ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია. საჯარო რეესტრმა წარმოება უკვე დაასრულა. შედეგად, ირაკლი რუხაძემ, გიორგი ბახტაძემ, გიორგი კალანდარიშვილმა და დავით შონიამ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს.
იქამდე, რუხაძე „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტსაც იკავებდა, ხოლო კალანდარიშვილი მისი მოადგილე იყო.
სამეწარმეო საბჭოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საბჭოს ერთადერთ წევრად მარიამ ლომიძე რჩება. ისვე იკავებს „იმედში“ გენერალური დირექტორის პოსტს.
შეგახსენებთ, საბჭოს წევრებმა საბჭოს დატოვების მოთხოვნით სამეწარმეო რეესტრს 25 თებერვალს მიმართეს. მხარეები ითხოვდნენ წარმოების პროცესის დაჩქარებული წესით, ერთ დღეში დასრულებას, რაც 414-414 ლარის გადახდას ითვალისწინებს.
აღნიშნული პირები განაცხადში უთითებენ, რომ დაკავებულ პოზიციებს კომპანიის მფლობელების ცვლილებების გამო, პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებენ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც რუხაძე აღნიშნავდა, „პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“. მისივე თქმით, "პრაიმ მედია გლობალი“, რომელიც მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე, ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა „იმედის“ გენერალური დირექტორის, მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.