დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე და ეს არის სწორი ნაბიჯი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთიანობის მომხრე.
„გასაგებია, რომ არსებობს ჩვენს შორის განსხვავებები, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება ყოველთვის ერთიანობის მომხრე იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ სწორედ ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. დღეს ჩვენ შევთანხმდით ერთიანი მოქმედების წესებზე, სტრატეგიაზე და ეს არის სწორი ნაბიჯი, გადადგმული იმ მიმართულებით, რომ ჩვენ ვუპასუხოთ საზოგადოებრივ დაკვეთას ოპოზიციურ ერთიანობასთან დაკავშირებით. დღევანდელი დღე ამ თვალსაზრისით ნამდვილად მნიშვნელოვანია“ , - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ აწერენ ხელს.
ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას.
შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე.
ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის.
„ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”.