ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026

ვიქტორ ყიფიანი - “ყოველივე ეს ნათლად აჩვენებს, რა ფასი აქვს რუსეთთან მოკავშირეობას”

რას ნიშნავს ივანიშვილის გამოჩენა ქართული ტელეკომპანიების დასანქცირების ფონზე

ვახტანგ კაპანაძე - პუტინის “ბუმერანგი” ანუ რისი ეშინიათ კრემლში

აქვთ თუ არა “ლელოს“ და გახარიას პარტიას “მესამე ძალად” ქცევის პოტენციალი

გიორგი კეპულაძე - “იმედის” გამო ამხელა მსხვერპლზე წასვლა არ ღირს”

* * *

ვიქტორ ყიფიანი - “ყოველივე ეს ნათლად აჩვენებს, რა ფასი აქვს რუსეთთან მოკავშირეობას”

“ირანზე დარტყმა გარდაუვალი იყო, პროცესი როგორ შეიძლება დასრულდეს, დაზუსტებით თქმა გამიჭირდება. ქართული გადმოსახედიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია ის, რომ გრძელდება რღვევა იმ სამოკავშირეო ღერძის, რომელიც რამდენიმე ქვეყანას რუსეთის მონაწილეობით აკავშირებდა. თუ რეჟიმი მართლაც დაემხო ირანში, ეს ნიშნავს ამ ქვეყნის ამოვარდნას აღნიშნული რგოლიდან, რაც გავლენას მოახდენს როგორც რეგიონზე, ასევე უკრაინის ომზე და გარკვეულწილად იმოქმედებს სამხრეთ კავკასიაზეც. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ. საქმე ის არის, რომ რეჟიმისგან გათავისუფლებული და გარკვეულწილად ამერიკულ გავლენაში მოქცეული ირანი ნიშნავს რიგი სატრანსპორტო კორიდორების განბლოკვას, რომლებიც ჩაკეტილი იყო სწორედ ირანის რეჟიმის გამო. ეს აუცილებლად დაგვიმატებს გამოწვევებს მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოა და ცდილობს ქვეყანა მაქსიმალურად გარიყოს რეგიონული პროექტებიდან”, - აცხადებს პოლიტიკური ინიციატივის “ჯერ საქართველო” დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ყოველივე ეს ნათლად აჩვენებს, რა ფასი აქვს რუსეთთან მოკავშირეობას”.

“ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ ირანი გაიხსნა და ინტეგრირდა რეგიონულ და სუბრეგიონულ ეკონომიკაში, ეს ჩვენთვის ნიშნავს უფრო მეტ კონკურენციას და სატრანზიტო-სატრანსპორტო გამოწვევას. ეს შეიძლება ახლა ძალიან არაპოპულარულ მოსაზრებად ჩანდეს, მაგრამ რეალობა ასეთია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვქომაგობთ ირანის რეჟიმის დაცემას და სამართალი და მორალი ამ ქომაგობის მხარეს არის, თუმცა არსებობს მეორე, პრაგმატული მხარე, რომელიც უშუალოდ ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და პოზიციონირებას ეხება. ეს მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს და აუცილებლად უნდა გავახსენოთ საზოგადოებას. ირანის გახსნის შემთხვევაში სატრანსპორტო კორიდორები მეტად გადაინაცვლებს სამხრეთის მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს გამტარი ფუნქცია გახდება ნაკლებად აქტუალური. ამას ამბობენ უფრო კომპეტენტური წრეები და სპეციალისტები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი აზრი არ არის გადათარგმნილი აქტიური პოლიტიკის ჭრილში და დღევანდელი პრობლემები სწორედ ამას ადასტურებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ ყიფიანი.

“რაც ხდება ყოველივე ეს ნათლად აჩვენებს, რა ფასი აქვს რუსეთთან მოკავშირეობას. იმ რეჟიმებისთვის, რომლებსაც რუსეთი თითქოს ექომაგება, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და საქმე არ ჩანს. ეს არის მნიშვნელოვანი შეხსენება ზოგიერთი ამხანაგისთვის აქ, ჩვენთანაც... იყო მოლოდინი, რომ ტრამპი თითქოს ჩაიკეტებოდა დასავლურ ნახევარსფეროში და მისი პოლიტიკა უფრო თვითშეკავებაზე იქნებოდა ორიენტირებული; მეტიც, ზოგიერთი ანალიტიკოსი მას იზოლაციონისტურ პოლიტიკასაც კი უწინასწარმეტყველებდა. თუმცა თუნდაც სამხრეთ კავკასიით დაინტერესება და ახლა ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია მეტყველებს, რომ ტრამპის ხელწერა უკავშირდება აქტიურ საგარეო პოლიტიკას. აშშ ჩაერევა იქ, მაშინ და იმგვარ გარემოებებში, სადაც, როდის და როგორც საჭიროდ მიიჩნევს გამომდინარე საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან. აშშ ახდენს ერთგვარ გადაჯგუფებას, კონსოლიდაციას და რესურსების გამაგრებას დასავლეთ ნახევარსფეროში, მაგრამ უკვე კონსოლიდირებული და გაძლიერებული უფრო თამამად იმოქმედებს იმ რეგიონსა და იმ ვითარებაში, სადაც და როგორც საჭიროდ ჩათვლის. აქედან გამომდინარე, ჩვენთანაც დასკვნები უნდა გაკეთდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“იმედის” და ”პოს ტვ”-ის დასანქცირება მოხდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეოთხე წლისთავზე. ბრიტანული მხარის დასაბუთებაში მთავარი ის იყო, რომ ეს ტელეკომპანიები მონაწილეობენ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში, განსაკუთრებით უკრაინის შესახებ - ანუ დიდი ბრიტანეთი რეალურად მიიჩნევს, რომ ეს ორი კომპანია საინფორმაციო სივრცეში რუსული აქტივებია. ბუნებრივია, აბსოლუტურად საპირისპირო შეფასებები მოვისმინეთ “ოცნების” ხელისუფლებისგან, რომლის მსგავს პოლიტიკურ ფორმაციაში ამა თუ იმ ხელისუფლების სიმყარე დიდად არის დამოკიდებული საინფორმაციო ველის კონტროლსა და პროპაგანდის სიმტკიცეზე. “იმედი” ამ თვალსაზრისით მძლავრი და არსებითი ინსტრუმენტია იმ რეჟიმის შესანარჩუნებლად, რომელიც მართავს დღეს ქვეყანას. ის ზღვარგადასული შეფასებები, რაც მოვისმინეთ დიდ ბრიტანეთზე, მიუთითებს, რომ სანქციები შეეხო არა მხოლოდ ორ არხს, არამედ მთლიან პოლიტიკურ რეჟიმს და ეს “ქართულ ოცნებაში” ნამდვილად მიიღეს მტკივნეულად”, - განმარტავს “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელი.

