „იმედის“ გენერალური დირექტორის, მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!