ჰიბრიდულ ომში საჭიროა ჰიბრიდული სტრატეგია, ჩვენი ხედვა ასეთია, მნიშვნელოვანია, სტრატეგიული მიზანი გქონდეს, ამ მიზნისკენ მიმავალი გზა არ არის აუცილებელი, რომ იყოს ერთიანი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე" "ოპოზიციის ალიანსის" შექმნის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ლელო-ძლიერი საქართველოსთვის" დამოუკიდებელი გზა მნიშვნელოვანია, რომ მრავალფეროვნება არ გაქრეს.
„გუშინ გაერთიანებული ცხრა ოპოზიციური პარტია და ჩვენი პარტია მიზანში ვართ ერთნი. ეს მიზანი, რაც არის რეჟიმის ცვლილება, კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დგას.
თუ მიზანი ერთია, რა უფრო მნიშვნელოვანია - ერთად ვიდგეთ, თუ მიზანს მალე მივაღწიოთ და უფრო ეფექტურები ვიყოთ. ჩვენ პატივს ვცემთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ოპოზიციური ფლანგის ამ ნაწილმა. წარმატებებს ვუსურვებთ მათ საერთო ბრძოლაში, თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჰიბრიდულ ომში - რუსეთის მიერ ხელდასხმული რეჟიმი გვყავს „ქართული ოცნების“ სახით. ბიძინა ივანიშვილი არის მისი წარმომადგენელი, შესაბამისად, ჰიბრიდულ ომში საჭიროა ჰიბრიდული სტრატეგია. ჩვენი ხედვა ასეთია. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული მიზანი გქონდეს, ეს მიზანი ერთი და მარტივია. ამ მიზნისკენ მიმავალი გზა არ არის აუცილებელი, რომ იყოს ერთიანი. ამას აქვს პრაგმატული მიზეზი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი საზოგადოება არის მრავალფეროვანი“,- განაცხადა სიორიძემ.
გიორგი სიორიძე განმარტავს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ ერთიანობის წინააღმდეგი არ არის და, პირიქით, სხვადასხვა დროს თავადაც ყოფილა ოპოზიციური გაერთიანების ინიციატორი.
მან აღნიშნა, რომ ყოფილა ეტაპები, როდესაც ისინი იმ პოლიტიკოსების გვერდით იდგნენ, ვისთანაც წარსულში პოლიტიკური კავშირი არ ჰქონდათ, თუმცა საერთო მიზანი აერთიანებდათ. სიორიძის განცხადებით, სწორედ ამ მიზნის დასაცავად მიაჩნიათ საჭიროდ მრავალფეროვნების შენარჩუნება, რათა არ დაიკარგოს საზოგადოებაში არსებული საპროტესტო ენერგია.
„ერთიანობის მომხრენი არათუ ვართ, არამედ ამის ინიციატორები არაერთხელ ვიყავით. ფუნდამენტურად არასწორი იქნება იმაზე საუბარი, რომ თითქოს „ლელო“ ერთიანობის წინააღმდეგია. საერთო მიზანთან დაკავშირებით ჩვენ კოორდინაციაში მანამდეც ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით.
სხვადასხვა ეტაპზე ყოფილა ისეთი გარემოებები, როდესაც ვიდექით იმ ადამიანების გვერდით, ვისთანაც შეიძლება არ გვაკავშირებდა პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვქონდა ერთი მიზანი. სწორედ იმიტომ, რომ ეს მიზანი არ დაზიანდეს, მრავალფეროვნება რომ არ გაქრეს, შესაბამისად, არ დაიკარგოს საპროტესტო ენერგია, რომელიც ჩვენ საზოგადოებაშია, ამიტომ ვამბობთ, რომ დამოუკიდებელი გზა არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა სიორიძემ.