ვხედავთ, თუ ადამიანს გააბრუებ, სადმე ტანკებით შესვლა სულ არ არის საჭირო, რადგან უცხოს გასაკეთებელს ეს ადამიანები გააკეთებენ - ამის მიმართ საუკეთესო ფარი სიმართლეა და ამიტომაც არის გაცხოველებული თავდასხმები “იმედზე“, “პოსტვ“-ზე და ყველა სხვაზე, ვინც სიმართლეს ემსახურება! - ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს მშვიდობა ვინმემ სხვის ომში დაახურდაოს! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მახაშვილმა გააკეთა.
მახაშვილი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რეგიონში რთული დრო დადგა, რაც გამოწვეული იმით, რომ ერთმანეთს დიდი, გლობალური ძალები უპირისპირდებიან და რეგიონული კონფლიქტების გაფართოება ამით არის ნაკარნახევი.
“სამწუხაროდ, დიპლომატია იარაღმა ჩაანაცვლა. ერთი არასწორი, გაუთვლელი ნაბიჯი შეიძლება ჩვენს სახელმწიფოს ძალიან მძიმედ დაუჯდეს. სწორედ ასეთ დროს საქართველოს სჭირდება არა ემოციებზე აყოლა, პოლიტიკური მატრაკვეცობა და ომობანას თამაშისკენ მოწოდებები, რასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან, არამედ ცივი გონებით, პრაგმატულად და ეროვნული ინტერესების დაცვით მოქმედება.
საქართველოს გარშემო განვითარებული თითოეული ტრაგედია გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია მშვიდობა. ჩვენი უპირველესი ვალდებულება ისაა, რომ ასეთი მსხვერპლი მოსახლეობას ავარიდოთ. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, გახსოვთ, როგორ აგრესიულად და უპასუხისმგებლოდ მოითხოვდნენ, რომ საქართველო ამ უმძიმესს ავანტიურაში შესულიყო. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დღეს იგივე ადამიანები იგივე მოწოდებებს აკეთებენ, რომ თურმე საქართველო ისტორიის სწორ მხარეს უნდა დადგეს.
ამ ცხელმა თავებმა უნდა გაიაზრონ, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესი და დაკვეთა არის გონივრული, პასუხისმგებლობიანი მშვიდობის პოლიტიკა. დღეს ერთადერთი ძალა, ვინც მოსახლეობის ამ ინტერესს იცავს, არის “ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
მშვიდობა არ არის სისუსტე, მშვიდობა არის პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ, შიდა თუ გარე ზეწოლის მიუხედავად“, - განაცხადა მახაშვილმა.