“მათი განცხადებები, თითქოს ეს არის იერიში სიტყვის თავისუფლებაზეა, სრულიად უსაფუძვლოა. ამ ტელეკომპანიებს მედიის თავისუფლებასთან არაფერი აქვთ საერთო. ეს არის სპეციფიკური ორი ორგანიზაცია, რომლებიც არა მხოლოდ ობიექტურობისგან შორს არიან, არამედ მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს. მეტიც, მათი მთავარი დანიშნულებაა თავისუფალი აზროვნების ჩახშობა ქვეყანაში. მათი საქმიანობა პირდაპირ მიმართულია თავისუფალი ადამიანისა და ეროვნული სახელმწიფოს მედეგობის წინააღმდეგ და, ფაქტობრივად, ისტორიის გადაწერასა და ხვალინდელი დღის დამახინჯებულ აღქმაზე. ამიტომაც კატეგორიულად ვემიჯნები შეფასებებს, რომ ეს თითქოს მედიაუფლებების ხელყოფაა. თუ ვლაპარაკობთ პოლიტიკური სისტემის ერთიანობაზე, ასეთ ე.წ. მედიასაშუალებებს და მათ პროპაგანდას ძალიან დიდი როლი აქვთ. ის ვნებათაღელვა, რაც ვნახეთ და კიდევ ვიხილავთ სანქციების დაწესების შემდეგ, ლაპარაკი ამ ტელეკომპანიების გადარჩენაზე, მხოლოდ და მხოლოდ მაჩვენებელია იმისა, რომ დარტყმა შეეხო სისტემის გულსა და გონებას”, - დაასკვნის ვიქტორ ყიფიანი.

“რთულია ზუსტად თქმა, რა ამოძრავებს ხელისუფლებას. ჩემი აზრით, დასავლეთთან კონფრონტაციის შესახებ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღეს, რაც დაემთხვა უკრაინაში ომის დაწყებას. ჩარხი ამუშავებულია და ხშირად ვამბობ, რომ ის თავისთავად არ გაჩერდება, თუ მას რაიმე ან ვინმე არ შეაჩერებს. არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება იტოვებს დასავლეთთან ურთიერთობის დალაგების შესაძლებლობას, თუნდაც ჰიპოთეზურად, მაგრამ მთავარი ფსონი მაინც აშშ-სა და ტრამპის ადმინისტრაციაზე კეთდება. “ქართული ოცნების” გადმოსახედიდან დასავლეთი ორ ნაწილად არის გაყოფილი |- ევროპა და ტრამპის ამერიკა. ევროპის შესახებ კვლავაც გააგრძელებენ ნეგატიური განწყობების გაღვივებას საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, თუმცა ტრამპის ამერიკასთან განსხვავებული პოზიცია აქვთ. თუმცა აქაც განცხადებიდან განცხადებამდე ეს პოზიცია ფერმკრთალდება და მცირდება. ეს დაღმავალი ევოლუცია ტრამპთან ურთიერთობის დალაგებაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შესამჩნევია. ეს უკავშირდება იმასაც, რომ მიმდინარე მოვლენები არ არის მხოლოდ ქართული ამბავი, ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში გეოპოლიტიკური გადალაგების ერთ-ერთი ნაწილი”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“ყველაფერს უნდა ვუყუროთ დიდ სურათში - გეოპოლიტიკურ ძალთა შორის წონასწორობის ახალი წერტილის გამოკვეთაში. ეს პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით: ომი უკრაინაში, პროცესები სამხრეთ კავკასიაში და საქართველო ამ პროცესების ორგანული ნაწილია. “ოცნების” განცხადებები, ქმედებები, საკანონმდებლო ცვლილებები მიუთითებს რუსეთის სასარგებლოდ გადახრაზე. მე არა მაქვს მტკიცებულება, რომ არსებობს პირდაპირი კოორდინაცია კრემლთან, მაგრამ, ფაქტობრივად, მსოფლმხედველობრივი ერთობა აქვთ. ამის მამოძრავებელი მიზეზები შეიძლება იყოს გეოპოლიტიკური, დოქტრინული აღქმა ან მერკანტილური ინტერესები - ფინანსური სარგებელი. შეიძლება მოქმედებდეს ორივე. უკრაინის ომამდეც ჩანდა ნიშნები, რომ ხელისუფლება ამ ქვეყნებისგან დისტანცირებას იწყებდა, ომის შემდეგ კი ეს უფრო გამოიკვეთა. ამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია დასავლეთის პოლიტიკური სისტემის ღიაობა და ანგარიშვალდებულება მოქალაქეების წინაშე, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს ამ ხელისუფლებას. შესაბამისად, საქართველოდან დასავლეთის განდევნის ცდა დაკავშირებულია სწორედ იმ პრინციპებისა და სტანდარტების განდევნასთან, რომლებიც ასეთი მმართველობისთვის პრობლემურია, - მიიჩნევს “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელი.

