ირაკლი ქადაგიშვილი - ეს გაერთიანება ეფემერულია - „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ დაშლა-შეერთებით საქართველოსთვის სასარგებლო მელოდია არანაირად არ გამოუვა

ეს გაერთიანება ეფემერულია - „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ დაშლა-შეერთებით საქართველოსთვის სასარგებლო მელოდია არანაირად არ გამოუვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გაერთიანება არანაირი შედეგის მომტანი არაა.

„ეს გაერთიანებაც ეფემერულია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის არც ერთი პარტია, არც ერთი პარტიული სია. რაღაცა ახალი პროექტი ჩაუშვეს და ახლა ვალდებულები არიან, ამ ახალი პროექტის გარშემო, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები გაერთიანდეს. შედეგი ამ შემთხვევაში, რაიმე რეალურად, ახლის მომტანი არ არის. თუ ჩვენ გავიხსენებთ კრილოვის იგავს, ეს არის როდესაც „მუსიკოსები გადალაგდებიან ხოლმე, ხან ისე, ხან ასე, მაგრამ მათ მუსიკა მაინც არ გამოსდით“. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ დაშლა-შეერთებით საქართველოსთვის სასარგებლო მელოდია არანაირად არ გამოუვა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს ხელს აწერენ - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“. ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას. შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის „ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს