ვახუშტი მენაბდე - ბაზრის კვლევის შედეგები პირდაპირ არ შეიძლება საფუძვლად დაედოს რეფორმას და საუნივერსიტეტო ავტონომიის შეზღუდვის საფუძვლად გამოვიყენოთ

ბაზრის კვლევის შედეგები რომც აჩვენებდეს იმას, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არ შეიძლება სწავლების თავისუფლებისა და საუნივერსიტეტო ავტონომიის შეზღუდვის საფუძვლად გამოვიყენოთ, - ამის შესახებ მოძრაობა „სოციალ დემოკრატიისთვის“ წევრმა, ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას: „შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ 14 400-მდე სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად - ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე“.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ ბაზარი დარვინიზმის მიდგომით მოქმედებს, ძლიერი უნდა გადარჩეს, სუსტი უნდა განადგურდეს, ხოლო სახელმწიფოს მიზანია, ადამიანები დაიცვას „ასეთი შიშველი პრეტენზიებისგან, რომელსაც ბაზარი უყენებს“.

„ბაზრის კვლევის შედეგები ვერ ადასტურებს იმ მოცულობის რეფორმას და მიმართულებებს, რასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბაზრის კვლევის შედეგები პირდაპირ არ შეიძლება საფუძვლად დაედოს[განათლების რეფორმას]. ბაზრის კვლევის შედეგები რომც აჩვენებდეს იმას, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, განათლების კონსტიტუციური უფლების, მისი შემადგენელი კომპონენტების, როგორიც არის სწავლების თავისუფლება, საუნივერსიტეტო ავტონომია, მათი შეზღუდვის საფუძვლად არ შეიძლება გამოვიყენოთ. ეს არის ძალიან ღრმა საკითხები და ძალიან მყარი არგუმენტები სჭირდება.

თუ ჩვენ ყველაფერს ბაზრის მოთხოვნებს დავუქვემდებარებთ, მაშინ გამოვა, რომ სახელმწიფოს ფუნქცია ბაზრის მოთხოვნების აღსრულება ყოფილა. რეალურად პირიქით, სახელმწიფოს ფუნქცია ბაზრის ველური უთანასწორო მოთხოვნების შერბილებაა. სახელმწიფო არის შუალედური დამცავი რგოლი ბაზარს და ადამიანს შორის. ბაზარი ითხოვს და არეგულირებს სოციალური და ეკონომიკური დარვინიზმის მიდგომით, სადაც ძლიერები უნდა გადარჩნენ და სუსტები განადგურდნენ, ხოლო სახელმწიფომ ეს უნდა შეარბილოს, შეაკავოს და ადამიანები დაიცვას ასეთი შიშველი პრეტენზიებისგან, რომელსაც მას ბაზარი უყენებს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ასევე, ვახუშტი მენაბდემ გადაცემაში ისაუბრა მისი მოძრაობის გეგმებზე და განაცხადა, რომ მოძრაობა „სოციალ დემოკრატიისთვის“ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას აპირებს.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ მათ დაბრკოლებებს შეუქმნის, მაგრამ მათთვის რეგისტრაციის ფურცელს მნიშვნელობა არ აქვს და პოლიტიკურ განაცხადს მაინც გააკეთებენ.

„ჩვენმა საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას, მაგრამ ამისათვის შეიმუშავა კრიტერიუმები, რომელიც უნდა დავაკმაყოფილოთ იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ, მზად ვართ პოლიტიკური პარტია ვიყოთ. ჩვენ გვინდა, რომ არ ვგავდეთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს.

ერთი წლის წინ ჩვეულებრივ ორგანიზაციას ვარეგისტრირებდით იმისთვის, რომ ანგარიში გვქონოდა და შემოწირულებები მიგვეღო. საქართველოში ერთ დღეში ხდება ორგანიზაციის რეგისტრირება, მაგრამ სამი თვე გვაწვალეს რეგისტრაციაზე, მაგრამ მაინც გავიტანეთ ჩვენი. რა თქმა უნდა, რეჟიმი შეგვიქმნის დაბრკოლებებს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის იურიდიულ ფორმას მოგვცემენ თუ არა. ჩვენთვის რეგისტრაციის ფურცელს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და მოქალაქეებს ვეტყვით, რომ ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, ეს იქნება ჩვენი პოლიტიკური განაცხადი მიუხედავად იმისა, ამას „ქართული ოცნება" ფურცელზე გადაიტანს თუ არა“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო