თბილისში, გარდაბანში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში, 9-16 მარტს, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული გაიმართება. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კვირეული 9 მარტს თბილისში, სასტუმრო „პულმანში“ გაიხსნება და გახსნით ღონისძიებას 200-ამდე სტუმარი დაესწრება, მათ შორის - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის ექსპერტები.
„მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის განმახორციელებელი უწყებები არიან: კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საქართველოს კომუნიკაციების კომისია, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო.
მასშტაბური ღონისძიების მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. კვირეულის ჩატარება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება.
10 მარტს კვირეულს - გარდაბანი, 11 მარტს - გორი, 15 მარტს - ბათუმი, ხოლო 16 მარტს (კვირეულის დახურვა) - წყალტუბო უმასპინძლებს.
მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. 2023–2025 წლებში, კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა 2000-მდე დაინტერესებულმა პირმა მიიღო. შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალქალაქში, გურჯაანსა და ქუთაისში გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.