ირანის საკითხი ჩვენთვის ნომერ პირველი საკითხია და იყო მრავალი წლის განმავლობაში, რადგან თავად ირანის რეჟიმის პირიდან გვსმენია, რომ მათი მთავარი მიზანი ისრაელის განადგურებაა. ისინი პირდაპირ ან არაპირდაპირ უჭერენ მხარს ყველა ტერორისტულ აქტივობას ისრაელის წინააღმდეგ, რომელთა შედეგადაც ათასობით ისრაელელი გარდაიცვალა - რა თქმა უნდა, ყოველთვის ვამჯობინებთ დიპლომატიურ გადაწყვეტას, ცხადია ვიმედოვნებთ, რომ დიპლომატიური ძალისხმევა წარმატებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ამის შანსი ძალიან დაბალია,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მან ის 4 ძირითადი საკითხი გამოყო, რომელიც ირანის კონტექსტში მნიშვნელოვანია, მათ შორის არის ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეწყვეტა და გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანა და ასევე, შორის რადიუსის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, რომელიც, ელჩის მტკიცებით, ირანის ფარგლებს მიღმა არსებულ ობიექტებზე თავდასხმას ისახავს მიზნად.
„ირანის საკითხი ნომერ პირველი საკითხია ჩვენთვის და იყო მრავალი წლის განმავლობაში, რადგან თავად ირანის რეჟიმის პირიდან გვსმენია, რომ მათი მთავარი მიზანი ისრაელის განადგურებაა. სწორედ ამიტომ, ირანი ნომერ პირველი შეშფოთების საგანია ჩვენთვის. ჩვენ გვქონდა 12-დღიანი ომი მათთან გასულ ივნისს. ისინი პირდაპირ ან არაპირდაპირ უჭერენ მხარს ყველა ტერორისტულ აქტივობას ისრაელის წინააღმდეგ, რომელთა შედეგადაც ათასობით ისრაელელი გარდაიცვალა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს ირანთან, ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ და გვაქვს სრული კოორდინაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს უახლოეს მოკავშირესთან. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვამჯობინებთ დიპლომატიურ გადაწყვეტას. გვაქვს ჩვენი საკითხები და გვაქვს კომუნიკაცია ამერიკასთან და ცხადია, ვიმედოვნებთ, რომ დიპლომატიური ძალისხმევა წარმატებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ამის შანსი ძალიან დაბალია. გვაქვს 4 საკითხი, რომელიც ჩვენი ზრუნვის საგანია - ეს არის ირანის ბირთვული პროგრამა - ისრაელს სურს ნულოვანი გამდიდრება ირანის შიგნით და გვსურს გამდიდრებული ურანის მის ფარგლებს გარეთ გატანა. მეორე საკითხი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა. ირანი აწარმოებს და აძლიერებს კიდეც შორ რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების წარმოებას, რომელსაც შეუძლია მისწვდეს ისრაელს, ევროპას და მის ფარგლებს გარეთაც. ეს არ არის თავდაცვითი იარაღი. 2-3-4 ათასი კილომეტრი რადიუსის ბალისტიკური რაკეტა ნიშნავს, რომ ისინი ემზადებიან ისრაელზე და ირანის მიღმა არსებულ სამიზნეებზე თავდასასხმელად. ეს არის ის, რასთან ერთადაც ვერ ვიცხოვრებთ. მესამე საკითხი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ირანის მიერ თავისი სატელიტების მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში, რომლებიც სხვადასხვა ფრონტზე ებრძვიან ისრაელს მრავალი წლის განმავლობაში, იქნება ეს „ჰეზბოლა“ ლიბანში, იქნება ეს იემენში თუ პალესტინის ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიც არის „ჰამასი“ და სხვა. ვფიქრობთ, რომ ეს საკითხიც უნდა შევიდეს ნებისმიერ შეთანხმებაში ირანთან. მეოთხე საკითხი, რომელზეც ვზრუნავთ და რაზეც საერთაშორისო საზოგადოებაც უნდა ზრუნავდეს, არის ირანში არსებული ვითარება, ის, რასაც ეს რეჟიმი უკეთებს თავის ხალხს - თითქმის 30 ათასი ირანელია მოკლული ქუჩებში. ეს უშუალოდ ისრაელს არ ეხება, მაგრამ ვუყურებთ რა ირანში განვითარებულ პროცესებს, თანავუგრძნობთ ირანელებს და ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გარკვეული უსაფრთხოების განცდა უნდა მისცეს ირანელ ხალხს, რათა მათ გააგრძელონ ცხოვრება დაშინების და მკვლელობის გარეშე რეჟიმის მხრიდან“,- განაცხადა ისრაელის ელჩმა.
მან აშშ-ის ჩართულობით კიდევ ერთ სამშვიდობო გეგმაზე ისაუბრა, რომელიც ღაზას ეხება და აღნიშნა, რომ „ჰამასის“ განიარაღების გარეშე, ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წინ ვერ წავა.
„ჩვენ დავეთანხმეთ პრეზიდენტ ტრამპის გეგმას, რომელიც შედგება 20 სხვადასხვა ნაბიჯისგან. როგორც ამერიკელები აცხადებენ, ჩვენ ახლა ვართ შეთანხმების მეორე ფაზაში. პირველი ფაზა მოიცავდა ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას, ცოცხლებისა და გარდაცვლილების. ახლა ყველა მძევალი გათავისუფლებულია და ჩვენ ღაზაში აღარ გვყავს მძევლები. მეორე ფაზის ძირითადი საკითხი „ჰამასის“ განიარაღებაა. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ „ჰამასის“ განიარაღებას და ამ საკითხზე კომპრომისს არ ვაპირებთ. მშვიდობის საბჭო შეიქმნა, ჩვენ იქ ვიყავით, მის გახსნაზე, საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა. ჩვენ დავეთანხმეთ ამ გეგმას, მაგრამ არ ვაპირებთ უკან დახევას უსაფრთხოების საკითხებზე და გავაგრძელებთ „ჰამასის“ განიარაღების დაჟინებულ მოთხოვნას. ვიმედოვნებთ, რომ ამ გეგმის სხვა მონაწილეები „ჰამასზე“ ზეწოლას განახორციელებენ მისი განიარაღებისთვის, სხვა შემთხვევაში საკითხი წინ არ წავა.“- განაცხადა ელჩმა.