თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე - ეს რადიკალები დაშლილები არასოდეს იყვნენ, მათ პატრონები კონფიგურაციას უცვლიდნენ, ახლა ისევ შეაერთეს

აქამდე გაერთიანების ყველა მცდელობა კრახით დასრულდა - იმედია, ჩვენი ამომრჩეველი არ მოტყუვდება, როგორც აქამდე არ ტყუვდებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ ხალხის ნდობას ვერ მოიპოვებენ და ამიტომ, „ისინი პატრონებთან ერთად, რევოლუციურ სცენარებს განიხილავენ“.

„ეს რადიკალები დაშლილები არასოდეს იყვნენ, მათ პატრონები კონფიგურაციას უცვლიდნენ, ახლა ისინი ისევ შეაერთეს. მათი პატრონების მხრიდან მსგავსი მანიპულაციები აქამდეც გვინახავს. იმედია, ჩვენი ამომრჩეველი არ მოტყუვდება, როგორც აქამდე არ ტყუვდებოდა. მათ არ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ცვლა კონსტიტუციური მეთოდებით უნდა მოხდეს. ხელისუფლებაში მოსვლის მთავარი წყარო ხალხია და მათთან არ მუშაობენ. ეს ადამიანები ამომრჩეველთან კონტაქტს არ ამყარებენ, არჩევნების დროს ბრიუსელსა და ბერლინში მიდიან ან რეგიონებში ოთხკაციან შეკრებას აწყობენ. აქამდე გაერთიანების ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. წრე, რომელიც ხელმძღვანელები იყვნენ „ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს, რადიკალური ძალების აგენტურაა, რომელსაც ხელს არ უშვებენ. მათ ხან აქეთ გადაანაცვლებენ, ხან - იქით. საუბარი არ არის საშუალო და დაბალი დონის „ნაცებზე“. საუბარია, რეჟიმის შემოქმედებზე“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს ხელს აწერენ - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“. ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას. შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის „ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს