აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ნავთობის „ჩრდილოვან ფლოტს“ და ქსელებს, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების მომარაგებასთან არიან დაკავშირებული, სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეკონომიკური ჯარიმები დაეკისრათ 30-ზე მეტ ფიზიკურ პირს, ორგანიზაციასა და გემს, რომლებიც ხელს უწყობენ ირანული ნავთობის უკანონო გაყიდვას, რაც წარმოადგენს „შემოსავლის ძირითად წყაროს შიდა რეპრესიების, ტერორისტული ორგანიზაციებისა და შეიარაღების პროგრამების დაფინანსებისთვის“.
სიაში სულ მცირე 12 გემია შესული, რომლებსაც მილიონობით ბარელი ნავთობი გადაჰქონდათ.
სამიზნე ორგანიზაციებს შორის ასევე არიან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკისთვის „პრეკურსორული მასალებისა და მგრძნობიარე აღჭურვილობის“ მიმწოდებლები.
„ირანი ფინანსურ სისტემებს უკანონო ნავთობის გასაყიდად, შემოსავლების გასათეთრებლად, ბირთვული და ჩვეულებრივი იარაღის პროგრამებისთვის კომპონენტების შესაძენად და ტერორისტული მოკავშირეების მხარდასაჭერად იყენებს. პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობის პირობებში, ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე, რათა მიზანში ამოიღოს რეჟიმის იარაღის შესაძლებლობები და ტერორიზმის მხარდაჭერა, რომელსაც ის ირანელი ხალხის სიცოცხლეზე მაღლა აყენებს“, -განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.