ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს, ამას ვერ გავიზიარებთ - ასევე ვერ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, გარეტ უორდთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მან ელჩს სთხოვა წარმოადგინა ის მტკიცებულებები, რასაც ის ლონდონში აგზავნის იმისთვის, რომ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების მსგავსი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული.
„ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ბუნებრივია, ამას ვერ გავიზიარებთ. ასევე ვერ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში.
სანქციების დაწესების მიზანი არის, რომ დაასუსტონ რუსეთი. მითხარით, როგორ ხდება „იმედის“ და „პოსტვის“ დასანქცირებით რუსეთის დასუსტება?
ყველა კითხვა დავსვი ელჩთან და რა თქმა უნდა, ვთხოვე წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რასაც ის ლონდონში აგზავნის იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ქართული საზოგადოების წინააღმდეგ“, - აღნიშნა მინისტრმა.
ბოჭორიშვილს ჰკითხეს თუ რას გულისხმობს როდესაც ამბობს, რომ ვერ გაიზიარებს დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, რაზეც მან განმარტა, რომ სამინისტრო ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას საფუძვლიანად და ვერ დაეთანხმება ამ გადაწყვეტილების სისწორეს.
„ვერ გაზიარება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც კომუნიკაცია აქვს უცხოელ პარტნიორებთან, ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას საფუძვლიანად და ვერ დაეთანხმება ამ გადაწყვეტილების სისწორეს. ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია ის გავაკეთეთ - ელჩს ვთხოვეთ, კიდევ ერთხელ წარმოადგინოს საფუძვლები, რომელსაც ეს გადაწყვეტილება დაედო.
ელჩს ამ შეხვედრისთვის არ ჰქონდა არანაირი ფაქტობრივი მასალა წარმოდგენილი. თუკი ასეთი არსებობს რა ფორმითაც უნდა იმ ფორმით უნდა მოგვაწოდოს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი იყო დაბარებული.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.