ეს ერთობა განსხვავდება იმით, რომ ეს არის ქვემოდან ზემოთ წამოსული ალიანსი, ეს არ არის ზემოთ გადაწყვეტილი ალიანსი. ერთობა ეფუძნება კონკრეტულ შინაარსს, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც „ოპოზიციის ალიანსი“ გაფორმდა.
კითხვაზე, „ლელო“ რატომ არ არის ოპოზიციური პარტიების ალიანსში, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „ლელოც“ და სხვა პარტიებიც აუცილებლად შეუერთდება „ოპოზიციის ალიანსს“, რადგან „ამ გზას ალტერნატივა არ აქვს“.
„ყველაფერს თავისი დრო აქვს, არის ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და არის ჟამი ქვათა შეგროვებისა. ახლა სწორედ ეს ჟამი დგას, ოპოზიციური ალიანსი შედგა. ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე. ჩვენ შევთანხმდით საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე. ამის მიღმა ჩვენს განსხვავებებს, რომელიც არსებობს და რომელიც ასახავს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების განწყობებს, გადავაქცევთ ჩვენს ძალად.
ეს ერთობა განსხვავდება იმით, რომ ეს არის ქვემოდან ზემოთ წამოსული ალიანსი, ეს არ არის ზემოთ გადაწყვეტილი ალიანსი. ეს ერთობა ეფუძნება კონკრეტულ შინაარსს.
ძალიან დიდი ელექტორატი გვყავს, ჩვენ გამოვუთხრით ძირს „ქართულ ოცნებას“.
(„ლელო“) შემოგვიერთდება, ყველა შემოგვიერთდება, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს, ყველა შემოგვიერთდება, ვისაც უნდა გადარჩენა.
აქამდე არ ვიყავით ერთიანები იმიტომ, რომ შინაარსზე ვერ ვთანხმდებოდით. ახლა ასეთი ჟამი დგას და გადაყირავების შანსი გვაქვს!“ - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ აწერენ ხელს.
ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას.
შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე.
ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის.
„ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”.