ირანის პარლამენტის თავმჯდომარის მუჰამედ ბაქირ კალიბაფის განცხადებით, მისი ქვეყანა მოლაპარაკებების მიმართ ერთგული რჩება, თუმცა მზადაა საპასუხო ქმედებებისთვის, თუ აშშ ქვეყანას სამხედრო ქმედებებით დაემუქრება.
„თუ თქვენ დიპლომატიის მაგიდას აირჩევთ - დიპლომატიის, რომელშიც ირანელი ერის ღირსება და ორმხრივი ინტერესები დაცული იქნება - ამ მაგიდას ჩვენც მივუსხდებით, მაგრამ თუ გადაწყვეტთ წარსული გამოცდილების გამეორებას სიცრუით, ტყუილით, არასრულყოფილი ანალიზითა და ცრუ ინფორმაციით და მოლაპარაკებების შუაგულში თავდასხმას განახორციელებთ, უთუოდ იგემებთ ირანელი ერისა და ქვეყნის თავდაცვითი ძალების მხრიდან მტკიცე დარტყმას“, - განაცხადა მუჰამედ ბაქირ კალიბაფმა.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაეიმ, ტრამპის ადმინისტრაცია ადოლფ ჰიტლერის პროპაგანდის მინისტრს იოზეფ გებელსს შეადარა თეირანის წინააღმდეგ „დეზინფორმაციისა და დეზინფორმაციის კამპანიის წარმოების გამო“.
„რასაც არ უნდა ამტკიცებდნენ ისინი ირანის ბირთვულ პროგრამასთან, ირანის ბალისტიკურ რაკეტებთან და იანვრის არეულობის დროს დაღუპულთა რაოდენობასთან დაკავშირებით, უბრალოდ „დიდი ტყუილის“ გამეორებაა“, - დაწერა მან X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა, რომ ირანს შეთანხმების დადება სურს, თუმცა ჯერ არ აუღია ვალდებულება, რომ არასდროს შექმნის ბირთვულ იარაღს.
„მათ სურთ შეთანხმების დადება, მაგრამ არ მოგვისმენია ეს საიდუმლო სიტყვები: „ჩვენ არასდროს გვექნება ბირთვული იარაღი“. ამ პრობლემის დიპლომატიურად მოგვარებას ვამჯობინებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: არასდროს დავუშვებ, რომ მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.