ლევან მაჭავარიანი - ყველა ეპოქის, ყველა თაობის „ნაცი“ გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ყველა დროის „ნაციონალური მოძრაობა“ - გარე ძალები ცდილობენ, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გამინჯონ „ნაციონალური მოძრაობისგან“

ყველა ეპოქის, ყველა თაობის „ნაცი“ გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ყველა დროის „ნაციონალური მოძრაობა“ - გარე ძალები ცდილობენ, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გამინჯონ „ნაციონალური მოძრაობისგან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი გარე პატრონების დავალებით გაერთიანდა.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთხელ გაერთიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, მათი გარე პატრონების დავალებით მოხდა. ამ შემთხვევაში, ყველა ეპოქის, ყველა თაობის „ნაცი“ გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ყველა დროის „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა აქ ერთი რაღაც არის დასაფიქრებელი - რატომ არ გააერთიანეს გარე უფროსებმა ამ ჯგუფში პარტია „ლელო“ და პარტია „გახარია „საქართველოსთვის“?! გარე ძალები ცდილობენ, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გამინჯონ „ნაციონალური მოძრაობისგან“, რათა ჩვენი მოქალაქეები შეიყვანონ შეცდომაში, ვითომ, ისინი ცალკე ძალას წარმოადგენენ. არადა ყველა ერთი და იგივე ვერტიკალით იმართება. ყველას შევახსენებ, რომ „გახარია საქართველოსთვის“ პარტნიორობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ 2021 წლიდან მოყოლებული და 4 მუნიციპალიტეტში ჰქონდათ კოალიცია შექმნილი,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს ხელს აწერენ - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“. ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას. შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის „ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს