ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს თავისუფლება, თავმოყვარეობა და ქართველი ხალხი ჩვენ სხვისი პოლიტიკური ინტერესების სასაკლაოზე არ უნდა გავუშვათ - ეს არის მთავარი, თორემ ვიზა მოსანატრებელი გაგვიხდება, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა შეკითხვას, “არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ქართველმა ხალხმა ვიზალიბერალიზაცია გადაკარგოს”.
მისი თქმით, “ევროკავშირი ფიქრობს, რომ საქართველოს ეს პირობები აქვს შესასრულებელი: ერთსქესიანთა ქორწინების აღიარება, სასამართლო ხელისუფლების გარედან დაკომპლექტება, რუსეთთან პირდაპირი სასანქციო რეჟიმის შემოღება და გარე დაფინანსების სრული უზრუნველყოფა ქართულ პოლიტიკაში.”
“მათი გაგებით, ჩვენ ეს პირობები გვაქვს შესასრულებელი - ერთსქესიანთა ქორწინების აღიარება, სასამართლო ხელისუფლების გარედან დაკომპლექტება, რუსეთთან პირდაპირი სასანქციო რეჟიმის შემოღება და გარე დაფინანსების სრული უზრუნველყოფა ქართულ პოლიტიკაში. ანუ, თუ საქართველოს სუვერენიტეტზე ვიტყვით უარს გვეტყვიან, რომ “ქართველებო ისიც გეყოფათ, რომ 90 დღით საზღვარგარეთ წახვალთ”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაში საქართველოზე პირნათელი ქვეყანა არცერთია.
“ჩვენ რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, ეს ამ ადამიანებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის სიკეთეა? რუსეთს თუ სანქციებს დავუწესებთ, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის სიკეთე იქნება?
საერთაშორისო სანქციების აღსრულებაში საქართველოზე პირნათელი ქვეყანა არცერთია. აქ საუბარია რუსეთთან პირდაპირი სანქციების დაწესებაზე, რომ ჩვენი პროდუქცია აღარ გავიდეს რუსეთში, ჩვენი ეკონომიკა ჩამოიქცეს, რუსეთმა სანქციები აქეთ დაგვიწესოს. როცა ვამბობთ, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, ამით დამთავრდება ყველაფერი? სხვა პოლიტიკური, სამხედრო თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აგრესია არ წამოვა რუსეთის მხრიდან?
ლამაზი ლოზუნგით რომ გვექაჩებოდნენ ომში, ეს საფრთხის მატარებელი არ არის? ოპოზიცია რომ ხარობს, თვითონ რას ამბობენ, რომ მზად არიან საომრად?” - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება.
„ევროკავშირი ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს ამ მიზნისკენ მუშაობას მოვუწოდებთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე ევროკავშირმა მტკიცე რეაგირება მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა“, - ნათქვამია ფონ დერ ლაიენის მიერ ოპოზიციისთვის გაგზავნილ წერილში.