დაახლოებით 150 000 უცხოელი მიგრანტია ამ ეტაპზე ოფიციალურად რეგისტრირებული,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებასთან დაკავშირებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ჯერ კომპანიებში რეგისტრირებული მიგრანტების გათავისუფლების საკითხი არ დგას.
„ვისაც ჰყავს უკვე დასაქმებული და რეგისტრირებულები არიან, მათ კონტრაქტის ვადით, არაუმეტეს წლის ბოლომდე უნარჩუნდებათ სტატუსი. მათ ჯერ ახალი სისტემით რეგისტრაცია არ ესაჭიროებათ, თუ ძველი სისტემით არიან რეგისტრირებულები - დაახლოებით 150 000 უცხოელი მიგრანტია ამ ეტაპზე ოფიციალურად რეგისტრირებული. ამ წლის განმავლობაში, 1-ელ იანვრამდე, მოუწევთ ხელახლა მიიღონ ახალი სისტემით რეგისტრაცია. ანუ საუბარი იმაზე, რომ ვიღაცამ ვიღაცა უნდა გაათავისუფლოს, არაა“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, 1-ელი მარტიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდება. ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება.
ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონიერად დასაქმებისთვის, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება.
უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია და სარეგისტრაციო პორტალი 1-ელი მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. ნებართვის მიღება ფასიანია.
შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლის ვადით. კანონი ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა.
რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელს, სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სფეროს, სექტორისა და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდები - 2027 წლის 1-ელ იანვრამდე, მათთვის ვინც უკვე რეგისტრირებულია შრომითი მიგრაციის ელექტრონულ სისტემაში და დასაქმებულია ლეგალურად. მეორე საშეღავათო პერიოდი კი ვრცელდება 2026 წლის 1-ელ მაისამდე და იმ თვითდასაქმებულ უცხოელებს შეეხება, ვინც უკვე ახორციელებს შრომით/სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში.