უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებების შემდეგ ჩნდება კითხვა, აქვს თუ არა აზრი მის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტსა და ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზების პერსპექტივებს, მოდით, შემოვიფარგლოთ მხოლოდ მისი ბოლო კვირის განცხადებების გახსენებით - რას არ დათანხმდება უკრაინა არასდროს, რაზე არ წავა ის, რას აპირებს შემდეგ და ა.შ. ამ განცხადებების ანალიზიც კი არ არის საჭირო; ჩვენ უბრალოდ უნდა გავიხსენოთ ისინი და დავსვათ კითხვა, აქვს კი აზრი უმაღლეს დონეზე შეხვედრას, თუ კიევის რეჟიმი ასეთ პოზიციას კვლავ შეინარჩუნებს“, - აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, კრემლი ეთანხმება აზრს, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად სამმხრივი შეხვედრა აუცილებელია.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ, შესაძლოა, სამ კვირაში გაიმართოს მოლაპარაკებები, რომელიც გზას გაუხსნის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმიტ ზელენსკის შორის სამმხრივ შეხვედრას. პესკოვის თქმით, კრემლი თანხმდება, რომ შეთანხმების დასასრულებლად სამმხრივი შეხვედრა აუცილებელია.