ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ - საქართველოში პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვანი პალიტრაა და მოხერხდა საერთო თამაშის წესების ისე დადგენა, რომ ეს ჩვენს ძალად ვაქციოთ, ეს ხალხის დაკვეთა იყო, ჩვენ ყველას ალტერნატივა უნდა გავხდეთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვანო წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც 9 ოპოზიციური პარტიის მიერ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა შეაფასა.
წერეთლის თქმით, დოკუმენტის მთავარი მიზანი, რომელიც ოპოზიციური პარტიების ნაწილმა გუშინ, 2 მარტს შეიმუშავა, არის ის, რომ საქართველოში „ივანიშვილის რუსული რეჟიმი დამარცხდეს“.
მისივე თქმით, ეს ერთობა „არის ბაზა, რომლის საფუძველზეც, ეს ერთობა უნდა იქცეს ძალის დემონსტრირებად“.
„ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ. ეს არის გაგრძელება, აქ ახალი არაფერი იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია თამაშის ის წესები, რომლებიც ამ რამდენიმე გვერდიან დოკუმენტში ჩაიწერა და რომელსაც 9 პარტიამ მოაწერა ხელი... მოდი, დავიწყოთ იმაზე საუბარი, რა არის ახალი აქ. მთავარი მიზანი ამ დოკუმენტის გახლავთ ის, რომ შევქმნათ სტრატეგია და ტაქტიკა ისეთი, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ეს დოკუმენტი, შავით თეთრზე, სწორედ ამ წინადადებით იწყება. ამ დოკუმენტის ხელმომწერი ადამიანებისა და სუბიექტების მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველოში დასრულდეს ივანიშვილის რუსული რეჟიმი და დავუბრუნდეთ დემოკრატიულ, დასავლურ განვითარებას. ამასთან, ეს ქვეყანა იქცეს იმად, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩვენც და რაც უნდათ ჩვენს შთამომავლებს. ამაზე საუბრით დავიწყე იმიტომ, რომ ეს არის არა მხოლოდ ამ დოკუმენტზე ხელმომწერი დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მიზანი, არამედ მათიც, ვისაც არ მოუწერია ხელი. აღიარებულია, რომ ყველა, ვინც საქართველოში არ წარმოადგენს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ან მის სატელიტს, მიაჩნია, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უბრალოდ, ის, ვინც ხელს არ აწერს, სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიმართულებას არ ეთანხმება, შესაძლოა, ამ ეტაპზე ამ დოკუმენტში ჩაწერილ ტექსტს.
ამ დოკუმენტის ხელმომწერი 9 პარტია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს. ჩვენ კარი ღია გვაქვს. ეს არ არის დახურული ტექსტი. ხელმომწერთა რაოდენობა, დიდი იმედი მაქვს, რომ გაიზრდება და ვფიქრობ, აუცილებლად გაიზრდება. ამ ხელშეკრულების ძირითადი მიზეზი, ეს არის ბაზა, რომლის საფუძველზეც, ეს ერთობა უნდა იქცეს ძალის დემონსტრირებად. ეს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, ხალხის დაკვეთა, რომ არსებობდეს პოლიტიკური სუბიექტების მიზიდულობის ძლიერი ცენტრი, რომელიც იქცევა დიდ ძალად, ალტერნატივას ვგულისხმობ. ეს დაკვეთა არის როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე ქვეყნის გარედან, პარტნიორების მხრიდან. ამიტომაც, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. საქართველოში პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვანი პალიტრაა და მოხერხდა საერთო თამაშის წესების ისე დადგენა, რომ ეს ჩვენს ძალად ვაქციოთ“,- განაცხადა ვანო წერეთელმა.
წერეთლის თქმით, იმის მიზეზი, რომ პარტიები: „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, არ შეუერთდნენ „ოპოზიციურ ალიანსს“, შეიძლება ის იყოს, რომ „ალბათ, რაღაც გათვლა არსებობს ამომრჩეველზე, რომლის დაკარგვაც არ უნდათ“.