“რაც შეეხება სომხეთს და აზერბაიჯანს, აშშ-ის ინტერესი რეგიონში პოზიტიურია, თუმცა პროცესი ვერ ასახავს საქართველოს ინტერესების განმტკიცებას. თანდათან იშლება ის ფუნქცია, რომელიც ქვეყანას 90-იანებიდან მონოპოლიურად ჰქონდა რეგიონში. ეს მონოპოლია სამუდამო ვერ იქნებოდა, მაგრამ დღეს საქმე გაცილებით მძიმედ არის. საუბარია არა მხოლოდ შეზღუდვებზე, არამედ საქართველოს ფაქტობრივ “ამოშლაზე” რეგიონული რუკიდან. ეს არ არის მხოლოდ ემოციური აღქმა. თუ გავითვალისწინებთ “ტრამპის მარშრუტის” პერსპექტივებს და ირანში მიმდინარე მოვლენებს, ეს ყველაფერი ვერ იქნება საქართველოს სასიკეთოდ, თუ გავაგრძელებთ ასეთ პასიურ პოზიციას - ჩაჩოჩებას სახელმწიფოდან გეოგრაფიულ ერთეულამდე. აქტიური მონაწილეობის ნაცვლად, ჩვენ ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებთ. საქართველოს რეალობა არ შეესიტყვება­ არც რეგიონულ ინტერესებს და არც დასავლური ძალების პოზიციების განმტკიცებას. ამიტომ რუსული ზეწოლა ქართულ პოლიტიკაზე უფრო გაძლიერდება. სამწუხაროა, რომ ქართული ხელისუფლება ხშირად უნისონში მოქმედებს ანტიდასავლურ ძალებთან”, - თვლის ვიქტორ ყიფიანი და შეკითხვაზე - “ეროვნული ბანკის განცხადებამ ბევრი გააკვირვა, თითქოს ბანკებს მოუწოდეს არ დაემორჩილონ სანქციებს...” - პასუხობს:

“მეც ძალიან გამაკვირვა, მით უმეტეს, ლაპარაკი, რომ “იმედის ბანკს” ქმნიან და ამაში მონაწილეობისკენ სხვა ბანკებსაც მოუწოდებენ, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. წარმოდგენაც ძნელია, რომ ხელისუფლება შეიძლება ასე შორს წავიდეს - ქვეყნის საბანკო-ფინანსურ სტაბილურობას და, შესაბამისად, ეკონომიკური სისტემის მთავარ ხერხემალს, ფინანსურ ნაკადებს შეუქმნას საფრთხე. თუმცა ხელისუფლების მრავალი სხვა გადაწყვეტილებაც, კანონები და განცხადებებიც წარმოუდგენელი იყო. ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავთ. ხელისუფლების ემოციური აშლილობა, გაუწონასწორებელი, ქვეყნის საზარალო გადაწყვეტილებები და კანონები, სამწუხაროდ, მხოლოდ უარესის მოლოდინს აჩენს”.

“დღეს ქვეყანა არ აწარმოებს სახელმწიფო პოლიტიკას, “ქართული ოცნების” ხელისუფლება კლასიკური გაგებით სახელმწიფოს არ წარმოადგენს. ეს არის ვიწრო ინტერესების ნაერთი, ამიტომ საკუთარი პოზიციების დასაცავად გეოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში ხშირად იღებს საეჭვო გადაწყვეტილებებს. აქვე იბადება კითხვა, რას აპირებენ ქართული ბანკები და ბიზნესი? რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს ამ გარემოებაში და მზად არიან ასეთი პოლიტიკისთვის? ეს, ალბათ, მთავარი შეკითხვაა. ჩვენ ვართ მოწმე პარტიული და სამოქალაქო პოლიტიკური აქტივობის, მაგრამ თუ ეს ძალისხმევა არ იქნება საერთო ეროვნული ხასიათის, ეს არ იქნება საკმარისი. ამაში მე ვგულისხმობ ქართული ბიზნესის მიერ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაჭერასაც, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის განულება, მისი რეპუტაციული იმიჯის შელახვა, მისი ეკონომიკური, მათ შორს ფინანსური მდგრადობის გაქარწყლება, მათ მომავალსაც დაასამარებს. დღეს იმის მომიზეზების დრო აღარ არის, რომ თურმე ბიზნესი და პოლიტიკა შორს არის ერთმანეთისგან. დღეს ყველა ცხადად ვხედავთ რაოდენ ღრმად შევიდა პოლიტიკა ბიზნესში, დაიმორჩილა ის. ამიტომ ჯობს ბიზნესმა თვალი გაუსწოროს რეალობას და ითამაშოს პოლიტიკურ პროცესში აქტიური როლი”, - დასძენს ვიქტორ ყიფიანი.

რას ნიშნავს ივანიშვილის გამოჩენა ქართული ტელეკომპანიების დასანქცირების ფონზე

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კვლავ გამოჩნდა საჯაროდ. ეს 27 თებერვალს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდა, სადაც მთავარი საკითხი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების - “იმედისა” და “პოს ტვ”-ის დასანქცირება იყო. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ტელეარხების დასანქცირება “ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანი საკითხია. ამიტომ პირადად ივანიშვილს მოუწია გამოჩენა და მხარდამჭერების “დამშვიდება, რომ ყველაფერი ძველებურადაა”; ნაწილი კი ამბობს, რომ ივანიშვილის გამოჩენაში “განსაკუთრებულ ინტრიგას” ვერ ხედავს და შესაძლოა სხდომაზე უფრო სერიოზული საკითხებიც იხილებოდა, მაგალითად, რას მოიმოქმედებს “ოცნება”, თუ დიდი ბრიტანეთი ამ სანქციებზე არ გაჩერდება. პოლიტსაბჭოს სხდომა გასულ პარასკევს პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “იმედისა” და “პოს ტვ”-ის დასანქცირების საკითხზე, პარტიის განცხადება გააცნო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რას ნიშნავს ივანიშვილის გამოჩენა ქართული ტელეკომპანიების დასანქცირების ფონზე.

“პოლიტსაბჭოს შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითია. “მოტივი დისკრედიტებული, ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო... როგორც კი რადიკალურმა ოპოზიციამ უცხოელი პატრონების მხრიდან “იმედისა” და “პოს ტვის” სანქცირებით ერთჯერადი დახმარება მიიღო, ერთიანი „მესიჯბოქსით" დაიწყეს აბსურდის მტკიცება, თითქოს, ხელისუფლება და თავისუფალი ქართული მედია ჩამოშლის პირას იყო. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და ამავდროულად, ამ ადამიანების ტრაგედია, რომ მათი შეხედულებით, საქართველოს ბედს არა ქართველი ხალხი, არამედ გარე ძალა უნდა წყვეტდეს”, - მიიჩნევს მმართველი პარტია. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ “ოცნების” ოპონენტების მიერ შეთხზული ნარატივია, რომ თითქოს ივანიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომაზე სპეციალურად ტელემედიების დასანქცირების საპირწონედ გამოჩნდა. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ ივანიშვილის გამოჩენა სწორედ მხარდამჭერების დამშვიდებას უკავშირდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიციური არხებისა და ექსპერტების მიერ შეთხზული ნარატივია, რომ თითქოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ივანიშვილის გამოჩენა აუცილებლად “პოს ტვ”-ისა და “იმედის” დასანქცირებას უკავშირდება. არ ვიცით ნამდვილად ასეა თუ არა. შესაძლოა იქ რაღაც გადაუდებელი, ან რაღაც დაგეგმილი საქმეებია, რაზედაც ივანიშვილის დასწრება და მისი უშუალო კონტაქტი იყო საჭირო პოლიტსაბჭოს წევრებთან. მე პირადად ასე პირდაპირ არ დავაკავშირებდი, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ტელევიზიების დასანქცირებაც ყოფილიყო განხილვის საგანი. ბრიტანეთის მიერ დასანქცირების აქტი ორი ტელეკომპანიის მასშტაბებს სცდება, უფრო შორსმავალ მიზნებზეა გათვლილი, რომელიც “ოცნების” დასუსტებას და ოპოზიციის გაძლიერებას ემსახურება. იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილი გამორჩეული ფიგურაა, გასაგებია, რომ როგორც პროსახელისუფლებო, ისე ოპოზიციური მედიის მხრიდან მომატებულია მისდამი ყურადღება და ამ საკითხის ზედმეტად დრამატიზება უადგილოა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ნებისმიერი ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში თავისი მხარდამჭერები და საზოგადოება დაამშვიდოს. ლიდერების განცხადებებიც ამისკენ იყო მიმართული. ივანიშვილს განცხადების გაკეთება რომ სდომოდა, გააკეთებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საჭიროდ არ ჩათვალა და თუნდაც მარტო მისი გამოჩენაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის საკმარისი იქნებოდა გარკვეული სიგნალების მისაღებად, რომელიც შეიძლება ვერბალურად არც საჭიროებს გაჟღერებას. პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეიძლებოდა განხილულიყო სხვა უფრო მნიშველოვანი საკითხები, მაგალითად, ის, თუ ბრიტანეთის ხელისუფლებამ კიდევ რა შეიძლება მოიმოქმედოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ხელისუფლება ამისთვის მზად რამდენად არის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პრემიერ მინისტრის განცხადება, რომ ჩვენ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით, ეს სწორედ ერთგვარი სიგნალია როგორც ადგილობრივი, ისე გარე აუდიტორიისთვის, რომ “ოცნება” სარკისებრი ზომების მიღებას არ აპირებს. ჩემი ანალიზით, ბრიტანეთი ამ სანქციებზე არ გაჩერდება, რადგან, როგორც ჩანს, მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოში ისეთი პროცესების ინიცირება, რომელიც ოპოზიციას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში წაეხმარება. დიდი ბრიტანეთი იმიტომ იქნა არჩეული, რომ ევროკავშირში სანქციებს კონსენსუსი და დიდი დრო სჭირდება, ბრიტანეთს კი ეს პრობლემა არ აქვს. იქ ჩადიოდნენ ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რამდენიმემ ეს აღიარა კიდეც და როგორც ჩანს, მიზანს მიაღწიეს”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.

“ “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლისთვისაც ივანიშვილი ეკრანებზე გამოჩნდა, სწორედ “იმედისა” და ”პოს ტვ”-ის დასანქცირება იყო, საზოგადოების და ძირითადად მათი მხარდამჭერების დამშვიდება, რომ ყველაფერი ძველებურადაა, სახიფათო არაფერია, თითქოს ამით არ შეშინდებიან და უკან არ დაიხევენ. თუმცა, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება არხების დასანქცირება იმდენად არა, რადგან “რუსთავი 2” და საზოგადოებრივი მაუწყებელი რჩება, რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებს. თუ იძულებულები გახდებიან, რომ ეს არხები დახურონ, ეს გადაცემები ნელ-ნელა იქით გადავა და ორი პროპაგანდისტული არხიც საკმარისია საქართველოსთვის... ჩვენმა პარტნიორებმა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და განაცხადეს, რომ არ გაჩერდებიან. შემდეგ შეიძლება იყოს სერიოზული პერსონების, მათ შორის ივანიშვილის დასანქცირება, ან შეიძლება ეს პირველი მერცხალი გამოდგეს - ევროკავშირმაც უვიზო მიმოსვლა აკრძალოს. ივანიშვილს პრობლემა აქვს - აქამდე თუკი ფიქრობდნენ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა, ახლა დარწმუნებული არიან და პროცესიც ამას აჩვენებს, რომ ალბათ მთელი დასავლეთი დაასანქცირებს. “ოცნების” განცხადებაში ისევ ურთიერთობების დალაგებაზეა საუბარი, ამის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ არ მგონია გამოვიდეს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ვახტანგ კაპანაძე - პუტინის “ბუმერანგი” ანუ რისი ეშინიათ კრემლში?!

“ეს არის ომი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო წესრიგი და გამოიწვია ძირეული ტექტონიკური ძვრები მსოფლიო უსაფრთხოების სისტემაში. ყალიბდება ძლიერი ევროპა, რომლის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ღერძს წარმოადგენს უკრაინა. როგორც ევროპელები ამბობენ, ევროპის ფარი დღესდღეობით უკრაინაა. ამ ომმა აჩვენა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მიუხედავად იმ დანაკარგებისა და გაჭირვებისა, რასაც უკრაინა ოთხი წლის განმავლობაში განიცდის, ეს არის პერიოდი, როდესაც, ფაქტობრივად, ყალიბდება უკრაინელი ერი - ის საბოლოოდ სწყდება რუსეთის ფესვებს და ყალიბდება დამოუკიდებელ, თვითმყოფად ერად. ამავე დროს, ამ დაპირისპირებამ აჩვენა, რომ რუსეთი სანამ იარსებებს, ის ყოველთვის იქნება საფრთხე მისი მეზობლებისთვის. ევროპაც უკვე მიხვდა ამას და უნდა მოემზადოს. რუსეთი არის ქვეყანა, რომლისთვისაც ნებისმიერი სისუსტე აგრესიის მაგნიტია, შესაბამისად, ერთადერთი, რასაც შეუძლია რუსეთი შეაჩეროს, არის ძალა”, - აცხადებს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით პუტინის “ბუმერანგი” ანუ რისი ეშინიათ კრემლში?!

“რუსებს ძალიან მარტივად, რუსულად უნდოდათ უკრაინის ტერიტორიის დნეპრამდე დაკავება - დნეპრის მარცხენა ნაწილის ანექსირება და ე.წ. ნოვოროსიის ჩამოყალიბება, სადაც შევიდოდა ხარკოვის ოლქი, ოდესა, სახმელეთო დერეფანი იქნებოდა დნესტრისპირეთთან, იქიდან კი მოლდოვაზე იქნებოდა ზეწოლა. რაც დარჩებოდა, დნეპრის მარჯვენა ნაპირზე არსებული უკრაინა, ის იქნებოდა რუსეთზე დაქვემდებარებული მარიონეტი სახელმწიფო. ამით რუსეთი გადიოდა ევროპის საზღვრებზე და ევროპას კარნახობდა ახალ უსაფრთხოების რეალობას. რუსებმა ამ ამოცანის გადაწყვეტა მოინდომეს ბლიც-კრიგის, “უდაბნოს ქარიშხალის” ტიპის ოპერაციით, ოღონდ საბჭოთა მენტალიტეტით, რაც კოლაფსით დასრულდა. ომის პირველ ეტაპზე უკრაინელებმა შეძლეს მტრის კიევიდან უკუგდება, მაგრამ იმ პერიოდისთვის რუსებს დაკავებული ჰქონდათ ქალაქი ხერსონი, გადასულები იყვნენ დნეპრის მეორე ნაპირზე, სამხრეთ მიმართულებაზე, იგეგმებოდა შეტევა ხერსონი-ნიკოლაევის, იქიდან კი ოდესის მიმართულებაზე, რასაც მხარს დაუჭერდა ოდესის საზღვაო დესანტი და მოხდებოდა სახმელეთო დერეფნის გაჭრა დნესტრისპირეთამდე. რუსებს ასევე ალყაში ჰყავდათ მარიუპოლი, დაკავებული იყო ხერსონისა და ზაპოროჟიეს ნაწილი და ა.შ.”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ომის მეორე ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს უკრაინელების კონტრშეტევები ჯერ ხარკოვის რაიონში, სადაც უკუაგდეს მოწინააღმდეგე და რუსებს მოუსპეს დნეპრის პლაცდარმი. ამავე დროს, სანაპირო დაცვის რაკეტებისა და საზღვაო დრონების ჭკვიანური და აქტიური გამოყენებით უკრაინელებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს შავი ზღვის ფლოტს და ფაქტობრივად, ჩაშალეს რუსების სურვილი, საზღვაო დესანტი გაეშვათ ოდესის მიმართულებაზე; ომის მესამე ეტაპად შეიძლება ჩავთვალოთ უკრაინელთა კონტრშეტევის მცდელობა, რომელიც ე.წ. სუროვიკინის დაცვით ხაზს შეეჯახა ზაპოროჟიეს რაიონში. უკრაინელების ეს კონტრშეტევა შედარებით მოუმზადებელი, უფრო პოლიტიკური საჭიროებით იყო ნაკარნახევი, ვიდრე სამხედრო აუცილებლობით. შესაბამისად, ის გარკვეულწილად ჩავარდა; ამას მოჰყვა მეოთხე ეტაპი, როცა ომმა მიიღო მეორე თაობის ომის სახე - ბრძოლის ველის რობოტიზებით, როცა ის სატრანშეო დაპირისპირებებში გადავიდა, სადაც რუსები ვერ ახერხებენ გარღვევას, მათი წინსვლა შენელებულია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, რუსებმა ოპერატიული პაუზა აიღეს, რათა მოემზადონ გაზაფხულის კამპანიისთვის, მაგრამ რუსების მხარეს არის დიდი, მოუქნელი ბიუროკრატიული სამხედრო მანქანა, რომელიც დაცლილია სამხედრო აზრისგან, მეცნიერებისგან, კრეატიულობისგან, ეფექტიანობისგან და ტექნოლოგიისგან, ისინი ვერაფერ ახალს ბრძოლის ველზე ვეღარ აჩვენებენ. მეორე მხარესაა უკრაინის ტექნოლოგიურად მზარდი შეიარაღებული ძალები, რომლის ქვედა და საშუალო რგოლის ოფიცრებს მუდმივად ამზადებენ დასავლეთის სასწავლებლებში და პოლიგონებზე, მისი შეიარაღება მუდმივად უმჯობესდება, დასავლეთი ახლა იძულებულია უკრაინას მისცეს თანამედროვე შეიარაღების სისტემები... ისტორიულად, ასეთ დიდ ომში რუსეთი ასე უმოკავშირეოდ მე არ მახსოვს, თუ არ ჩავთვლით ჩრდილოეთ კორეას და ირანის შეზღუდულ დახმარებებს. ჩინეთი კი არის მხოლოდ სიტუაციური მოკავშირე, მას თავისი ინტერესები აქვს და მისთვის დასუსტებული რუსეთი უფრო მომგებიანია, ვიდრე ძლიერი. ამ ომის შედეგად მივიღეთ დასავლეთის გამოფხიზლება, უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა და დახმარება, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური გარდაქმნა და დასავლეთის გაძლიერება”, - დაასკვნის გენერალ-მაიორი.

“რუსეთმა ამ ომის შედეგად მიიღო საკუთარ ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გავრცელება. რუსეთი მარტოა დარჩენილი, თუ არ ჩავთვლით ჩრდილოეთ კორეის ადამიანური რესურსით დახმარებას, რომელიც არასაკმარისი რაოდენობითაა, ხოლო ის შეიარაღება, რასაც კორეა რუსეთს აწვდის, პრიმიტიულია და არ შეესაბამება თანამედროვე პირობებს. პროგნოზი ცოტა უმადური საქმეა... დიდი იმედი მქონდა, წლის ბოლოს შეწყდებოდა ცეცხლი - ომის დასრულებაზე საუბარი არაა. ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა დღემდე ომში არიან, ისევე როგორც საქართველო - ჩვენ რუსეთთან ომი ოფიციალურად არ დაგვისრულებია, ორივეგან ცეცხლია შეწყვეტილი. ახლა რუსეთი ისეთ ვითარებაშია, რომ აწყობს ცეცხლის შეწყვეტა და არა ომის დამთავრება, ვინაიდან ეს ნიშნავს დიდი მასის ომიდან უკან დაბრუნებას, რომელიც ფულს იღებს ომში ყოფნისთვის. ისინი ციხეებიდანაა გამოშვებული და ადამიანის კვლაში არიან გაწაფული. მათ ნახევარს, ალბათ, აქვს ომის შემდგომი სინდრომები, არის ფსიქიკაშერყეული და მათი დაბრუნებით რას მიიღებს რუსეთი? რუსეთს აქვს სამუშაო ადგილები, გადამზადების პროგრამები ან მათი ეკონომიკური დახმარების პროგრამები? _ რა თქმა უნდა, არა, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კი ეს ჯარები დარჩებიან ადგილზე და ამოსუნთქვასაც შეძლებენ. უკრაინასაც და რუსეთსაც აწყობთ ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ამის შემდეგ იწყება ეტაპი, რომელი მხარე უკეთ მოემზადება შემდეგი ცხელი პერიოდისთვის”, - განმარტავს ვახტანგ კაპანაძე.

“თუ უკრაინა ევროპის დახმარებით უფრო გაძლიერდა და რუსეთს გაასწრო, რუსეთს აღარ ექნება საბრძოლო მოქმედებების განახლების დიდი სურვილი. საინტერესოა, რომ ერთადერთი საკითხი, რაც ცეცხლის შეწყვეტას შეუწყობს ხელს, დონბასის ტერიტორიაა. მანამდე პუტინი საუბრობდა არა მხოლოდ დონბასზე, არამედ ზაპოროჟიესა და ხერსონზეც. ამერიკელები სთავაზობენ, ორივე მხარემ გაიყვანოს ძალები. უკრაინა ამაზე თანახმაა და ითხოვს გარანტიებს. რუსები ამბობენ, ჩვენ კი გავიყვანთ ძალებს, მაგრამ შევიყვანთ ეროვნულ გვარდიას, რომელიც წესრიგს დაამყარებსო. ვინ დაიჯერებს, რომ თუ “ახმატი” და ნაციონალური გვარდია შევლენ, იქ წესრიგი იქნება და არა იგივე ოკუპირებული ტერიტორიები? ახლა ამაზე მიდის ჭიდაობა. უახლოესი, ალბათ, ცეცხლის შეწყვეტა იქნება, გააჩნია, ამისთვის როდის მოიცლის ამერიკა, რომელიც ახლა ირანითაა დაკავებული. მერე შეიძლება მეტი ზეწოლა რუსეთზე და მისი დათანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. რუსეთზე ნურასოდეს იტყვი ნურასოდეს, რადგან ძალიან ძნელია პროგნოზირება, რა მოუვა თავში პუტინს, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ 2026 წელს ცეცხლი შეწყდება”, - დასძენს ვახტანგ კაპანაძე.

აქვთ თუ არა “ლელოს“ და გახარიას პარტიას “მესამე ძალად” ქცევის პოტენციალი

“პარტიისთვის “გახარია საქართველოსთვის” კვლავ “ლელოა” ის პოლიტიკური ძალა, ვისთანაც “საჭიროების შემთხვევაში” თანამშრომლობას განიხილავს. თავის მხრივ “ლელომ” ოფიციალურად განაცხადა უარი ახალ ოპოზიციურ ერთობაში მონაწილეობაზე, რომელშიც ძირითადად ენმ და მისგან სხვადასხვა დროს გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფები გაერთიანდებიან. აქვს თუ არა ამ ორ პარტიას, თანამშრომლობის განახლების შემთხვევაში, ე.წ. მესამე ძალად ჩამოყალიბების პერსპექტივა? ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ორი პარტიის ალიანსი კვლავ შეიძლება ვიხილოთ და ამას პოლიტიკურ პროცესებზე “რაღაც გავლენა ექნება”, თუმცა, მესამე ძალად ჩამოყალიბების პერსპექტივა ნაკლებად აქვთ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ თუ “ლელოსა” და გახარიას პარტიის ალიანსი შედგა, ისინი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთად 7-8%-ს აიღებენ, ასეთი ელექტორალური მხარდაჭერა კი ე.წ. მესამე ძალად ყოფნას არ ნიშნავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კიდევ ერთი პოტენციური ალიანსი - აქვთ თუ არა “ლელოს“ და გახარიას პარტიას “მესამე ძალად” ქცევის პოტენციალი.

“ალიანსის მცდელობა ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო, შემდეგ ეს ერთობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ვიხილეთ. ახლა ისინი ცდილობენ მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ, რომელიც დანარჩენ ოპოზიციას ემიჯნება და ნაწილობრივ დღევანდელ ხელისუფლებას აღიარებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებით. გახარიას პარტიამ 2028 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო და დიდი ალბათობით მოკავშირე სჭირდება. მესამე ძალად რომ ჩამოყალიბდე, იმ ამომრჩევლის მხარდაჭერაა საჭირო, რომელსაც არც “ნაცმოძრაობა” უნდა და არც “ოცნება”. რაღაცა გავლენა ექნება და გარკვეულ მხარდაჭერას მიიღებენ, თუმცა არა იმდენს, რომ მესამე ძალა ეწოდოს. თუ ეს ალიანსი 2028 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რამდენიმე დეპუტატს გაიყვანს პარლამენტში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“რამდენიმე მიზეზია, რის გამოც “ლელომ” ოპოზიციურ ერთობაზე თქვა უარი. ერთია, რომ თითქოს თავისი ნიშა ჰქონდეს, არაა გამორიცხული, რომ რაღაც ზეწოლაა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე. ვიცით, სასამართლო პროცესები იმართება, ისინი ციხიდან უფრო ადრე გამოუშვეს და არაა გამორიცხული, რომ “ლელომ” არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა. ამიტომაც ცდილობენ ნაკლებად რადიკალურები იყვნენ. აცნობიერებენ, რომ ჯერჯერობით “ქართულ ოცნებას” აქვს ძალაუფლება. თან “ლელო” იმ სარჩელშია, რომელიც “ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა და ალბათ ამ პოზიციით ცდილობს არ გაუუქმონ რეგისტრაცია, რომ პარტიად დარჩეს. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მასაც თავისი ნიშის დაკავება უნდა - “არ გვინდა არც ენმ და არც “ოცნება” და თითქოს თავიანთი ხედვები და სტრატეგია აქვთ. ეს ორი ერთად შეძლებს იმას, რომ 2028 წლისთვის 7-8% აიღოს. არ მგონია თავადაც იმედი ჰქონდეთ, რომ იმდენ ხმას მიიღებენ, რომ მთავრობა ჩამოაყალიბონ, უბრალოდ საპარლამენტო ოპოზიცია იქნებიან”, - დაასკვნის ნიკა ჩიტაძე.

გიორგი კეპულაძე - “იმედის” გამო ამხელა მსხვერპლზე წასვლა არ ღირს”

“როგორც ჩანს, დარტყმა მოულოდნელი იყო - ისინი უფრო ბიძინა ივანიშვილის ან ირაკლი რუხაძის, ფიზიკური პირების სანქცირებას ელოდნენ, თუმცა დარტყმა პირდაპირ იურიდიულ პირს მიაყენეს. რთულია ფუნქციონირება, როდესაც არც ერთი ქართული ბანკი არ გემსახურება, მით უმეტეს 2026 წელს, როცა ნაღდი ფულით მუშაობა წარმოუდგენელია. დასანქცირებული პირების მიერ ახალი ბანკის შექმნის იდეა, რისთვისაც ლიცენზიაა საჭირო, არარეალურია. “ოცნებისთვის” “იმედი” პროპაგანდის მთავარი დასაყრდენია, რომელსაც ვერც “პოს ტვ” და ვერც სხვა არხები ვერ შეცვლიან. ბრიტანული სანქციების შემდეგ მათ რიგებში სრული დაბნეულობა. ფაქტია, მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ამ ნოკდაუნისთვის. ხელისუფლების დაპირებები, რომ ამ ტელევიზიებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, ცარიელი სიტყვებია”, - აცხადებს “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით ბრიტანული სანქციების დილემა / “იმედის” გამო ამხელა მსხვერპლზე წასვლა არ ღირს”.

