„იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები პირდაპირ არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა - გადაწყვეტილების მიმღებმა იფიქრა, რომ ამით ქართველ ხალხს თავისუფალ სიტყვაზე წვდომას აუკრძალავდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სრული აღრევაა ფაქტების, სიმართლის, ღირებულებების და ყველა იმ საბაზისო პრინციპის, რომელზეც წესით, დასავლური სახელმწიფოები უნდა იდგნენ.
„მე ვფიქრობ, შედეგი ნამდვილად ვერ იქნება მიღწეული, რადგან „იმედს“ არანაკლებ მძიმე დღეები გადაუტანია. ვინც გვახსენდება ყველაზე ახლო წარსულში მედიაზე თავდამსხმელი, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმია. უბრალოდ, წარმოუდგენელია, რატომ გადაწყვიტა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომ დასავლეთის სახელით დაესხას თავს ქართულ თავისუფალ მედიას და რა თქმა უნდა, ყველასთვის უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო. თან ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც თავად ბრიტანეთი თურმე, აქტიურად თანამშრომლობს ეკონომიკურად რუსეთთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიები, დაახლოებით, 8 მილიარდ ფუნტამდე სავაჭრო აქტივობას ახორციელებენ და ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ თურმე, რუსული ნარატივის გავრცელებისთვის დასანქცირდა „იმედი“ და „პოსტივი“. სრული აღრევაა ფაქტების, სიმართლის, ღირებულებების და ყველა იმ საბაზისო პრინციპის, რომელზეც წესით, დასავლური სახელმწიფოები უნდა იდგნენ," - განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი".