გიორგი ვაშაძე - დღევანდელი დღე პირველი სტრატეგიული ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ ყველა გავერთიანდეთ - დარწმუნებული ვართ, საბოლოო ჯამში საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ გამარჯვებას

ყველასთვის მივაღწევთ გამარჯვებას, დღეიდან პროცესი იწყება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც პარტიებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნაზე შეთანხმდნენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღევანდელი დღე არის „პირველი სტრატეგიული ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ყველა გავერთიანდეთ“.

„ოპოზიციური ალიანსი შედგა. ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი გზავნილია ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება და საქმის კეთება. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ბევრი შრომა და ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი დღე არის პირველი სტრატეგიული ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ყველა გავერთიანდეთ. ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ საბოლოო ჯამში საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ გამარჯვებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს „კოალიცია ცვლილებისთვის - გირჩი-მეტი თავისუფლება,დროა, ახალი “, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ აწერენ ხელს.

ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას.

შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე.

ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის.

„ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026