ლაშა ტუღუში - ოპოზიციამ ხალხთან ურთიერთობა უნდა შეცვალოს, ადამიანებს არა ვირტუალურად უნდა მიმართონ, არამედ ფიზიკურად უნდა შეხვდნენ, აშშ-სთან ურთიერთობებში კი გარღვევა ვერ იქნება, თუ არ იქნა გარღვევა შიდა პოლიტიკაში

ოპოზიციამ საზოგადოებასთან ურთიერთობები კარდინალურად უნდა შეცვალოს, მუშაობა უნდა დაიწყონ - ადამიანებს არა ვირტუალურ სამყაროში, ტელევიზიებიდან და მიტინგებიდან უნდა მიმართონ, არამედ ფიზიკურად უნდა შეხვდნენ, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

რაც შეეხება 9 პარტიისგან შემდგარ „ოპოზიციურ ერთობას“, მისი თქმით, ალიანსს სჭირდება ფუნდამენტურ საკითხებზე ნათელი პოზიციის ჩამოყალიბება, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს არა მყიფე, არამედ სერიოზული ერთობაა, რომელსაც საერთო გეგმები აქვს.

როგორც ტუღუშმა აღნიშნა, აუცილებელია, საზოგადოებამ დაინახოს კონკრეტული საკითხები, რომლის ირგვლივაც 9 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა.

„მე ნებისმიერ გაერთიანებას და გაერთიანებისკენ სწრაფვას პოზიტიურად ვუყურებ. მსგავსი ტიპის პოლიტიკური ძალები უნდა ეძებდნენ საერთო პლატფორმებს. ეს პლატფორმები შეიძლება იყოს განსხვავებული. შეიძლება იყოს სიმეტრიული, კოალიციური სახე ჰქონდეს და შეიძლება იყოს ასიმეტრიული, როდესაც სხვადასხვა დონეებია, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებზე ისინი თანამშრომლობენ და ერთმანეთთან ურთიერთობაში ღია არიან. რამდენიმე პირობაა მნიშვნელოვანი. ერთი, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ შეცვალოს ერთმანეთთან დამოკიდებულება, ის მტრული რიტორიკა, იმიტომ, რომ ეს ანგრევდა მთელ ოპოზიციურ ფლანგს. ვხედავთ, რომ აქეთ გადადგეს ნაბიჯები და იმედია, ეს არ იქნება 1-2 დღიანი პროცესი და ეს ამ პოლიტიკის ხანგრძლივი პროცესი იქნება. მეორე - აუცილებელია, რომ საზოგადოებამ დაინახოს კონკრეტული საკითხები, რომლის ირგვლივაც გაერთიანდნენ. დღევანდელ რეალობაში მათ სჭირდებათ ფუნდამენტურ საკითხებზე ნათელი პოზიციის ჩამოყალიბება, კონკრეტული პოზიციის და გეგმის ფორმით ჩამოყალიბება იმისათვის, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს არ არის მყიფე ერთობა, ეს არის სერიოზული ერთობა, რომელსაც აქვს საერთო გეგმები. მესამე - საზოგადოებასთან ურთიერთობები კარდინალურად უნდა შეცვალონ, მუშაობა უნდა დაიწყონ ინდივიდუალურად, ფიზიკურად უნდა შეხვდნენ ადამიანებს. არა ვირტუალურ სამყაროში, ტელევიზიებიდან და მიტინგებიდან მიმართვებით, არამედ კონკრეტული სამუშაო შეხვედრები უნდა ჩაატარონ, რადგან საზოგადოებამ დაიჯეროს,“ - განაცხადა ტუღუშმა.

ის ასევე, აღნიშნავს, რომ ოპოზიციურმა ერთობამ „ლელოსა“ და გახარიას გუნდთან საერთო ენა აუცილებლად უნდა გამონახოს და საერთო პოზიცია გააძლიერონ.

ტუღუში იმედოვნებს, რომ ამ პროცესში, კოორდინირება იმ დონეზე იქნება, რომ ოპოზიციური ერთობა, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ საგარეო ფლანგზე ერთმანეთთან არ იბრძოლებენ და ერთმანეთის ჩაძირვას არ შეეცდებიან.