„მამუკა ხაზარაძისა და გახარიას პარტიები ასე ხედავენ საკუთარი ძალის დემონსტრირებას, იმ ნიშის დადებას, რომელსაც ცდილობენ, რომ დაიკავონ. ალბათ, რაღაც გათვლა არსებობს რაღაც ამომრჩეველზე, რომლის დაკარგვაც არ უნდათ. როდესაც ვამბობთ, რომ „შეცდომაში არიან გაჯიუტებულები“, სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ ეს არის რეალობა საქართველოში. მოსახლეობის უმრავლესობას უნდა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება.
ეს არ არის ერთიანი პარტიის ან პარტიების ერთიანი სიის დადგენისთვის გაკეთებული დოკუმენტი, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ იქ შემავალი პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები შემდგომი არჩევნებისთვის ერთ გუნდად დაჯგუფდნენ“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ამასთან, წერეთელმა შეაფასა პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, მამუკა კაციტაძის განცხადება „ოპოზიციურ ალიანსთან“ დაკავშირებით, რომ „ჩვენ ვიღებთ აღდგენილ „ნაციონალურ მოძრაობას“. მისი თქმით, „ამ საკითხებს ასე არ უნდა შევხედოთ“.
„ვინ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, თენგო თევზაძე, „თავისუფლების მოედანი“ თუ სხვა ადამიანები, რომლებიც ხელს აწერენ ამ დოკუმენტს? არ მგონია, რომ ამ საკითხებს ასე უნდა შეხედო. მიმაჩნია, რომ ეს ცენტრი იქცევა ლიდერად, მის გარშემო შემოიკრიბება ის ხალხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ისედაც ქუჩაში დგას ან ვეღარ თუ აღარ დგას. [პოლიტიკური პარტიების] ზომა-წონის განსაზღვრა დადგენილი წესი არ არის და იმით განისაზღვრება, საქართველოში მოსახლეობას ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების უკეთეს და ოპტიმალურ გზას ვინ უფრო დაანახებს. აქ ჩვენ არ ვიბრძვით ცუდი ხელისუფლების წინააღმდეგ და არ ვცდილობთ, რომ ცუდი ხელისუფლება უკეთესმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლოს. 90-იან წლებში ეროვნული მოძრაობა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. კოსტავას სიტყვებს ვაგრძელებთ. დამოუკიდებლობა მოპოვებულია, მაგრამ ამას დაცვა სჭირდება. ახლა სწორედ იქ ვართ, რაც კოსტავამ იწინასწარმეტყველა. რუსეთი საქართველოს უკან დაბრუნებას ცდილობს. ივანიშვილი არ არის ქართველი ხელისუფალი, ქართველი ავტოკრატიც კი არ არის. თვითმყოფადი, სუვერენული ავტოკრატი არ არის. ის არის რუსეთის წარმომადგენელი. პუტინის გაგრძელება და ცდილობს, საქართველო აქციოს სივრცედ, რომელსაც რუსეთი გამოიყენებს იმ ბოროტების საკეთებლად, რასაც აკეთებს“,- განაცხადა წერეთელმა.
პოლიტიკოსის განმარტებითვე, ალიანსის მოქმედების სტრატეგიას ორი მიმართულება აქვს - საერთაშორისო და ადგილობრივი დონე.
