ყველა პარტია, რომელიც დღეს გაერთიანებაშია, არის „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფი. ცხრავე ეგრეა, ყველა ყოფილი „ნაცია“, ოფიციალურადაც და დნმ-ითაც , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გიორგი შარაშიძის თქმით, ის ფლანგი, რომელიც დღეს გაერთიანდა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წითელი ხაზია.
„ლოგიკური რაღაც მოხდა, არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. პარტიები, ვინც ვიხილეთ გაერთიანებაში, ყველანი არიან რადიკალური დნმ-ის მქონე პარტიები, რომლებიც ყველანი მოდიან[ნაციონალური მოძრაობიდან]. ვის აქვს განსხვავებული წარსული? აბსოლუტურად ყველას აქვს ერთი და იგივე წარსული. ყველა ის პარტია, რომელიც დღეს ამ გაერთიანებაშია, არის „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფი. ცხრავე ეგრეა, ყველა ყოფილი „ნაცია“, ოფიციალურადაც და დნმ-ითაც.
„ნაცობა“ არ არის მაინც და მაინც პარტიის წევრობა და პარტიული ბიოგრაფია, „ნაცობა“ არის იდეოლოგია და დაგვისახელეთ, რომელმა შეიცვალა „ნაცური“ იდეოლოგია? დღემდე ყველა მიყვება ამ იდეოლოგიას და ამიტომაც არიან ისინი მიუღებელი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის. ჩვენთვის ეს ფლანგი, რა თქმა უნდა, წითელი ხაზია, წითელი ხაზი იყო ყოველთვის და დარჩება წითელ ხაზად“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ აწერენ ხელს.
ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას.
შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე.
ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის.
„ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”.