„ძალიან კარგია, როცა ერთიანდები, მაგრამ ისინი, ვინც არ არიან ამ ეტაპზე, ან სხვანაირად პოზიციონირებენ, მათთანაც აუცილებლად უნდა გამონახონ საერთო ენა და გააძლიერონ საერთო პოზიცია, თუნდაც შედეგზე ორიენტირებული. მე ველოდები, რომ იმ დონეზე იქნება ამ პროცესში კოორდინირება, მათ შორის, საგარეო ფლანგზე, რომ ურთიერთსაპირისპირო დინებებში არ აღმოჩნდებიან, ანუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ერთმანეთთან არ იბრძოლებენ და არ იქნება ეს სერიოზული ბრძოლა. ამას არ აღიქვამს დასავლეთი კარგად და ამით ვერც ერთი მხარე მოიგებს. უცხოელები ძალიან ცუდად აღიქვამენ, როდესაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მიდიან და ერთმანეთზე ცუდს ლაპარაკობენ. ეს არის მათთვის და ზოგადად, პროცესისთვის დამანგრეველი. მათი კოორდინაციის, ურთიერთობების ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ მათ საერთო მიმართულებით მოძრაობის საშუალება ჰქონდეთ. შეიძლება, საერთო გეგმები ჰქონდეთ. რაღაც საკითხებში თუ ვერ თანხმდებიან, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ისეთ დონეზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთი ჩაძირონ,“ - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ტუღუშმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ამ ურთიერთობებში გარღვევა ვერ იქნება, თუ არ იქნა გარღვევა შიდა პოლიტიკაში“.

„მე ვერ ვიტყოდი, რომ დიდი გარღვევა ხდება დღეს ამ ურთიერთობებში. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მინიმალური დონეები, რომელიც დღეს აშკარაა. ეს არ არის მაღალი დიპლომატია. ვერ ვხედავთ, მაგალითად, სახელმწიფო მინისტრის შეხვედრას, ვერ ვხედავთ ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც რეგიონში ჩამოვიდა და საქართველოს გვერდი აუარა. არაფერს ვამბობ საერთოდ ტრამპზე. ის დონეები, რომელიც დღეს გამოჩნდა - 1-2 კონგრესმენი, 1-2 სენატორი, შეიძლება მხოლოდ გარკვეულ სიგნალებად ჩაითვალოს. რა თქმა უნდა, ინფორმაციის, პოზიციების გაცვლის დონეზე, ინტერესების გამოკვეთის დონეზე, გარკვეული იმპულსები სახეზეა, მაგრამ არ არის საკმარისი. მე მგონია, რომ გარღვევა ვერ იქნება ამ ურთიერთობებში, თუ არ იქნა გარღვევა შიდა პოლიტიკაში. შიდა პოლიტიკა პირდაპირ არის დაკავშირებული საგარეო პოლიტიკასთან, განსაკუთრებით, აშშ-სთან. შეუძლებელია საქართველოში არსებული დემოკრატიული ნაბიჯების პირობებში რაიმე გარღვევის მოლოდინი გვქონდეს. აბსურდია, შეუძლებელია. [„ქართული ოცნება“] დრაკონული კანონებით საერთოდ უარყოფს დასავლეთს, ამ დამამცირებელი კანონებით დასავლეთს მტრულ გარემოდ მოიხსენიებს და ამ ვითარებაში, რაიმე ნორმალიზაციაზე, სტრატეგიული თანამშრომლობის დონეზე გადასვლაზე საუბარი ძალიან გულუბრყვილობაა,“ - განაცხადა ტუღუშმა.

გარდა აღნიშნული საკითხებისა, მან ისაუბრა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო და განაცხადა, რომ ეს არა სასამართლოს, არამედ პარტიული გადაწყვეტილებაა.

ტუღუშის განცხადებით, ეს არის სასამართლოს მეშვეობით პოლიტიკური გზავნილი, რომ საკითხი დახურეს და მზია ისჯება მისი პოლიტიკური პოზიციის გამო.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვუცხადებთ სოლიდარობას მზიას. ეს პროცესი არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ამ პოლიტიკური ძალის ისტორიაში. ამ გადაწყვეტილებით მათ უზენაესი სასამართლოს პირით გვითხრეს, რომ საკითხი არის დახურული, რომ ისინი არ აპირებენ ამ საკითხს დაუბრუნდნენ. ეს არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის პარტიული გადაწყვეტილება. ეს არის სასამართლოს მეშვეობით პოლიტიკური გზავნილი, რომ საკითხი დახურეს და მზია ისჯება მისი პოლიტიკური მოქმედებების და პოზიციის გამო. აქ არ არის არანაირი სივრცე იმისთვის, რომ გადასინჯონ საკუთარი გადაწყვეტილება. როდესაც მზია ამაღლობელის საქმეზე ვმსჯელობთ, სამართალზე და ჰუმანურობაზე ვერ ვისაუბრებთ. ეს არის მათი პოლიტიკური ისტორიის და მოქმედების შავი ლაქა. მათ წერტილი დასვეს,“ - აღნიშნა მან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება