„იმედისა“ და „პოს ტვ“-ის დასანქცირება იყო პირველი შემთხვევა, როცა „ოცნებამ“ დაინახა მწვავე რეალობა, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს იზოლაციამ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გიორგი შარაშიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას იზოლაციის ხარჯზე ინარჩუნებს.
“გემო გაუგო იზოლაციას. არანაირ ყურადღებას არ აქცევს და ანგარიშს არ უწევს საერთაშორისო გამოხმაურებებს, თან ამას საქართველოს სუვერენიტეტის დაცვად ასაღებს. სინამდვილეში ქვეყნის სუვერენიტეტს კი არა, საკუთარ სუვერენიტეტს იცავენ, რომ არავინ შეუშალოს ხელი არც კორუფციაში, არც ადამიანებზე ძალადობაში, არც ხელისუფლების მიტაცებაში. მთავარი პრობლემა არის ის, რომ „ოცნებას“ უნდა, საერთოდ გავიდეს თამაშის წესებიდან და საკუთარი თამაშის წესები ჰქონდეს, საკუთარი კანონები ჰქონდეს და არაფორმალური მმართველობა ჰქონდეს.
[„იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირება] იყო პირველი შემთხვევა, როცა „ოცნებამ“ დაინახა ის მწვავე რეალობა, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს იზოლაციამ. აქამდე იზოლაციონიზმზე თითქოს გადაწყობილები და გადართულები იყვნენ, ხედავდნენ, რომ განსაკუთრებულ ზიანს არ იღებდნენ და ფიქრობდნენ, რომ გაძვრნენ, მაგრამ ტელევიზიების დასანქცირება უკვე სულ სხვა რამეა, მათ ხელიდან ეცლებათ უმთავრესი პროპაგანდისტული იარაღი“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.