„საერთაშორისოზე მგონი, პასუხი ძალიან მარტივია. ვაშინგტონი და ბრიუსელი - ეს არის ორი ქალაქი, რომელიც ჩვენი პარტნიორების ყველაზე მნიშვნელოვან სახეს წარმოადგენს. ამიტომ, მათთან ურთიერთობების დალაგება იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე ყოფილა. ამ ქვეყნის უსაფრთხოება ისეთ გარემოში, როგორი სახეც თანამედროვე სამყარომ მიიღო.. გლობალიზაცია სრულად ახალ მასშტაბებზე გადავიდა. აქ ძალიან მკაფიოდ უნდა მიეკუთვნებოდე რაღაც ალიანსებს. აქ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება არის ტყუილი. მისი შენარჩუნება გულისხმობს რუსეთში დაბრუნებას. არ შეიძლება ამ ეტაპზე იზოლაციაში აქცევდე საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან. ალტერნატივა უნდა გავხდეთ ყველასთვის. საქართველოს ბედი წყდება ყველა კომპონენტის ჭკვიანურად გამოყენებით. ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია დაწერილი, ის, რაც ქართველ ხალხს უნდა“,- განაცხადა წერეთელმა.
მან ასევე, შეაფასა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში და აღნიშნა, რომ „შეუძლებელია, ვაშინგტონი და ზოგადად, ცივილიზებული სამყარო დალაგდეს მით უმეტეს ამ მოცემულობაში, რაც ახლა მსოფლიოში ხდება“.
„შეუძლებელია აშშ დალაგდეს ავტოკრატიულ რეჟიმთან, რომელიც აკონტროლებს, მათ შორის, აშშ-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ყოფილ პარტნიორს [ბოდიში, უკვე რა დონეზე მივედით, რომ საქართველოს აშშ-ის ყოფილ პარტნიორს ვუწოდებთ]. არ შეიძლება, რომ დალაგდეს.
აქ, ერთი მხრივ, დემოკრატიული წესწყობილების განადგურებაა და მეორე მხრივ, ღალატი, როგორც პარტნიორის. ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, რასაც აშშ თავისუფლებისთვის აკეთებს, რაც ახლა ირანში ხდება, ამ დროს, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, მას ღალატობს. ეს არის აბსოლუტური ღალატი. ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ენაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის მეგობრებს შორის ღალატი ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში. ბიზნეს ენაზე რომ ვისაუბროთ, პარტნიორებს შორის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ღალატი. ამ ღალატს არავინ არავის არ პატიობს, მით უმეტეს, პოლიტიკაში“,- აღნიშნა წერეთელმა.
გარდა ამისა, პოლიტიკოსმა შეაფასა საქართველოს მთავრობის განცხადება ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. წერეთლის თქმით, „ეს არის შიში იმის, რაც დუგინმა თქვა, რომ „შემდეგი ჩვენ ვართ“.
„დუგინმა თქვა, რომ თუ კი ირანში დამარცხდება ის, რასაც აშშ და თავისუფალი სამყარო ებრძვის და დამარცხდება აუცილებლად, მხოლოდ დროის საკითხია, მერე დგება რუსეთის, ანუ პუტინის დრო. როდესაც ვსაუბრობთ პუტინზე, ავტომატურად ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილზე. ივანიშვილმა ერთადერთი რამ იცის, რომ მისი ძალაუფლება, მხოლოდ და მხოლოდ, დამყარებულია პუტინისა და რუსეთის ძალაზე. შესუსტდება თუ არა რუსეთის ძალაუფლება, მომენტალურად შესუსტდება ივანიშვილის ძალაუფლებაც. ეს არის ამ შიშის გამოხატულება, რაც დუგინმა თქვა. ეს არის სრულად უპრინციპო განცხადება. ძირითადად, ეს ტექსტი არის დასჯილი ბავშვის დაწერილი ტექსტი, სადაც მოუწიათ, თითქოს ადამიანურ მნიშვნელობების ზედ დატანა. თავისთავად, ეს შეიძლება დადებითადაც ჩაითვალოს, იმიტომ, რომ ადამიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე საკითხია, როგორ უყურებენ ამას პოლიტიკური თვალსაზრისით. ძალიან მარტივია - ბიძინა ივანიშვილი პუტინის გაგრძელებაა და მას ეშინია, რომ ირანში ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხების მერე, მისი ჯერიც დადგება“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.