ნათია თურნავას განცხადებას არანაირი გავლენა არ ჰქონია ინვესტორებზე, ლონდონის საფონდო ბირჟასა თუ ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე. ფარცხალაძის შემთხვევამ აჩვენა, რომ ეროვნული ბანკის მსგავსი ბრძანებები ფუჭია - ბანკებმა მაშინაც სანქციების რეჟიმში დარჩენა არჩიეს და ახლაც ასე იქნება, რადგან ამ წესებს ვერ გადაუხვევენ. ივანიშვილის პოლიტსაბჭოზე საჯარო გამოჩენა მიანიშნებს, რომ მას სიმშვიდის შენარჩუნების იმედი ჰქონდა, თუმცა შექმნილმა ვითარებამ ჩარევა აიძულა. ეს განცხადებები უფრო ლირიკაა, ვიდრე რეალური ქმედება. ის, რასაც ხელისუფლება საჯაროდ გვპირდება, რეალურად სანქციების რეჟიმის დარღვევაა, რაც ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. ბანკებმა პრაგმატულად უნდა გათვალონ რისკები,­ რათა პრობლემები არ შეუქმნან საკუთარ თავსა და ეროვნულ ბანკს, რომლის მოვალეობა ფინანსური სტაბილურობის დაცვაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კეპულაძე.

“საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ ნაღდი ფულის ტრიალი და ფულის გათეთრება პირდაპირი კანონდარღვევაა. საეჭვოა, რამდენად მოაწერენ ამაზე ხელს “იმედის” ან სხვა კომპანიების ფინანსური დირექტორები და ბუღალტრები, რომლებმაც იციან, რომ ეს საციხო საქმეა. შესაძლოა “ქართული ოცნები” პირობებში ვინმე მშვიდად იყოს, მაგრამ ეს მდგომარეობა მუდმივი ვერ იქნება. აქამდე თუ საქმიანობა კანონდარღვევად არ ითვლებოდა, ახლა პირდაპირ გაცხადებულია, რომ სანქცირებულ პირებთან ქეშით ბრუნვა დანაშაულია და ნებისმიერ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს პირობებში ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, არსებობს რეპუტაციული ზიანიც - ბრიტანეთმა “იმედისა” და “პოს ტვ”-ის თანამშრომლებს რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლები უწოდა - მტრის მხარეს დგომა და მისი დეზინფორმაციის გავრცელება უკიდურესად შეურაცხმყოფელი და დამანგრეველია.”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“შავი ფულის ტრიალით პირველ რიგში სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ. მართალია, ავტორიტარულ პირობებში პროპაგანდისტულ მანქანას უსაფრთხოებისა და საგადასახადო სტრუქტურების ხელშეწყობა ექნება, თუმცა ნებისმიერი მომდევნო ხელისუფლება ამას დეტალურად გამოიძიებს. გაურკვეველია სანქცირებული კომპანიის გაყიდვის პერსპექტივაც - დღეს მას ათას ლარადაც ვერავინ გაყიდის, მით უმეტეს, თუ მას 500-მილიონიანი ვალი აქვს, თან 500-მილიონიანი ვალის მქონე ბანკს როგორ აფუძნებენ, ეგ კიდევ ცალკე საკითხია და ცოტა მეცინება კიდეც ამაზე... არავის ვურჩევდი ქვეყანაში ბოლო 23 წლის განმავლობაში აწყობილ გადახდების სისტემასთან თამაშს. ეს მხოლოდ შიდა საქმე არ არის - შავი ფულის ბრუნვის ლეგალიზების მცდელობა პირდაპირ ფულის გათეთრებაა, ამასთან ბრძოლა კი აშშ-ის, ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო სისტემის უმთავრესი პრიორიტეტია. ეროვნულ ბანკსა და ყველა კომერციულ სტრუქტურას ამისთვის სპეციალური სამსახურები აქვთ”, - განმარტავს “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი.

“ტელეკომპანია “იმედის” გამო ამხელა მსხვერპლზე წასვლა არ ღირს. მფლობელს უკვე ორჯერ აქვს ტელევიზია დახურული და, ვფიქრობ, ეს შემთხვევაც დეტალურად იქნება გამოძიებული. აუცილებელია პრაგმატულობის შენარჩუნება. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ხშირად იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც “ქართულ ოცნებასაც” და ქვეყანასაც აზიანებს. ივანიშვილმა უნდა აწონ-დაწონოს რისკები - არ ღირს ქვეყნის მოქალაქეების ანაბრების, ფულისა და კეთილდღეობის გაწირვა. ამას თავადაც უნდა ხვდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ქართუ ბანკი” მოემსახურებოდა სანქცირებულებს და საკუთარ ფინანსებს საფრთხის ქვეშ დააყენებდა, მაგრამ უკვე ვნახეთ, რომ ეს ვერ გაბედა”, - ამტკიცებს გიორგი კეპულაძე და შეკითხვაზე - “დასანქცირებული არიან მხოლოდ “იმედი” და “პოს ტვ”? “იმედის” ქოლგაში ხომ სხვა მედიაკომპანიებიც არის და მათი მეშვეობით არ იქნება შესაძლებელი ამ საკითხის მოგვარება?” - პასუხობს:

“ნებისმიერი მომსახურების გაწევა “იმედისთვის”, თუნდაც უფასოდ, ბრიტანული კანონმდებლობით სანქციების დარღვევად ითვლება. ლონდონი საერთაშორისო საფინანსო სისტემის მთავარი ცენტრია და ეს “ქართულ ოცნებაში” კარგად იციან. ხელისუფლებამ უკანდასახევი გზა აღარ დაიტოვა - ნებისმიერი კომპრომისი მათთვის სისუსტედ აღიქმება, რაც საფრთხეს უქმნის მთელ რეჟიმს. ხელისუფლებამ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მედია ფინანსური ბანკროტობის პირას დააყენა. მათ მანევრირების საშუალება აღარ დარჩათ, გარდა სანქციების დარღვევისა და კრიმინალზე წასვლისა. პროპაგანდა ცდილობს მომხრეებს იმედი მისცეს, თუმცა ირაკლი კობახიძის დაპირებები, რომ “ყველაფერი კარგად იქნება”, ნაკლებად დამაჯერებელია. ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ გამოჩენაც მიანიშნებს, რომ ვითარება მართლაც კრიტიკულია”...

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026