ვინ იქნებიან ის მამაცი „კამიკაძეები“, რომლებიც „იმედის“ ბანკის ადმინისტრატორები გახდებიან? - იპოვიან ასეთ ადამიანებს, იუდებს, 30 ვერცხლის მოყვარულებს, თუმცა აშკარა ხდება, რომ ეს ძალიან სახიფათო ვერცხლია, - ამის შესახებ ფინანსისტმა ნიკოლოზ შურღაიამ განაცხადა, რითაც ეხმაურება „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საკუთარ ბანკს შექმნიან.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ნიკოლოზ შურღაიამ განაცხადა, რომ „იმედის“ მიერ ბანკის შექმნა „ძალიან მტკივნეული წამოწყებაა და რისკებთან და ფინანსურ დანაკარგებთანაა დაკავშირებული“.
„ბანკს სჭირდება მინიმალური საწესდებო კაპიტალი 50 მილიონი. ასევე მას სჭირდება პროცედურის გავლა, მათი რეპუტაციის შესახებ ეროვნული ბანკისთვის დამადასტურებელი და დამაჯერებელი ინფორმაციის შექმნა. ვინ არიან მისი აქციონერები, ადმინისტრატორები ეს ინფორმაცია უნდა წარადგინონ. ბატონი რუხაძე და სამეთვალყურეო საბჭოს რამდენიმე წევრი საჩქაროდ გავიდა „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოდან და ვინ იქნებიან ის მამაცი „კამიკაძეები“, რომლებიც „იმედის“ ბანკის ადმინისტრატორები გახდებიან, უფრო სწორად უიმედობის ბანკის. შემდეგ ამას დრო სჭირდება, შიგ სხვადასხვა სამსახურები უნდა შეიქმნას, პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება და ამის შესახებ დამაჯერებელი ინფორმაციის წარდგენა, ასევე ბიზნესგეგმის წარდგენა. ეროვნული ბანკის ლიცენზირების დეპარტამენტი გათხვრილი უნდა აღმოჩნდეს. უნდა იპოვონ ის ადამიანები, ვინც გეგმას შეადგენენ, წარადგენენ, ადმინისტრატორებად და დამფუძნებლად დარეგისტრირდებიან. სინდისისგან დაცლას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ სერიოზული რისკების ამღები ადამიანები უნდა იპოვონ. იპოვიან ასეთ ადამიანებს, იუდებს, 30 ვერცხლის მოყვარულებს,თუმცა აშკარა ხდება, რომ ეს ძალიან სახიფათო ვერცხლებია. შეუძლებელი არ არის, თუმცა სერიოზული წინაღობა აქვთ გადასალახი.
დავუშვათ და ბანკი შექმნეს, მერე ამ ბანკმა ანგარიშები უნდა გახსნას სხვა ბანკებში. თავისთავად ეს ბანკი უკვე დიდი კითხვის ნიშნებით იქნება და შესაძლოა, სანქცირების ობიექტი და რომელ ბანკს მოუნდება ამ ბანკთან ანგარიშის გახსნა. გინდა პირდაპირ „იმედისთვის“ გაგიხსნია ანგარიში და გინდა ირიბად „იმედის ბანკთან“. ეს შეიძლება უფრო შინაური ხალხისთვის იმედის მომცემი განცხადება იყოს. ნაწილობრივ შიდა მოხმარების განცხადებაა, მაგრამ შესაძლებელია სერიოზული გეგმაც იყოს, თუმცა რაც უფრო დრო გავა, თვითონ დაინახავენ რამდენად ძნელი შესასრულებელია“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.
ცნობისთვის, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. აღნიშნულ საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
„ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება "კოლიზია" სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“.