იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ალტერნატივა შექმნა, საჭიროა ველზე ოპოზიციური ამომრჩევლის სრული კონსოლიდაცია მოახდინო და უდანაკარგოდ იმუშაო ამ ამომრჩეველზე - რა ვქნათ, წყალი და ზეთი არ ერევა ერთმანეთში - ჩვენ ოპოზიციონერ ამომრჩეველს ოპოზიციურ ველზეც უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც ისაუბრა მიზეზებზე, რატომ არ მიიღო „ლელომ“ ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსის გადაწყვეტილება.
როგორც მან განაცხადა, „ლელო“ პარტიების ალიანსთან გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა „ლელო“ საარჩევნო სუბიექტად თავს დამოუკიდებლად ხედავს.
“17 თებერვალი არის თარიღი, როდესაც „ლელომ“ პოლიტსაბჭოზე მიიღო გადაწყვეტილება იმ მითქმა-მოთქმის დასასრულებლად, თუ რას აპირებს „ლელო“, როგორი ფორმით აპირებს მზადებას მომავალი არჩევნებისთვის. ეს იქნება ახალი არჩევნები, ანუ რიგგარეშე, თუ მორიგი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ლელო“ დამოუკიდებლად აგრძელებს მზაობას თვითგანვითარებისა და გაძლიერებისთვის. „ლელო“ დამოუკიდებლად ხედავს საარჩევნო სუბიექტს მე-9 ნომრით მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და ბუნებრივია, ჩვენთვის მისაღები იქნება პარტნიორებით გაძლიერება როგორც ინდივიდებით, ასევე ორგანიზაციებით თუ ასეთი მსურველები იქნებიან, რისი გამოხატულებაც იყო 2024 წელს კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ 17 თებერვალს. ახლა რაც შეეხება რატომ გავაკეთეთ. გავაკეთეთ იმიტომ, რომ საკმაოდ ცუდი გამოცდილებაა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა, სადაც დაახლოებით 2 თვის დაგვიანებით მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ არჩევნების გატარება არ იქნებოდა სწორი და არ იქნება სწორი, რომ რაიმე ველი დაუთმო, ბრძოლისგან გაუთავისუფლო „ქართულ ოცნებას“, მას უნდა ებრძოლო ყველა ველზე. ეს ორი თვე დასჭირდა სწორედ იმას, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გვქონდა საუბარი, რომ იქნებ შევთანხმდეთ, იქნებ დიდ ქალაქებში მივიღოთ ეს ბრძოლა, სადაც ყველა გამოკითხვითა და კვლევით ოპოზიცია იმარჯვებდა, იქნებ თბილისი იყოს ეს წერტილი და ა.შ. ჩვენ ამაში დავკარგეთ ძვირფასი დრო, დრომ დაგვარტყა, რისი შედეგიც ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მასშტაბით 90% მუნიციპალიტეტებში „ლელოს“ ჰყავს წარმომადგენლობა, შეგვეძლო უკეთესი შედეგი მიგვეღო, მაგრამ ამ ლოდინმა და პროცესის გაწელვამ სერიოზულად დაგვაზიანა.
რაც შეეხება ერთობას, ვიცოდით რა, რომ გარკვეული ერთობა მზადდებოდა, ის რაც 2 მარტს გახმოვანდა, ბუნებრივია, დაისმებოდა კითხვები „ლელოს“ მიმართ. დღევანდელი ხელისუფლება რომ დაამარცხო, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართო იქით, რომ ოპოზიციურ ველზე უდანაკარგოდ მოახდინო ოპოზიციური ველის ამომრჩევლის კონსოლიდაცია. ოპოზიციური ველი საკმაოდ კონტრასტულია, არაა ერთგვაროვანი. ჩვენი ლოგიკა არის ასეთი, რომ თემატურ საკითხებს რაც შეეხება, ეს იქნება პროტესტის გაძლიერება, საგარეო პოლიტიკური ველი, პატიმრების დახსნა, კანონმდებლობის ცვლილება და ა.შ. ჩვენ ამ ნაწილში ვართ თანამოაზრეები, ვართ ჩართულები. რაც შეეხება არჩევნებს და საარჩევნო სუბიექტად ქცევის მომენტს, აქ როგორც მინიმუმ კოდექსი უნდა იცოდე, სადაც წერია, რომ არ შეიძლება ბლოკი და როგორც მინიმუმ, უნდა ჩამოყალიბდე ერთ პარტიად და ეს ერთი პარტია თუ არ არის ბუნებრივი და ორგანულად ჩამოყალიბებული, მაშინ ეს საზოგადოებაში იწვევს დიდ გაუგებრობას, მიუღებლობას. არჩევნებზე თუ ერთ სუბიექტად არ გადიხარ, სხვა რამის საშუალებას კანონმდებლობა არ გაძლევს და თუ ესენი არჩევნების წინ დაშლას აპირებენ, მაშინ ვიტყვი, რომ არასწორი ნაბიჯი გადაუდგამთ,“ - განაცხადა კაციტაძემ.
მისივე თქმით, ბუნებრივი ერთობა კარგია ამომრჩევლისთვის, ეკლექტური ერთობა აბნევს ამომრჩეველს.
„ეს არის ბუნებრივი ერთობა, ეს არის ორგანული გაერთიანება და ეს არის კარგი. „ლელოს“ მიაჩნია, რომ ხელოვნურობა, ეკლექტურობა, მოგონილი ერთობები, შეკოწიწებული, შეთითხნილი ერთობები არ არის გრძელვადიანი პროექტები, რაც აზიანებს შემდეგ პროცესს. აქედან გამომდინარე, სადაც არ არის ორგანული, ბუნებრივი ერთობა, ეს არის საფრთხის შემქმნელი. ყველაზე დიდი საფრთხე ამ თვალსაზრისით არის ის, რომ როცა ამას მერე ამომრჩეველი ხედავს და მით უმეტეს, როცა ასეთი ერთობები ვერ მიდის ერთიან საარჩევნო სუბიექტამდე, პირდაპირ იწყება გულაცრუება, ფრუსტრაცია ამომრჩეველში და იწყება გულგატეხილობა, რაც უკვე კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას კი არ აზარალებს, აზარალებს მთლიან ოპოზიციურ ველს და ზოგადად, პოლიტიკურ პროცესს.
დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მოცემულ პოლიტიკურ სიტუაციაში, ერთი რამ ვიცი და ვარ დარწმუნებული, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გარეშე, საქართველოში ალტერნატივა ვერ შეიქმნება. გამორიცხულია, რომ ალტერნატივა შეიქმნას. ეს რომ იცოდე, აი-იას დონეზე უნდა იცოდე პოლიტიკა და 50-მდე უნდა იცოდე დათვლა, 100-მდეც არაა საჭირო დათვლა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ ჩვენი მყარი წვლილი შევიტანოთ ამ კრიტიკული მასის შექმნაში, ამ ალტერნატივის შექმნაში და ბუნებრივია გვინდა, რომ ჩვენი ის ერთობა, რომელიც შემდეგ საარჩევნო სუბიექტად ჩამოყალიბდება იყოს ორგანული და სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ სუბიექტებთან ერთად ჰქონდეს მჭიდრო, თემატური კავშირები როგორც წინა პერიოდში, ასევე წინა საარჩევნო და პოსტ საარჩევნო პერიოდში. თუ ამას ვინმე დაინახავს და გაიგებს სწორად, ძალიან კარგი, მაგრამ თუ ვინმეს სურს, რომ თითის ქნევითა და ფეხების ბაკუნით დაიწყოს, რომ ჩვენ ვართ და თქვენ არავინ გცნობთო, არ გამოგივათ, ძვირფასებო, ეს ყველაფერი! არავის ვემუქრები, ეს არის კეთილგანწყობილი პარტნიორული დამოკიდებულება. რა ვქნათ, წყალი და ზეთი არ ერევა ერთმანეთში“, - განაცხადა კაციტაძემ.
მისივე თქმით, როცა ერთ ტაფაში, ერთ ქვაბსა თუ ერთ საარჩევნო სუბიექტში შედის მთელი ოპოზიცია, იქ შეიძლება ამომრჩეველმა ვიღაც კონკრეტულის გამო საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება ამ გაერთიანებას, იმდენად მიუღებელი იყოს მისთვის ის კონკრეტული პოლიტიკური პარტია თუ პიროვნება.
„დღეს ოპოზიციას მკაფიო უპირატესობის მოპოვება ხელისუფლებაზე, რომ აპრიორი თქვას, 20-30%-ით მეტს ავიღებ კრებსითად, ვიდრე ხელისუფლება და ხელისუფლება ვერ ასცდება 20%-ს, არ არის რელევანტური და სწორი. იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ალტერნატივა შექმნა, საჭიროა ველზე ოპოზიციური ამომრჩევლის სრული კონსოლიდაცია მოახდინო და უდანაკარგოდ იმუშაო ამ ამომრჩეველზე. ოპოზიციურ ველზე არ არის ერთგვაროვანი ამომრჩეველი. როცა ერთ ტაფაში, ერთ ქვაბსა თუ ერთ საარჩევნო სუბიექტში შედის მთელი ოპოზიცია, იქ შეიძლება ამომრჩეველმა ვიღაც კონკრეტულის გამო საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება ამ გაერთიანებას, იმდენად მიუღებელი იყოს მისთვის ის კონკრეტული პოლიტიკური პარტია თუ პიროვნება. აქედან გამომდინარე, მთელი ხიბლი არის თავისუფალ არჩევანში. ჩვენ ოპოზიციონერ ამომრჩეველს ოპოზიციურ ველზეც უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება. ოღონდ არა ისეთი 10 და 15 იყოს და 5%-იანი ბარიერის გადალახვის საფრთხე გაჩნდეს, არა! არ მოგწონს ეს? -აგერ არის მეორე, მესამე. თუ ის ამომრჩეველი ბოლოს და ბოლოს ვერ ყალიბდება სამთა შორის და ამბობს, რომ თქვენ თუ სამივე ერთად იქნებოდით, მაშინ მოგცემდით ხმასო, პირდაპირ გეუბნებით, რომ იტყუება, შეფარული „ქოცია“ და ეძებს არგუმენტს როგორ გაძვრეს ამ სიტუაციიდან. ამიტომ რომ არ დავკარგოთ ოპოზიციური ამომრჩეველი, რომ იყოს მათ შორის არჩევანის გაკეთების საშუალება და ამ ოპოზიციურ სუბიექტებს შორის არსებობდეს როგორც წინა საარჩევნოდ, ასევე პოსტ საარჩევნო ერთობის მოცემულობა, ამას სჭირდება თემატური თანამშრომლობები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვართ მზად და ყოველთვის ვიყავით მზად“, - განაცხადა კაციტაძემ.
გარდა ამისა, მან „ოპოზიციური ერთობის“ მიერ ვაშინგტონში ვიზიტის დაგეგმვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. კაციტაძის შეფასებით, თუკი ვიზიტი შედეგიანი იქნება, „ეს „ლელოს“ მხოლოდ გაუხარდება“.
„თუკი ვაშინგტონში ეს ვიზიტი შედგა და მათ მიერ ეს დანახული იქნა, როგორც ანგარიშგასაწევი ძალა, „ლელოს“ მხოლოდ გაუხარდება ეს სიტუაცია. ჩვენც ანალოგიურად გვაქვს აქტივობები საგარეო ველზე დაგეგმილი. ჩვენც ჩვენი კონკრეტული მცდელობები გვექნება ამ კუთხით. „ლელოს“ მხოლოდ გაუხარდება პოტენციური პარტნიორების გაძლიერება საგარეო პოლიტიკურ ველზე“, - განაცხადა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს ხელს აწერენ - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“. ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას. შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის „ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“.