ბაკურ კვაშილავა - „იმედის“ დასანქცირება მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობამ „ვინ ვინ არის“ ნაცვლად ყურადღება პრობლემებზე გადაიტანოს - „იმედის ბანკში“ კი ანაბარს ნუ გააკეთებთ, ეს განცხადება მანიპულაციურია

ამ არხების შეზღუდვა მნიშვნელოვანია, რათა შემცირდეს „ქართული ოცნების“ სიცრუის, ცილისწამებისა და უსამართლობის ნიაღვარი და რომ მოსახლეობამ ყურადღება „ვინ ვინ არის“ ნაცვლად, სხვა უფრო მნიშვნელოვან პრობლემებზე გადაიტანოს, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა ბაკურ კვაშილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელების“ მიზეზით, ბრიტანეთის მხრიდან ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „POSTV-ს“ დასანქცირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული არხების დასანქცირება „ძალიან ზუსტი და სწორი გადაწყვეტილება იყო“.

„რეალურად, ეს არის ორი ტელეკომპანია, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენს. რეიტინგების მიხედვით, მათ მოსახლეობის დიდი ნაწილი უსმენს და ვინაიდან ისინი, პრორუსულ ნარატივს ავრცელებენ, საჭიროდ ჩაითვალა, რომ ეს ნაბიჯი გადადგმულიყო. რუსეთი ცივილიზებული მსოფლიოსთვის გარეთ დაჩენილი ქვეყანაა, რომელიც აგრესორია და მისი პრეზიდენტი საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი და ეჭვმიტანილია და როდესაც ეს ორი ტელეკომპანია მის ნარატივს ავრცელებს, ბუნებრივია, რომ ეს თავისუფალი სამყაროსთვის გამოწვევაა.

ბრიტანეთმა, აშშ-მ, ისევე როგორც ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ დიდი ხნის განმავლობაში აწარმოეს მოლაპარაკება [ქართულ ოცნებასთან], თუმცა „ოცნებამ“ არც ერთი ქმედებითა და განცხადებით, არცერთი ნაბიჯით არ აჩვენა საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, რომ ისინი ისეთ ელემენტარულ კომპრომისზე მაშინ წავლენ, როგორიც შერჩევითი სამართლით გასამართლებული, უდანაშაულო პატიმრების გათავისუფლებაა. ბრიტანეთს არაფერი ჰქონდა სათქმელი გარდა იმისა, რომ - „თქვენ გქონდათ უზარმაზარი დრო და საშუალება გადაგედგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდებოდა საკუთარ, ევროპულ ოჯახს და ამის მაგივრად, თქვენ აგრძელებთ ქართველი ხალხის მოტყუებას, ცნობიერების მოწამვლას და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ქართველი ერი თქვენგან გავათავისუფლოთ“,- განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედის“ განცხადებას, რომ „იმედის ბანკს“ აფუძნებს, კვაშილავა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მანიპულაციურ და სასაცილო განცხადებად აფასებს.

„მოქალაქეებს ვეტყვი, რომ „იმედის ბანკში“ ანაბარს ნუ გააკეთებენ. ეს განცხადება მანიპულაციურია. არცერთი ბანკი არ წავა დასანქცირების გზაზე და „იმედისთვის“ თავს არ გადადებს. ეს განცხადება არის მცდელობა ეჩვენებინათ, რომ სანქციები მათთვის არაფერს ნიშნავს. კომპანია, რომელსაც 1000 ლარად გაიყიდა და რომელსაც 400 მილიონი ლარის ვალდებულებები აქვს შესასრულებელი, თურმე ფინანსურად ისეა გამაგრებული, რომ საკუთარ ბანკს აფუძნებს. ეს გვიჩვენებს თუ რამხელა შავი ფულით ფინანსდება „იმედი“. ისტერია, რომელიც „იმედის“ თანამშრომლებისგან ჩანს, ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მათთვის მტკივნეულია. სანქცირების პროცესი „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული. თუ ისინი გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს მოემსახურება და შეესაბამება და არა კონკრეტულად „ქართული ოცნების“ პატრონს, მაშინ ასეთი სანქციები აღარ იქნება. მათი პოლიტიკა არა მარტო ჩვენ - ქართველ ხალხს, არამედ როგორც ჩანს, დასავლეთსაც აზიანებს. ანომალიები გვაქვს - ბრიუსელის მიმართ „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან საგინებელი სიტყვა 100-ია, მოსკოვის მიმართ კი 1 და რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ადგილას სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ხედავს და გვეუბნება, რომ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ძირძველი მიწა-წყალი, არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ, ლტოლვილების დაბრუნებაზე, მაინც ბოროტების ბუდე ამ მთავრობისთვის ბრიუსელია და მოსახლეობას ამაში არწმუნებდა ამ ორი შხამით სავსე ტელევიზიით“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

ამასთან, მისი აზრით, ვადამდელი არჩევნები „ახლოსაა“.

„ოცნება“ აბსურდის თეატრში შედის: თავისი განცხადებებით, ნაკლები კომპეტენციით, როგორიც არის ჭარბწონიანობა, პრეზიდენტის დემოგრაფიის გაუმჯობესებაში ჩართულობა, რომ თურმე ბევრი მარკეტი - მაღალ ფასს წარმოშობს, განათლების „დეფორმა“, ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ვადამდელი არჩევნები ახლოსაა. ტელეკომპანიების სანქცირება ლოგიკური გაგრძელებაა იმ საგარეო თუ შიდა წნეხის, რომელი ამ მთავრობას აიძულებს მიმართოს ისეთ გზას, როგორიც რიგგარეშე არჩევნებია. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, „ქართული ოცნების“ მიერ ავტომატურად უკან დახევას ნიშნავს. თუ დაინიშნა არჩევნები, მას მოუწევს იმ კანონმდებლობის უკან გაწვევა, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პარტიებს შორის კონკურენციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არჩევნები არ იქნება“, - განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო