თენგო თევზაძე - უახლოეს დღეებში ნახავთ ფართომასშტაბიან შეხვედრებს, უნდა იყოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროტესტი - „ოცნება“ მაგიდის მეორე მხარეს აუცილებლად დაჯდება, თუმცა პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე არ ვაპირებთ რეჟიმთან რაიმე დიალოგზე წასვლას

უახლოეს დღეებში ნახავთ ფართომასშტაბიან შეხვედრებს - პროცესი არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური, უნდა იყოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროტესტი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ „ოპოზიციის ალიანსის“ სამოქმედო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თევზაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" აღნიშნა, „ოპოზიციის ალიანსს“ აქვს მიზანი, ჩამოყალიბდეს „მოქმედი რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივად“.

მისი განმარტებით, ამის მიღწევა შესაძლებელია საზოგადოების მაღალი მხარდაჭერით, მათ შორის ქუჩის პროტესტისა და იმ მოქალაქეების აქტიური ჩართულობით, რომლებიც აქამდე პროცესში არ მონაწილეობდნენ.

„ოპოზიციის ალიანსს“ აქვს ალტერნატივა, რომ იყოს რეჟიმის დემოკრატიული ალტერნატივა. როგორ უნდა მიიღწეს დემოკრატიული ალტერნატივის ხელისუფლებად ჩამოყალიბება? - ეს უნდა მიიღწეს საზოგადოების მაღალი მხარდაჭერით, მათ შორის, ქუჩაში პროტესტით. ასევე, საზოგადოების იმ ნაწილის პროტესტში ჩართვით, რომელიც ამ დრომდე არ ჩართულა. ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს გეგმა და უახლოეს დღეებში ნახავთ ფართომასშტაბიან შეხვედრებს. რამდენიმე დღეში ნახავთ ასეულობით და უფრო მეტ ადამიანთან შეხვედრას, რომლებიც ამ პროცესში უნდა ჩაერთონ. ეს პროცესი არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური. უნდა იყოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროტესტი და უნდა ვიცოდეთ, რომ არჩევანი არის სინათლესა და სიბნელეს შორის“, - განაცხადა თევზაძემ.

თევზაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის სამოქმედო გეგმის ძირითადი ნაწილი უკვე შეთანხმებულია და არსებული სტრატეგია ეტაპობრივად შესრულდება.

თევზაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების მაგიდის მეორე მხარეს იჯდეს, თუმცა ოპოზიცია არ აპირებს დათმოს არც პოლიტპატიმრების საკითხი და არც სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა.

„სამოქმედო გეგმის ძირითადი ნაწილი, თითქმის შეთანხმებულია. ჩვენი გეგმა და სტრატეგია, რაც გვაქვს შესრულდება“,- განაცხადა მან.

ასევე, ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს ოპოზიციასთან საუბარი.

„პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ რეჟიმთან რამე სახის დიალოგზე წასვლას. რა თქმა უნდა, ბევრი იქნება სასაუბრო, მიუხედავად იმისა, ვაღიარებთ თუ არა „ქართულ ოცნებას“. ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ მაგიდის მეორე მხარეს აუცილებლად იჯდება, ეს მოსალოდნელიც არის. ჩვენ ვიცით, რომ არ დავთმობთ პოლიტპატიმრებს და სამართლიან არჩევნებს“,- განაცხადა თევზაძემ.

თენგო თევზაძემ „ოპოზიციის ალიანსში“ "ლელო-ძლიერი საქართველოს" არგაერთიანების საკითხზეც ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ თუ „ლელოს“ რომელიმე წარმომადგენელი უკეთეს სამოქმედო გზას წარმოაჩენს, „ოპოზიციის ალიანსი“ მზად იქნება თანამშრომლობისთვის და იმ სივრცეში დადგება, სადაც საჭირო იქნება.

„ვიცნობ „ლელოს“ ამომრჩეველს, ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მკაცრად და კრიტიკულად განწყობილი ადამიანები, ვიცნობ „ლელოს“ ლიდერებს, განსაკუთრებით, „ლელოს“ ახალია თაობის პოლიტიკოსებს და ვიცი მათი განწყობები რეჟიმის წინააღმდეგ. მჯერა, რომ ამ ადამიანებთან ერთად გველოდება მნიშვნელოვანი გამოწვევები და ბრძოლები. თუ უკეთეს საქმეს დაგვანახებს „ლელოს“ რომელიმე წარმომადგენელი, „ოპოზიციის ალიანსი“ მზად ვიქნებით და იქ ვიქნებით, სადაც საჭიროა. ახლა ეროვნულმა დემოკრატიულმა პარტიებმა გადავწყვიტეთ, რომ ერთიანი ფრონტით რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის აუცილებელი. ეს არის ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის მოთხოვნა და ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი იმ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაშიც ვიმყოფებით“,- განაცხადა თევზაძემ.

მისივე თქმით, „ოპოზიციის ალიანსის“ კარი ყველა პოლიტიკური ძალისთვის ღიაა და საბოლოოდ, მისი რწმენით, „რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა“ საერთო ძალებით მოუწევთ.

„თვითონ გააკეთონ რამე. თუ დასჭირდებათ დახმარება და მხარდაჭერა, დავუჭერთ მხარს. თუ არ დასჭირდებათ და მათი პოლიტიკური წონა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი მარტომ დაამარცხონ, ისინი იქნებიან ხელისუფლება, ჩვენ - ეროვნულ დემოკრატიული ძალები და საქართველოს მოსახლეობის 70%-ი ვიქნებით ოპოზიცია.

[ოპოზიციის ალიანსის კრიტიკოსებმა] რა გააკეთეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასუსტებლად? ოპოზიციის დასასუსტებლად ბევრს, რომ შრომობენ, ეს გავიგეთ. მისასალმებელია, მაგრამ მაგაში წარმატებას ვერ ვუსურვებ. ალიანსის კარი ყველასთვის ღიაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად მოგვიწევს ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა თევზაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს