თამარ ჩერგოლეიშვილი - ამერიკაში ვიზიტს უკვე ვამზადებთ, ეს გაზაფხულზე მოხდება

ამერიკაში ვიზიტს უკვე ვამზადებთ. ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი გაზაფხულზე იგეგმება.

„ამერიკაში ვიზიტს უკვე ვამზადებთ. წასვლას დავაპირებთ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი შეხვედრა და ყველზე მაღალი დონის შეხვედრები გამოგვივა. ეს გაზაფხულზე მოხდება ყველა შემთხვევაში, მაგრამ იქამდე რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს უნდა გავაგებინოთ, რის შესახებ არის [ოპოზიციის] შეთანხმება, ამიტომ აქტიური კამპანია გვექნება ქვეყნის შიგნით, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება უკვე საგარეო ვიზიტებით იმისთვის, რომ როგორც დემოკრატიული ალტერნატივა, დაგვინახონ.

ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ტოქსიკური აქტივი ვართ, ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან არ ვართ, ახლა წყდება ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილების საკითხი იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, უკრაინის ომი დასრულდება, ახალი რკინის ფარდა დაეშვება და ჩვენზეა დამოკიდებული, სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები შემდეგი ათწლეულების მანძილზე - დამარცხებული რუსეთის ჭაობში თუ თავისუფალ სამყაროში, იქ, სადაც ჩვენი ადგილია. ჩვენ თუ დემოკრატიულ ალტერნატივად არ შევდექით და არ დავენახეთ ქართველ ხალხს, ჩვენს პარტნიორებს, როგორც დემოკრატიული ალტერნატივა, ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე დავაყენებთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს შემდეგი ათწლეულების მანძილზე, ამიტომ სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ შევთანხმებულიყავით გამარჯვების სტრატეგიაზე და ერთად გვევლო ამ გამარჯვების გზაზე, ჩვენი განსხვავებები ამ გამარჯვების გზაზე ხალხის შემოსამატებლად გამოგვეყენებინა, არ გვქონდა და მე მიხარია, რომ მათ შორის, გარემოებებმა გამოიწვია ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძელით ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა შეგვძლებოდა“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ აწერენ ხელს.

ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას.

შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე.

ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის.

„ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026