“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პასპორტის ჩამორთმევის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ვერ შეძლებს, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები საერთაშორისო შეხვედრებზე ერთიანი გუნდით წარდგებიან.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო შეხვედრებზე ოპოზიციური პარტიები ერთიანი გუნდით იყვნენ წარმოდგენილი.
მისი თქმით, შეთანხმება არ ეხება პარტიული იდენტობის ცვლილებას, არამედ საერთო მიზნების მისაღწევად კოორდინირებულ მოქმედებას. გვარამიას განმარტებით, გადაწყვეტილებები კოლექტიურად მიიღება და მათი შესრულებაც ერთობლივად მოხდება.
“შევთანხმდით რომ ჩვენ ვართ ერთობა, ერთად გამარჯვებისთვის. ვიღებთ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებს და არა პარტიულ იდენტობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. ვიღებთ გადაწყვეტილებებს ერთად და აღვასრულებთ ერთად. ასევე გვაქვს ქცევის წესები, რომელიც ერთად დავადგინეთ, თუ არ ვასრულებთ პასუხისმგებლობის ფორმებიც არსებობს.
მე რომ ვერ წავალ, (ამერიკის შეერთებულ შტატებში) იცით, პასპორტი ჩამორთმეული მაქვს. თუმცა, შეიძლება განაცხადი გავაკეთო, მაგრამ არ მგონია, რომ ამის უფლება პროკურატურამ მომცეს. ბევრი ადამიანია, ვინც წავა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ერთი გუნდით ვიაროთ საერთაშორისო ვიზიტებზე და ხედავდეს ყველა, რომ საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი არის მოწადინებული იმოქმედოს ერთიანად სამშობლოს ინტერესებში”, - განაცხადა გვარამიამ.