კახა გოგოლაშვილი - ბრიტანეთისგან რაციონალური და კონკრეტული ნაბიჯებია, ხელისუფლებას კი მოსახლეობა ჰყავს ემოციურ განწყობებში - „ქართული ოცნება“ საქართველოს აიგივებს პარტიასთან და წარმოაჩენს საქართველოზე თავდასხმად, რაც არ ყოფილა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ საქართველოს გარკვეული მედია საშუალებები გამოიყენება რუსული ნარატივების გასავრცელებლად, - ამის შესახებ „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა და „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა განაცხადა დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ის სანქცირებაზე საუბრისას.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, საკითხი უსაფრთხოების ჭრილში უნდა განიხილებოდეს, ხოლო ხელისუფლების არგუმენტაცია დიდი ხანია ემოციურ ხასიათს ატარებს და საზოგადოებრივი განწყობების ფორმირებას ემსახურება.

„უნდა გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ევროპაში არის ომი. ევროპაში ომია გაჩაღებული და არის ორი მხარე, რა თქმა უნდა, ორივე მხარე არის ჰიბრიდული ომის მონაწილე. ომის დროს ინფორმაცია გამოიყენება, როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი და გააჩნია ვის ნარატივებს ავრცელებ, რომელი მხარის პოზიციებს გამოხატავ და ნერგავ საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, შენ გამოყენებული ხარ როგორც ამ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი. ამ შემთხვევაში ბრიტანეთის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ იმ [ჰიბრიდულ ომში] ომში, რომელშიც იმყოფება, საქართველოს გარკვეული მედია საშუალებები გამოიყენება რუსული ნარატივების გასავრცელებლად. ეს უნდა განვიხილოთ უსაფრთხოების თვალსაზრისით და სხვა აქ არაფერი. აქ არ არის ემოციური და დისკრიმინაციული. გასაგებია ხელისუფლების წარმომადგენლები ეცდებიან სხვა ელფერი მისცენ. მათი ყველანაირი არგუმენტი დიდი ხანია ემოციურია და მოსახლეობა ჰყავთ კონკრეტულ ემოციურ განწყობებში. ბრიტანეთის მხრიდან არის რაციონალური გათვლა და კონკრეტული ნაბიჯები“, - აცხადებს გოგოლაშვილი.

ასევე, გოგოლაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი სატელიტი ორგანიზაციები საქართველოს ინტერესებს პარტიის ინტერესებთან აკავშირებენ, ხოლო პარტიის ან მისი მხარდამჭერების კრიტიკას ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად წარმოაჩენენ.

გოგოლაშვილის შეფასებით, შექმნილი ვითარება პოლიტიკურ ნარატივებს უკავშირდება და არა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას.

„ზოგადად, „ქართული ოცნება“ და მის სატელიტები, იქნება ეს საინფორმაციო საშუალება თუ სხვა ორგანიზაციები, რომ საქართველოს აიგივებენ „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს ინტერესებს „ქართული ოცნების“ ინტერესებთან, საქართველოს პოზიციებს „ქართული ოცნების“ პოზიციებთან. თუ ვინმე დაესხა თავს მათ მომხრეებს ან „ქართულ ოცნებას“, ისინი ამას წარმოაჩენენ, როგორც საქართველოზე თავდასხმას. ეს არის დამატებითი ნარატივი, კონკრეტული მესიჯბოქსი, რომელიც ინერგება მოსახლეობაში, შემდეგ გამოიყენება ხშირი განმეორებით, ამ შემთხვევაშიც ამასთან გვაქვს საქმე. არანაირი თავდასხმა არ განხორციელებულა საქართველოზე. მოხდა კონკრეტულ ორგანიზაციებზე, ამ შემთხვევაში მედია ორგანიზაციებზე შეზღუდვების დაწესება, რაც თავდასხმადაც არ შეიძლება განვიხილოთ“,- აცხადებს გოგოლაშვილი.

ასევე, გოგოლაშვილის თქმით, სანქცირების გადაწყვეტილებამდე, სავარაუდოდ, არსებობდა ინტენსიური დიპლომატიური კომუნიკაცია, რაც მიუთითებს, რომ საკითხი წინასწარ იყო განხილვის საგანი.

„მთავრობის მედია საშუალებებისთვის სანქციები, რა თქმა უნდა, სკანდალია ორ ქვეყანას შორის. რა თქმა უნდა, ურთიერთობას ჩრდილს აყენებს. ამის თავიდან აცილება ხომ იყო შესაძლებელი, იგივე ელჩი დაებარებინათ ადრე და გაერკვიათ თუ რა პრეტენზიები ჰქონდა ბრიტანეთს. ელჩს იბარებენ მაშინ, როდესაც დაწესდა სანქცია. თუმცა ელჩს აუცილებლად ექნებოდა კომუნიკაცია. ბრიტანეთი ეს არის დიპლომატიის ყველაზე გამოჩენილი სახელმწიფო. თუ ბრიტანეთი რამეს აკეთებს ღიად, 90%-ი დიპლომატიური გზებით გაკეთებულია. ბრიტანეთი ძირითად პრობლემებს დიპლომატიური გზით აგვარებს. ასე რომ, ბრიტანეთის მხრიდან ძალიან ბევრი ნამუშევარი იქნებოდა საქართველოს მთავრობასთან“,- განაცხადა გოგოლაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო